ევროპის სუპერთასის ისტორია: ყველაფერი ჟურნალისტმა დაიწყო

ევროპის სუპერთასი უეფას ერთ-ერთი ოფიციალური საკლუბო ჯილდოა, რომელიც ჩემპიონთა და ევროპალიგის გამარჯვებულებს შორის თამაშდება.
1999 წლის ჩათვლით სუპერთასს ჩემპიონთა და თასების მფლობელთა თასის მფლობელები ეცილებოდნენ ერთმანეთს, თუმცა თასთა თასის გათამაშების გაუქმების შემდეგ, ამ ტურნირის გამარჯვებულის ადგილი ჯერ უეფას თასის მფლობელმა, შემდეგ კი ევროპალიგის ტრიუმფატორმა დაიკავა.

ევროპის სუპერთასის გათამაშების იდეა 1972 წელს ნიდერლანდური ჟურნალის დე ტელეგრაფის თანამშრომელს და მოგვიანებით გამომცემელს ანტონ ვიტკამპს დაებადა.

იმ წლებში ნიდერლანდური ფეხბურთი, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო, აღმავლობის გზაზე იდგა და ვიტკამპსაც სურდა ევროპის საფეხბურთო სამყაროსთვის ისეთი გათამაშება შეეთავაზებინა, რომელიც საკლუბო ფეხბურთს მეტ დიდებას შემატებდა.

მისი ჩანაფიქრით, სუპერთასისთვის ჩემპიონთა და თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებულებს უნდა ეთამაშათ.

მან იდეა თასების მაშინდელ მფლობელებს – ამსტერდამის აიაქსს და გლაზგოს რეინჯერსს გაუზიარა, იმავდროულად კი უეფასაც სთხოვა თანადგომა.

ვიტკამპის ჩანაფიქრით, თასის მფლობელი 2 შეხვედრაში გაირკვეოდა. ზუსტად ისე, როგორც უეფას თასის ფინალში – კლუბები მიმოსვლით, ერთმანეთის მოედნებზე ითამაშებდნენ.

თუ აიაქსი და გლაზგო რეინჯერსი ვიტკამპის წინადადებას დათანხმდნენ, უეფამ სუპერთასის ოფიციალური აღიარებისგან თავი შეიკავა. მიზეზი ის იყო, რომ შოტლანდიური კლუბი გულშემატკივართა უსაქციელობის გამო უეფას მიერ ერთი წლით იყო დისკვალიფიცირებული.

მიუხედავად კონტინენტური ფეხბურთის მმართველი სახლის უარისა, 1972 წელს ევროპის სუპერთასი მაინც გათამაშდა: აიაქსმა გლაზგო რეინჯერსს ორი მატჩის ჯამში 6:3 სძლია. ორივე თამაში დე ტელეგრაფის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

1973 წლიდან სუპერთასი უკვე უეფას ეგიდით ტარდება და მისი ოფიციალური სახელწოდებაც უეფას სუპერთასია.

1998 წლამდე ევროპის სუპერთასის მფლობელი ორი შეხვედრის ჯამში ვლინდებოდა, თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისი: 1974, 1981 და 1985 წლებში თასი საერთოდ არ გათამაშდა, ხოლო 1984, 1986 და 1991 წლებში გამარჯვებული მხოლოდ ერთ მატჩში გამოვლინდა.

1974 წელს ჩემპიონთა თასი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელმა ბაიერნმა მოიგო, ხოლო თასების მფლობელთა თასი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მაგდებურგმა. მეტოქეებმა თამაში პოლიტიკური მოსაზრების გამო იუარეს.

1981 წელს ჩემპიონთა და თასების მფლობელთა თასის მფლობელები – ინგლისის ლივერპული და თბილისის დინამო – გადატვირთული კალენდრის გამო მატჩის თარიღზე ვერ შეთანხმდნენ.

1985 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელი ტურინის იუვენტუსი მხოლოდ იმიტომ ვერ გაეჯიბრა თასების თასის გამარჯვებულ ლივერპულის ევერტონს, რომ ეს უკანასკნელი (ისევე, როგორც სხვა ინგლისური კლუბები) უეფამ საკლუბო ტურნირებიდან 5 წლით მოკვეთა. მიზეზი – იმავე წლის გაზაფხულზე მომხდარი ეიზელის ტრაგედია, რაშიც ყველამ ლივერპულის ფანები დაადანაშაულა.

1984 წელს ერთადერთი შეხვედრა მხოლოდ ტურინში გაიმართა, სადაც თასების მფლობელთა თასის მფლობელმა იუვენტუსმა ჩემპიონთა თასის გამარჯვებული ლივერპული 2:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩის თარიღი ინგლისურმა კლუბმა ვერ გამოძებნა.

1986 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელი რუმინეთის სტიაუა და თასების თასის გამარჯვებული კიევის დინამო მონაკოში გაეჯიბრნენ ერთმანეთს. ნეიტრალური მოედანი პოლიტიკური მოსაზრებების გამო შეირჩა.

1991 წელს ასევე ერთი მატჩი გაიმართა: თასების თასის მფლობელმა მანჩესტერ იუნაიტედმა ჩემპიონთა თასის გათამაშების გამარჯვებული ბელგრადის ცრვენა ზვეზდა 1:0 დაამარცხა. იუგოსლავიაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო, საპასუხო მატჩი არ შედგა.

1998 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სუპერთასის მატჩებს მონაკოს სტადიონი ლუი II მასპინძლობდა.

1998 და 1999 წლებში ჩემპიონთა და თასების მფლობელთა თასის მფლობელებმა გაითამაშეს ჯილდო, ხოლო 2000 წლიდან ევროპის სუპერთასზე უეფას თასის/ევროპალიგის გამარჯვებულები გამოჩნდნენ.

2013 წლიდან სუპერთასმა „დიდი მოგზაურობა“ დაიწყო: უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის ინიციატივით, სუპერფინალი სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

2013 წელს ჩემპიონთა და ევროპალიგის გამარჯვებულებმა ჩეხეთში, პრაღაში ითამაშეს, ერთი წლის შემდეგ უელსის დედაქალაქ კარდიფში, 2015 წელს კი ევროპის სუპერთასს თბილისმა უმასპინძლა.

2015 წლის 11 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ბარსელონამ 5:4 დაამარცხა ევროპალიგის მომგები სევილია.

ულამაზესმა მატჩმა ბევრი რეკორდი დაიტია, დეკემბერში კი უეფამ თბილისის სუპერთასი 2015 წლის საუკეთესო თამაშად აღიარა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian