ევროტური: ჩვენ ბრიუგეში

ერთმა დიდმა ფრანგმა პოლიტიკოსმა დიდი ხნის წინ იხუმრა, რომ ბელგია ინგლისელებმა ფრანგების გასაღიზიანებლად გამოიგონეს. ზევსთან და მის დამქაშებთან, აბა, მე რა სახსენებელი ვარ, მაგრამ გავკადნიერდები და დაახლოებით იგივეს ვიტყვი ბრიუგეზე, ბელგიის ჩრდილო-დასავლეთით, ფლანდრიის პროვინციის პატარა, მაგრამ ულამაზეს და, არც ამის დაწერის მომერიდება, ზღაპრულ ქალაქზე:
ბრიუგე იმიტომ არსებობს, რომ ჩემნაირები გაღიზიანდნენ.

ვერ გეტყვით რამ ათქმევინა შარლ დე გოლს ის სიტყვები, მაგრამ მე კი იოლად მოგახსენებთ გაღიზიანების მიზეზს. ბრიუგე იმიტომ „მაბრაზებს“, რომ ლამის თხუთმეტი საუკუნისაა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ მშვენდებოდა. გეგონება, ასწლეულებით დაშორებულ ბრიუგელებს ერთი და იგივე დაუწერელი კანონი, გნებავთ მიზანი ამოძრავებდათ: რომ იქაურობა ყოფილიყო ძალიან ლამაზი, ძალიან ფერადი და ძალიან მშვიდი.

საშინლად ვბრაზდები და ვერ ვხვდები, როგორ, რანაირად არ დაიბადა ბრიუგეში თუნდაც ერთი, ქიციც რომ ეცოდინებოდა, ქიცმაცურიც, მიდგებოდა, მოდგებოდა, ქალაქის თავებს მოთაფლავდა, ოცდაათი (ჯანდაბას, ორმოცი) ვერცხლის სანაცვლოდ რომელიმე მოედანს დასტყუებდა და მრავალსართულიან კორპუსს თუ არა, საერთო სურათიდან სრულიად ამოვარდნილ სიმახინჯეს ჩადგამდა მიშენების პერსპექტივით და მერე, სულო ცოდვილო, ელიტარულადაც მონათლავდა სარფიანად გაყიდვის მიზნით.

როგორ მოხდა, რომ ბრიუგელები, თაობიდან თაობამდე, ზრუნავდნენ მშობლიური ქალაქის იერსახეზე და ჩვენამდე მოიტანეს მართლა ზღაპრული დასახლება?!

რა ვიცი, ეგებ, რომელიმე ბრიუგელ დეველოპერს აწუხებდა კიდეც მსგავსი შავ-ბნელი ფიქრები, მაგრამ იქაურობას ამისა არაფერი ეტყობა. როგორც ჩანს, ასეთებს, თუ გაჩნდნენ საერთოდ, ყური აუწიეს, პანჩური უთავაზეს, პროექტიც თავზე გადაახიეს და… მეცხრე საუკუნეში დაარსებულმა ბრიუგემაც მომხიბვლელობა არ დაკარგა.

ამიტომაა, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს მისი გული სავსეა ტურისტებით.

ამიტომაა, რომ ძველ ქალაქს, ანუ ცენტრს, დაახლოებით ხუთას ჰექტარზე რომაა გაშენებული, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

იუნესკოს მაღალჩინოსნებმა ამ ნაბიჯით ნაღდად საქმე გაიმარტივეს, თორემ მე თუ მკითხავთ, ძველი ბრიუგეს ლამის ყველა შენობა, საცხოვრებელი სახლი თუ ტაძარი სპეციალურ სტატუსს იმსახურებს.

ბრიუგე მაღიზიანებს-მეთქი, როცა დავწერე, მხოლოდ იმიტომ, რომ მას თბილისს ვადარებ და გული მწყდება იმაზე, რაც იქ შეინარჩუნეს, რასაც მოუფრთხილდნენ, ჩვენთან კი… თორემ როგორ შეიძლება ბრიუგემ და მისნაირმა ქალაქებმა არ მოგხიბლოს?

ერთ მშვენიერ მწერალს დავესესხები – ბრიუგე ლამაზ-ქალაქია საუკეთესო გაგებით! და შეუძლებელია მისით არ აღფრთოვანდე. სხვა არჩევანს არ გიტოვებს.

ბრიუგეში პირველად ხუთი წლის წინ მოვხვდი, როცა მეზობელ ნიდერლანდებში, კერძოდ კი ჰააგაში, ერთი პერსპექტიული ქართველი დიპლომატის ოჯახს ვესტუმრე. თებერვალი იდგა, ციოდა, მაგრამ ზამთრის ბრიუგემ მაინც გამათბო ჯერ ლუდის ფესტივალით, შემდეგ კი უგემრიელესი ცხელი შოკოლადით და ვაფლით. ბრიუგეს სხვა მუღამებზეც დავწერდი ორიოდ სიტყვას, მაგრამ არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა In Bruges-ს, ამიტომ, ასეთი წიაღსვლები სხვა დროს იყოს.

ამ გაზაფხულს, მეგობრებთან ერთად საფეხბურთო ევროტურს რომ ვგეგმავდით, ბრიუგეში სტუმრობაც გადავწყვიტეთ. როცა ჩვენი განრიგი და საშტატო ბალანსი მურვანიძის რეზოლუციით დამშვენდა, ბიჭებს მოვულოცე, წინ დიდი სიამოვნება გველის-მეთქი. ასეც მოხდა: ივნისის ბრიუგე კიდევ უფრო მშვენიერი გამოდგა, მერე რა, რომ ხანმოკლე წვიმით შეგვეგება და ცოტა არ იყოს დაგვაფრთხო. საბედნიეროდ, მალე გამოიდარა.

ჩვენმა მასპინძელმა ძველი ქალაქის შესასვლელთან დაგვტოვა, დროის სასიამოვნოდ გატარება გვისურვა და ხუთ საათში შევხვდეთო, დაგვიბარა. ჰოდა, მინდა გითხრათ, რომ ის დრო მშვენივრად გავატარეთ. მართალია მთავარ მოედანზე არმისულმა, სადღაც ბელფორტის კოშკთან (ბრიუგეს ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა) ბიჭები დავკარგე, მაგრამ ამით საერთო განწყობას არაფერი დააკლდა, ერთ საათში ერთმანეთი ისევ ვიპოვეთ.

ახლა რომ გირჩიოთ, ბრიუგეში ესა და ეს აუცილებლად უნდა ნახოთ-მეთქი, არ ვიქნები მართალი, იმიტომ რომ მთავარი,  რაც ამ ქალაქში უნდა გააკეთო, აუღელვებლად სეირნობაა. ერთმანეთზე შთამბეჭდავ საკათედრო ტაძარს, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, წმინდა სისხლის და იერუსალიმის ბაზილიკებს და მერიის შენობებს, თუნდაც იმავე ბელფორტის კოშკს, ერთ დღეში, მით უმეტეს ხუთ საათში, მაინც ვერ მოივლით თქვენ გემოზე და სჯობს არ იჩქაროთ, ვიწრო ქუჩებით და ხედებით დატკბეთ, ან ნავებით გაისეირნოთ არხებში. სალვადორ დალის, შოკოლადის და ლუდის მუზეუმებიც იქვეა და თუ რომელიმე მათგანში სტუმრობას მოასწრებთ, სულ უკეთესი. მე, მაგალითად, ლუდის მუზეუმი მოვინახულე. იქ ნანახზე ცალკე დავწერ.

ზემოთ In Bruges ვახსენე, რომელიც ლონდონიდან ბრიუგეში გადახვეწილი ორი ირლანდიელი დაქირავებული მკვლელის, ქილერების უცნაურ თავგადასავალზეა. მთავარ როლებს კოლინ ფარელი და ბრენდან გლისონი ასრულებენ, მათი პირშავი შეფი კი რალფ ფაინსია. ძალიან მომწონს, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია. ჰოდა, დასასრულს, როცა მათი გზები უნდა გადაიკვეთოს, ერთი მეორეს ეუბნება: „ვიცი რომ მღვიძავს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, ეს ყველაფერი სიზმარია“.

ფინალის შემკვრელი ფრაზაა ჩემი მოკრძალებული აზრით. იმავდროულად კი ძალიან უხდება ზღაპრულ ბრიუგეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ნაღდად ასეა.

ლაშა გოდუაძე
ბრიუგე, ბელგია
202
4 წლის 9 ივლისი

ka_GEGeorgian