ევროსპორტი მინსკში (I ნაწილი)

უცხოეთში, სადაც უნდა ვიყო, იქაურობას თბილისს ან საქართველოს შესაბამის ქალაქს ვადარებ.

2019 წლის ივნისში, ევროპის II თამაშების გასაშუქებლად მინსკში ჩასულიც ამით ვერთობოდი ხოლმე: მეტროთი თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, გნებავთ ფეხით ხეტიალის დროს, ბელარუსის მთავარ ქალაქს თბილისს „ვაჯიბრებდი“.

და რა შემიძლია ვთქვა მინსკზე?

ის, რომ მინსკი კარგი ქალაქია.

კი, აშკარად იგრძნობა ახლო წარსულში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი რომ იყო, სხვა თუ არაფერი, შენობების უმრავლესობა 50-60იანი წლებისაა – მყარად ნაგები, მაღალჭერიანი, ცენტრალურ მოედანზე კი კვლავ დგას ვლადიმერ ილიას ძის ძეგლი. ქუჩების სახელწოდებებშიც შეგხვდებათ კომუნიზმის მთავარი იდეოლოგები, მაგრამ ეს მათი საქმე და სადარდებელია. ივნისის ბოლო დღეებში მე სხვა კუთხით ვაფასებდი მინსკს და შევეცდები ნანახი და განცდილი გადმოგცეთ, მეტწილად სპორტული კუთხით დანახული.

რა მომეწონა მინსკში და ფართო ქუჩები, უამრავი მწვანე პარკი და სკვერი, ტბა ქალაქის ცენტრში, თითქმის ყველა რაიონში წამოჭიმული მშვენიერი სპორტული დარბაზი, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები რომ არსად მხვდებოდა და, ცოდვა გამხელილი სჯობს – ღიმილიანი და ქერა ბელარუსი გოგონები. კიდევ შეიძლებოდა რაღაცების ჩამოთვლა, მაგრამ ესენი სხვა დროს იყოს, მეორე საქმიანი ვიზიტისთვის მოვიტოვებ.

ყველაზე ძალიან კი რაღაცნაირმა სიმსუბუქემ მომხიბლა, რასაც მთელი თამაშების განმავლობაში ვგრძნობდი. ამას მერე, მინსკის აეროპორტში თბილისისკენ მიმავალი მივხვდი, განვლილ დღეებზე რომ ვფიქრობდი.

რას ვგულისხმობ? იმას, რომ ხელისუფლების პოლიტიკური კურსის და არცთუ მაღალი საშუალო ხელფასის მიუხედავად, მინსკელები ცხოვრებით ტკბებიან: ბებია-ბაბუები პარკებში შვილიშვილებთან ერთად სეირნობენ; სკვერებში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენებზე ადგილობრივი შემსრულებლების კომპოზიციებს დიდი სიამოვნებით უსმენენ; ჩემდა გასაკვირად გემრიელ ლუდს აგემოვნებენ და… არც რუბლის გამო ღელავენ. მასპინძელთა თქმით ბელარუსული ვალუტა ბოლოს 3 წლის წინ გაუფასურდა, ჩვენი ლარივით არა – მცირედით, და მას შემდეგ კურსი უცვლელია – ერთი ამერიკული დოლარი ორი ბელარუსული რუბლი და 20 კაპიკია…

მინსკელები მშვიდად არიან და ახლა რომ ვფიქრობ, ყველაზე ძალიან ამით მოვიხიბლე. ადამიანურ სიმშვიდეს ვგულისხმობ, ხვალინდელი დღე რომ არ გაშინებს. რამდენად ჩაითვლება ეს მინსკის პლუსად არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ბელარუსის დედაქალაქი ამით ნაღდად სჯობს მუდმივად ადუღებულ თბილისს…

სპორტს დავუბრუნდები: საბჭოთა პერიოდში, ოლიმპიადებსა თუ მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე ბელარუსები რუსების და უკრაინელების შემდეგ ყველაზე წარმატებულნი იყვნენ. ახლანდელ შედეგებს თუ გადახედავთ, დაინახავთ, რომ სიტუაცია არ შეცვლილა: სპორტი ბელარუსების ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. სხვათა შორის, ისინი ზამთრის სახეობებშიც ძლიერები არიან…

ზემოთ მინსკის ყველა უბანში წამოჭიმული სპორტული არენა ვახსენე. არ ვაჭარბებ, მართლა ასეა: ორმილიონიანი ქალაქის თითქმის ყველა რაიონში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზია. უბრალო გამაჯანსაღებელ ცენტრებზე, დიდ საცურაო აუზს და სავარჯიშო დარბაზებს რომ მოიცავს, არაფერს ვამბობ.

მინსკი ამით ბევრად სჯობს თბილისს.

ბელარუსის არ იყოს, საქართველომაც გამოსცადა საბჭოთა ხელისუფლება, თუმცა თბილისისგან განსხვავებით მინსკში საფეხბურთო მოედნებზე მახინჯი კორპუსები არ ჩაუდგამთ და არც ველოტრეკი უქცევიათ სასაფლაოდ. ეს ისე, მაგალითისთვის.

კიდევ იცით რაზე დამწყდა გული? სპორტული არენების გარშემო დიდი სივრცეა: ბაღები, ველობილიკები, ტბებიც… მათი შემხედვარე ჩვენი მრავლისმნახველი და არქიტექტურულად ნაღდად გამორჩეული სპორტის სასახლე გამახსენდა გარშემო წამოჭიმული ბეტონის ურჩხულებით. სპორტი ჯუნგლებში, მოკლედ რომ ვთქვა. მინსკის ხელისუფალთ თბილისის მესვეურებისთვის რომ „მიებაძათ“, შესაძლოა ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველ ალექსანდრ ლუკაშენკოს ისინი ციმბირის გზას გაეყენებინა…

ევროპის II თამაშების დაწყებამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს ბელარუსმა კოლეგამ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლა, ქართული ფეხბურთის ორ ვარსკვლავს – ალექსანდრე ჩივაძეს და ვლადიმერ გუცაევს კი ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში დიდი მიღება მოუწყვეს.

ორივე ღონისძიებას დავესწარი და ყოველგვარი მორიდების გარეშე უნდა ვთქვა: შემშურდა ბელარუსების. და ეს არ იყო არც თეთრი და არც ვარდისფერი ან სხვა ფერის შური.

ეს იყო ძალიან შავი შური და აგიხსნით: იმიტომ შემშურდა, რომ მათი ოლიმპიური კომიტეტი ერთგვარი სპორტული ცენტრია, რომელიც მთავარი შენობის გარდა (იქ ოფისებია) სპორტულ მოედნებს, მცირე ოლიმპიურ სტადიონს, საცურაო აუზს და დიდ სატრენაჟორო დარბაზს აერთიანებს.

ბელარუსის ფეხბურთის ფედერაცია კი 3კორპუსიანი და 5მინდვრიანი კომპლექსია: ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდები 6სართულიან სასტუმროში ჩერდებიან, სადაც უმაღლეს დონეზე მოსამზადებლად ყველა პირობაა შექმნილი; იქვე ცალკე დგას საფეხბურთო კლუბ მინსკის ოფისი და ბელარუსის ფეხბურთის სახლი, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი, სხვა ხელმძღვანელები და თანამშრომლები საქმიანობენ. ფეხბურთის სახლი მუზეუმს და დიდ საკონფერენციო დარბაზსაც აერთიანებს, სადაც შედგა კიდეც გოგი თორაძის მიერ გადაღებული ფილმის – ალექსანდრე ჩივაძე-ფეხბურთის პროფესორი – ჩვენება.

ამბობენ, რომ ტურისტისთვის ყველა ქვეყანა დავარცხნილი და კოხტაა. ზუსტი ნათქვამია, მაგრამ ისე არ მინდა გამიგოთ, თითქოს მინსკია რაცაა და თბილისი მასთან შედარებით არაფერია.

რა თქმა უნდა ასე არაა, საქართველოს დედაქალაქი ბევრი რამით სჯობს მინსკს და ბარე ორ სხვასაც, მაგრამ რაც მართალია – მართალია: მინსკი გაცილებით სპორტული ქალაქია, ვიდრე თბილისი.

ევროპის II თამაშების ეგიდით გამართულ შეჯიბრებს 11მა არენამ უმასპინძლა. ცხადია, ქალაქის ქუჩებში მოწყობილ ველოტრასას არ ვთვლი. ჩვენი სპორტსმენების გამო 11დან მხოლოდ რამდენიმე მათგანი მოვინახულე, თუმცა მათზე ბელარუსული ჩანაწერების მეორე ნაწილში მოგიყვებით, ახლა კი 48 ფოტოს შემოგთავაზებთ და ვეცდები მეტ-ნაკლები წარმოდგენა შეგიქმნათ მინსკზე.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მინსკი, ბელარუსი; 2019 წლის 1 ივლისი

ka_GEGeorgian