ევროტური: ბრიუგეს ლუდის მუზეუმი

ერთ-ერთი პირველი, რაც ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ მამაკაცს ბელგიის ხსენებაზე გაახსენდება, ეს ლუდია. კარგი ლუდი ხომ ფრიად სასიამოვნოა, მაგრამ ბელგიური განსაკუთრებით არომატული და გემრიელია და გულს და სულს მალამოდ ეფინება.
ამიტომაცაა ის აგრერიგად პოპულარული მეგობრებსა თუ კოლეგებში. მე, ვაღიარებ, ლუდის სიყვარულში ბევრს ჩამოვრჩები, უფრო ბელგიურ შოკოლადს ვეტრფი, მაგრამ ჩემი ფავორიტი ლუდი სწორედ ბელგიურია – ლეფე, და ამას სათანადო წრეებში მორიდებით აღვნიშნავ ხოლმე.

ტკბილადმოსაგონარ ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტამდე ორი დღით ადრე, ამ დალოცვილი ქვეყნის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში, ბრიუგეში მეგობრებთან ერთად შევისეირნე და საქვეყნოდ ცნობილი ბრიუგეს ლუდის მუზეუმიც მაშინ მოვინახულე. ქალაქის მთავარ მოედანთან, იან ბრეიდელის ქუჩაზე, ერთ ლამაზ, წითელი აგურით ნაშენ სამკუთხა სახლში განთავსებულ მუზეუმს მეგობრებმა ერთად კი მივაკითხეთ, მაგრამ მალე ერთმანეთი დავკარგეთ და მხოლოდ საათის შემდეგ გავერთიანდით, როცა სანახავიც მოვილიეთ და დასაგემოვნებელიც გავსინჯეთ.

მუზეუმი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა და ის ბელგიაში ლუდის ისტორიას, შეიძლება ითქვას რომ ამომწურავად გვაცნობს. შესასვლელშივე ხვდები, რომ მომდევნო ერთი საათის მანძილზე (ტური დაახლოებით ამდენი ხანი გრძელდება, თუ, რა თქმა უნდა, მეორე სართულზე, ბარში არ შეყოვნდები) საინტერესო თავგადასავალი გელის: ლუდის მწარმოებელი ათობით კომპანიის სარეკლამო აბრები დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენს.

ბილეთი მეორე სართულზე იყიდება, ფასი კი ექვსიდან თვრამეტ ევრომდე მერყეობს, გააჩნია სტუმრებს და მათ მოთხოვნებს. მაგალითად, ყველაზე ძვირი სამი სხვადასხვა ლუდსახარშის ნაწარმის დაგემოვნების უფლებასაც გაძლევს (არჩევანი სტუმარზეა), ყველაზე იაფი კი თინეიჯერებისთვისაა განკუთვნილი. მუზეუმი საოჯახო ბილეთსაც გვთავაზობს. მოკლედ, ყველაფერი გათვალისწინებულია. ამის მიუხედავად, მე უფასო ბილეთი მერგო. მასპინძელს ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ, რომ ჩანახატის დაწერას ვაპირებ, იქვე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მოწმობაც წარვუდგინე და სიმ სიმ – შესასვლელი კარი გაიღო.

ყველაფერს დეტალურად არ აღვწერ, მაგრამ გეტყვით, რომ:

სტუმარი ბელგიაში ლუდის დაბადების და დამზადების ხერხების ისტორიას შეიტყობს;

მოისმენს ამბებს უძველეს ლუდსახარშებზე (XVI საუკუნეში, ეგრეთ წოდებულ ბრიუგეს ოქროს ასწლეულში, ამ პატარა ქალაქის მონასტრებსა თუ ოჯახებში ორმოცდაათზე მეტი სახეობის ლუდს აწარმოებდნენ);

გაეცნობა ტექნოლოგიებს და დაათვალიერებს ათასგვარ მოწყობილობას;

შეიგრძნობს უამრავ არომატს, რომლითაც ცნობილია ბრიუგეს ლუდები;

შეისვენებს ორ დარბაზში, სადაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმოებული ლუდის ბოთლები და ქილებია გამოფენილი (სამწუხაროდ, ქართული ვერ მოვძებნე);

თვალს შეავლებს საუკუნის წინ გადაღებულ შავ-თეთრ ფოტოებს, რომლებზეც ამ საქმის ოსტატები და მათი ყოველდღიური ცხოვრებაა აღბეჭდილი…

ზემოხსენებული ბარი სამსართულიანი მუზეუმის შუაშია. იქაურობა შუადღით მოვინახულე და, ალბათ ამიტომ, ყველა მაგიდა ჯერ კიდევ არ იყო შევსებული, თორემ საღამოს, როცა სამუშაო დღე მთავრდება, იქაურობა გადაჭედილია.

ლუდის მოყვარული ბრიუგეში კიდევ არაერთ დიდებულ ადგილს იპოვის, მაგრამ საამისოდ ამ მშვენიერ ქალაქში რამდენიმე საათით კი არა, რამდენიმე დღით ჩასვლაა საჭირო. ხოლო თუ ჩვენსავით შეისეირნებთ, ლუდის მუზეუმში გატარებული ერთი საათი, დამიჯერეთ, ნამდვილად გეყოფათ.

ლაშა გოდუაძე
ბრიუგე, ბელგია
2024 წლის 16 ივლისი

ka_GEGeorgian