ევროტური: ჩვენ გენტში

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი, მაგრამ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.
უცხო ქალაქში თუ მოვხვდი და ვიგრძენი, რომ შინ ვარ, გურამ დოჩანაშვილის ეს სიტყვები მახსენდება. ასე მარტივად იზრდება „ჩემი ქალაქების“ სია და გენტიც ასე უბრალოდ გახდა „ჩემი ქალაქი“.

ეს 16 ივნისს აღმოვაჩინე, გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე. ბელგიაში მეგობრებთან ერთად ჩავედი, გენტიც ერთად მოვიარეთ და მივხვდი, რომ შინ ვარ და იქ დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. თუმცა, ეს აზრი მხოლოდ მე არ გამიჩნდა. ორსაათიანი ტურის შემდეგ ყველა მარტივად შევთანხმდით, რომ გენტში ცხოვრება დიდებული იქნებოდა. ერთ-ერთმა, მაგალითად, საქმიანობაც „შეარჩია“ – იგივე სახელწოდების საფეხბურთო კლუბის სპორტული დირექტორობა „შეითავსა“.

არხებით დაყოფილი პატარა ქალაქები ბევრი ხიდით, ლამაზი სახლებით და მაღალი კოშკებით გამორჩეულად მომწონს. გენტი სწორედ ასეთია. და ისევე, როგორც ლამის ყველა პატარა ევროპული ქალაქის ცენტრი, მისი გულიც სავსეა პაბებით, კაფეებით, დახატული ქუჩებით და პატარა მოედნებით. ერთი სიტყვით, ისეთი ადგილებით, სადაც სეირნობით დაღლილი დიდი სიამოვნებით ჩამოჯდები, შეისვენებ, ლუდს ან ყავას დააგემოვნებ ბელგიური ფრის ან შოკოლადიანი ვაფლის თანხლებით, მერე გაიღიმებ და გაიფიქრებ რომ მოგზაურობა საუკეთესო რამაა და რომ უცხო ქალაქებში შენ გემოზე ხეტიალს ბევრი არაფერი სჯობს.

ბრიუსელის და ანტვერპენის შემდეგ გენტი ბელგიის მესამე უდიდესი ქალაქია, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდული. იმიტომ, რომ საუნივერსიტეტო ქალაქია. და კიდევ: გენტი ველომოყვარულებისთვის ზედგამოჭრილია, რადგან მთელ ქვეყანაში უდიდესი ველობილიკი და პარკინგი, ჩვიდმეტ ათას(!) ველოსიპედზე გათვლილი, სწორედ იქაა.

გენტის მესვეურები კარგა ხნის წინ მიხვდნენ, რომ ქალაქს სხვანაირი მოპყრობა სჭირდება და ჯერ რამდენიმე ქუჩაზე შეზღუდეს ავტომობილებით გადაადგილება, ახლო წარსულში კი ისტორიულ ცენტრში მხოლოდ მათ დართეს მანქანით მოძრაობის უფლება, რომლებიც ძველი ქალაქის ძველი ქუჩების ძველ სახლებში ცხოვრობენ. მას შემდეგ სხვები, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ. ცხადია, ეს უკანასკნელიც იდეალურად მუშაობს, პირველ რიგში ტრამვაი.

პირველი და მეორე მსოფლიო ომის წლებში ქალაქში ორჯერ შევიდნენ გერმანელები. საბედნიეროდ, გენტი ორივე შემთხვევაში მცირე ბრძოლებით გათავისუფლდა და მთავარი ღირსშესანიშნაობებიც დანგრევას გადაურჩა: მდინარე ლისის (მეორენაირად ლეიეს) ნაპირზე გაშენებული გრესლეის უბანი; გრევენსტინის ციხესიმაგრე; წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია; ბელგიის უმაღლესი, თითქმის ას მეტრზე აზიდული სამრეკლო; წმინდა ბავოს საკათედრო ტაძარი; მთავარი მოედანი – ვრიდამარკეტი… რამდენიმე მათგანი დღეს იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ჩამონათვალშია.

გენტს დილით ვეწვიეთ, მალე კი ქუჩები გაცილებით დიდი ტურისტული ჯგუფებით გაივსო. როგორც გვითხრეს, ყოველ შაბათ-კვირას ასეა, განსაკუთრებული ხალხმრავლობა კი ათდღიანი თეატრალური და მუსიკალური ფესტივალის დროსაა. Gense Fieste ივლისის მესამე კვირის პარასკევს იწყება და თვის ბოლომდე გრძელდება. ნახევარმილიონიან ქალაქს იმ დღეებში არც მეტი, არც ნაკლები, სამჯერ მეტი, მილიონნახევარი ტურისტი სტუმრობს! ივნისის დილის გენტი ხომ დიდებული იყო და საფესტივალოდ რომ მოირთვება, წარმომიდგენია იქაურობა როგორ დამშვენდება.

სპორტის გარეშე აბა როგორ და ამ პატარა ჩანახატის ბოლოს გენტში დაბადებულ სამ ცნობილ სპორტსმენს შეგახსენებთ, თუმცა ჯერ ის ვთქვათ, რომ 2017-2022 წლებში სწორედ გენტში თამაშობდა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ვარსკვლავი გიორგი ჩაკვეტაძე. იმედისმომცემი კარიერა სათანადოდ ვერ გაგრძელდა – გიორგი ტრავმებმა დატანჯა და ისე დატოვა გენტი, რომ სათანადო აღიარება ვერ მოიპოვა.

გენტი სამართლიანად ამაყობს იმით, რომ 1942 წლის 2 მაისს იქ დაიბადა გრაფი ჟან ჟაკ მარი როხე. ბელგიელი მაღალჩინოსანი, ვინც არაერთხელ გვსტუმრობდა თბილისში, 2001-2013 წლებში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ.

ასევე გენტში დაიბადა ინგლისელი ველომრბოლი, ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი სერ ბრედლი მარკ უიგინსი. ის ერთადერთია, რომელმაც ტურ დე ფრანსი და ოლიმპიადის ოქრო ერთ წელიწადს მოიგო, 2012-ში, ერთი კვირის ინტერვალით.

ყველა ცნობილი გენტელი კი კევინ დე ბრუინი გახლავთ, ბელგიის ნაკრების და მანჩესტერ სიტის ვარსკვლავი, თაობის უნიჭიერესი ფეხბურთელი. ერთ-ერთ ქუჩაზე მას ფოტოც გადავუღე, სადღაც მიძუნძულებდა, თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვით ნამდვილად კევინი იყო თუ არა.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 3 ივლისი

ka_GEGeorgian