ევროპული ჭადრაკი 4 წლით კვლავ ზურაბ აზმაიფარაშვილს ენდო
ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად დღეს მეორე ვადით აირჩიეს ზურაბ აზმაიფარაშვილი.
ბათუმის სასტუმრო ჰილტონში გამართულ არჩევნებში ქართველ მაღალჩინოსანს 50 დელეგატიდან 44-მა დაუჭირა მხარი.
აზმაიფარაშვილი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მოღვაწეობს, დღეს გამართულ არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი გახლდათ. ის ახალ გუნდთან ერთად 2022 წლის ჩათვლით უხელმძღვანელებს ევროპის საჭადრაკო კავშირს.
ქართველი მაღალჩინოსნის გუნდში გენერალური მდივანი თოდოროს ჯორბაზოღლუ იქნება, I ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას გუნარ ბიორნსონი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი დანა რეზნიცე-ოზოლა და იოჰან პოკშტაინერი იქნებიან.
„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. განვლილი 4 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვე თქვენი ნდობა.
ჩემ გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და სწორედ აქედან მომდინარეობს ჩემი გუნდის სლოგანიც: გასაკეთებელი კიდევ ბევრია! თქვენ იცნობთ საარჩევნო პროგრამას და დაგეგმილ პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი.
დარწმუნებული ვარ მომდევნო 4 წელი უკეთესი იქნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემ გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია.
მომდევნო 4 წელიწადში ჩვენ ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ“! – განაცხადა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.
ლაშა გოდუაძე, ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი (www.batumi2018.fide.com/ge; 2018 წლის 3 ოქტომბერი)
ფოტო: ბათუმი 2018-ის პრესცენტრი