ევროტური: დიუსელდორფი

პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა, ინგლისის რედინგი, ისრაელის ჰაიფა, ჩინეთის ჩონცინი, იტალიის პალერმო, იაპონიის ჩიბა, უკრაინის ჩერნივცი – ეს იმ ქალაქების ჩამონათვალია, რომლებიც მწვანეში ჩაფლულ დიუსელდორფთან მეგობრობენ. მათ შორის იყო მოსკოვიც, მაგრამ 2022 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომის დაიწყო, გერმანელებმა მეგობრობა ცალმხრივად შეაჩერეს.

მე კი ის მაკვირვებს, რომ თბილისის რომელიმე ხელისუფლებას აქამდე არ გაუჩნდა დიუსელდორფთან დამეგობრების სურვილი. ამ ქალაქთან ხომ ერთ-ერთი უტკბესი და დაუვიწყარი გამარჯვება გვაკავშირებს – 1981 წლის 13 მაისი, თასების მფლობელთა თასის ფინალი, როცა დინამომ 2:1 დაამარცხა იენის კარლ ცაისი და ყველაზე დიდი საერთაშორისო თასი გვისახსოვრა.

თბილისი ოცდაერთ ქალაქთანაა დამეგობრებული, მათ შორის კი ერთადერთია გერმანული – ზაარბრიუკენი, რომელთანაც საქართველოს დედაქალაქი 1975 წლიდანაა დაკავშირებული და რომელიც, სხვათა შორის, პირველია ასეთი ქალაქების ჩამონათვალში. სხვათა შორის, თბილისს და დიუსელდორფს საერთო მეგობარიც „ჰყავთ“ – პალერმო, რომელსაც ქართველები გერმანელებზე ოცდაცხრა წლით ადრე, 1987 წელს დაუკავშირდნენ.

ახლა იმაზე, თუ რატომ დამჭირდა ამხელა შესავალი. იმიტომ, რომ ივლისიდან დაწყებული იმ ქალაქების შესახებ ვწერ, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის დროს მოვინახულე და ამჯერად გადავწყვიტე დიუსელდორფში გატარებული ერთი დღე გავიხსენო. ამ ქალაქის უნახავად ნამდვილად ვერ დავბრუნდებოდი.

ევრო 2024-ზე მივლინების ყველა საკითხი რომ მოვაგვარე, იმ საქმეს შევუდექი, რაც გამორჩეულად მიყვარს – მოგზაურობის დეტალურად დაგეგმვას. ჰოდა, დიუსელდორფის მოსანახულებლად მე და ჩემმა მეგობრებმა 19 ივნისი დავთქვით, ჩვენი ნაკრების ევროდებიუტის მომდევნო დღე.

დიუსელდორფი, რომელიც მდინარე რეინის ნაპირებზეა გაშენებული, გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მხარის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ადმინისტრაციული ცენტრია, ორი წლის წინანდელი აღწერით კი მეექვსე უდიდესი ქალაქი ექვსას ათასზე მეტი მოსახლით.

ოფიციალურ ცნობებში კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხე, მათ შორის ის, რომ დიუსელდორფში არაერთი საერთაშორისო ფინანსური და სადაზღვევო კომპანიის ევროპული ოფისებია, ასევე ოცზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრი (კიდევ ერთი მიზეზი დასამეგობრებლად), რაც მას ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად აქცევს. იქვეა ოთხი მთავარი გერმანული საკომუნიკაციო კომპანიიდან ორი, ხოლო ცენტრალური სადგური, კონრად ადენაუერის მოედანზე რომ მდებარეობს, ქვეყნის სარკინიგზო ქსელის გულია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.

გერმანიისთვის რკინიგზის მნიშვნელობაზე არაფერს დავწერ, მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიშველიებ, რაც, ვფიქრობ, ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით თუ რა როლი აქვს ამ ქვეყანაში ტრანსპორტის ამ სახეობას. იმ მაღაზიებში, სადაც კიკერს, უორლდ სოკერს და სხვა საფეხბურთო ჟურნალებს ვეძებდი, რკინიგზის შესახებ გამოცემებს ცალკე თარო ეკავა, ხოლო ოთხი სხვადასხვა ყოველთვიური ჟურნალი მატარებლების ულამაზეს მოდელებს სთავაზობდა კოლექციონერებს!

დიუსელდორფის რკინიგზის სადგურში დღეში ათასზე(!) მეტი შემადგენლობა შედის, სატვირთოთი და რეგიონულით დაწყებული, საერთაშორისო, ეგრეთ წოდებული ევროჩქაროსნულით დასრულებული. ქალაქის აეროპორტიც ცალკე ხაზით უკავშირდება სადგურს.

რკინიგზაზე ამდენს იმიტომ ვწერ, რომ ევრო 2024-ზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის მატარებელი გადაადგილების საუკეთესო საშულება იყო. ჩვენი ნაკრების ყველა მასპინძელ ქალაქში, დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში, სწორედ ასე ვიმგზავრეთ და ძალიანაც კმაყოფილები დავრჩით.

დიუსელდორფშიც მატარებლით ჩავედი და მწვანე მაისურებში გამოწყობილი ევრომოხალისეებიც სადგურზევე შემეგებნენ, მარტივად უპასუხეს ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვას და სპეციალურად ევრო 2024-თვის დაბეჭდილი ქალაქის რუკაც მისახსოვრეს.

ყველაზე ძალიან რეინშტადიონის ადგილზე აგებული ახალი სარბიელის ნახვა მაინტერესებდა, თუმცა თავდაპირველად ბურგპლაცისკენ გავწიე, სადაც გულშემატკივართა ოფიციალური სივრცე, ეგრეთ წოდებული ფან-ზონა იყო მოწყობილი. გარდა იმისა, რომ მეგობრებს იქ უნდა შევხვედროდი, აჭარის ტელევიზიიდან ჩამოსულ კოლეგებსაც ბურგპლაცთან შევუთანხმდი ინტერვიუზე.

ფან-ზონა რკინიგზის სადგურიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში იყო, თუმცა დრო მქონდა და მეც გზა დავიგრძელე, ჩემი თვალით მინდოდა იმ ქალაქის მონახულება, სადაც რამდენიმე უფროსმა კოლეგამ 1981 წლის მაისში დაუვიწყარი დრო გაატარა. ერთ-ერთი, ვინც 13 მაისის თამაშს დაესწრო, ჩვენთან ერთად ეწვია გერმანიას, მაგრამ დიუსელდორფში სტუმრობა, მჭიდრო გრაფიკის გამო, ვეღარ მოახერხა.

იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში რამდენიმე საათი დავყავი, მხოლოდ ამას დავწერ: ჩემი დაკვირვებით დიუსელდორფი ახალგაზრდული, კარგად გამწვანებული ქალაქია და იქ ძვირფას ავტომობილებზე არანაკლებ პოპულარულია ველოსიპედი. იმ არასრულ ორ საათში, რაც ბურგპლაცამდე მისასვლელად დამჭირდა, ორი ფერარი ვნახე. ერთს ქართული ნომერი ჰქონდა…

ევრო 2024-ის ოფიციალური პროგრამაც დიუსელდორფში შევიძინე. წინა დღეს, დორტმუნდში, სტადიონზე, გამოცემას ვერ მივაგენი. არც მედიატრიბუნაზე იყო, თუმცა ამჯერად ფან-ზონაში ვნახე და გვარიანად დავიმძიმე ზურგჩანთა. მალე იქვე, მდინარისპირა ხეივანში დაგეგმილი ინტერვიუც ჩავწერე და შემდეგ, მეგობრებთან ერთად, მერკურ-შპილ არენისკენ გავწიე. აქვე უნდა ვთქვა, რომ უეფასთან შეთანხმებით, ევროჩემპიონატის დღეებში სარბიელი დიუსელდორფ არენად იყო მოხსენიებული, სასპონსორო ხელშეკრულებების გამო (ასე მოხდა 2011 წელსაც, როცა ქალაქმა ევროვიზიას უმასპინძლა).

54 600 გულშემატკივარზე გათვლილი სარბიელი იმ ადგილზეა, სადაც თავის დროზე რეინშტადიონი იყო აგებული. მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და ორი წლის შემდეგ დასრულდა. თავდაპირველად მას ავიაკომპანიის სახელი, LTU ერქვა, შემდეგ ტანსაცმლის მწარმოებლის – ესპირიტი, 2019 წლიდან კი მერკურ-შპილ არენად იწოდება.

გერმანიის ნაკრებმა იქ სულ რვაჯერ ითამაშა. პირველად 2005 წლის 9 თებერვალს, არგენტინის წინააღმდეგ. ამხანაგური შეხვედრა 2:2 დასრულდა. სულ ბოლოს კი ევრო 2024-ის შემდეგ, 7 სექტემბერს. იულიან ნაგელსმანის გუნდმა ერთა ლიგის მატჩში 5:0 გაანადგურა უნგრეთი.

ევრო 2024-ის ეგიდით დიუსელდორფ არენაზე ხუთი თამაში გაიმართა, სამი ჯგუფურ ეტაპზე (საფრანგეთი 1:0 ავსტრია; უკრაინა 2:1 სლოვაკეთი; ესპანეთი 1:0 ალბანეთი), ერთი მერვედფინალში (საფრანგეთი 1:0 ბელგია) და ერთიც მეოთხედფინალში (ინგლისი 1:1, პენ 5:3 შვეიცარია).

ყველაზე მეტი, 46 907 მაყურებელი, მეოთხედფინალს დაესწრო, თუმცა როცა კონცერტები ტარდება, მეტი ბილეთი იყიდება. როკ-ჯგუფები კი ისეთი უნდა, იქაურობას რომ სტუმრობენ: დეპეშ მოუდი (ოთხი ორღდიანი კონცერტი), როლინგ სტოუნზი (სამი კონცერტი), ჯენეზისი, რამშტაინი, ქოლდფლეი, ეისი დისი… სხვადასხვა დროს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, იქ ასევე იმღერეს პოლ მაკარტნიმ, მადონამ, ბრიუს სპრინგსტინმა, ჯონ ბონ ჯოვიმ, ლეიდი გაგამ და ბიონსემ. რაც შეეხება ჩემ ფავორიტს, როჯერ უოტერსის „კედელს“, ეს დიდებული შოუ ორჯერ დაიდგა, 2011 და 2013 წლებში.

დიუსელდორფში ჩვენი სტუმრობა სტადიონის შესასვლელთან დინამოს დროშის გაშლით დასრულდა. მეგობრება ფოტო გადავიღეთ და ცარიელ ბაქანს მივაშურეთ. სანამ ტრამვაიში ჩავჯდებოდი, ესკალატორთან აფრიალებულ ფორტუნის დროშას გადავუღე ფოტო. მერე რა, რომ ქალაქის მთავარი საფეხბურთო გუნდი დღეს მეორე ბუნდესლიგაშია? მერკურ-შპილ არენა ყველა საშინაო თამაშზე ივსება და თუ გასულ სეზონში კლუბს სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა ბუნდესლიგაში აღზევებამდე, დიდი შანსია 2025 წლის მაისში მიზანს მიაღწიოს.

ჩვენი დინამოსი არ იყოს, ფორტუნამაც ითამაშა თასების მფლობელთა თასის ფინალში (1979 წელს), მაგრამ ბარსელონასთან დამარცხდა ძალიან სანახაობრივ მატჩში – 3:4. 1980-1981 წლების გათამაშებას კი ფორტუნა მეოთხედფინალში გამოეთიშა ლისაბონის ბენფიკასთან, რომელსაც ნახევარფინალში კარლ ცაისმა აჯობა.

გერმანული საკლუბო ფეხბურთის გრანდებთან ფორტუნა, აბა, რა სახსენებელია, მაგრამ საინტერესო და საამაყო ამბები კლუბის 129-წლიან ისტორიაში ნამდვილად მოიძებნება:

ფურტუნას ოცდახუთმა მოთამაშემ მოირგო ბუნდესგუნდის მაისური, მათგან ყველაზე ცნობილი კი ევროპის 1980 წლის ჩემპიონი კლაუს ალოფსია. ის დღეს გენერალური დირექტორია…

ფორტუნა პირველი გერმანული კლუბია, რომელმაც აფრიკაში ითამაშა – 1928 წელს და ასევე პირველი გერმანული კლუბი, რომელმაც აფრიკელი მოთამაშე დაიმატა – განელი ჩარლზ კუმი გიამფი 1960 წელს…

ფორტუნაა ის კლუბი, რომელმაც მიუნხენის ბაიერნს ბუნდესლიგაში ყველაზე მწარე მარცხი აგემა  – 1978 წლის 7 დეკემბერს 7:1 შემუსრა ბავარიული გრანდი…

ფორტუნას ეკუთვნის გერმანიის თასზე მიჯრით მოგებული თამაშების რეკორდიც – 18, 1978-1981 წლებში. მაშინ კლუბმა ზედიზედ ორჯერ აღმართა პოკალი…

ყველაზე შთამბეჭდავი და მრავლისმეტყველი კი ეს ამბავი მგონია: 2009 წელს, როცა კლუბი მესამე ბუნდესლიგაში ასპარეზობდა, ბრემენის ვერდერის 23-წლამდელებთან პრინციპულ თამაშს 50 095(!) გულშემატკივარი დაესწრო, რაც ლიგის რეკორდია. ფორტუნამ 1:0 გაიმარჯვა და რამდენიმე წელიწადში ბუნდესლიგის კარიც შეაღო.

თეთრ-წითლებს ერთგული ქომაგები არც ახლა აკლიათ. კლუბი ლიდერთა შორისაა და ვინ იცის, გაისად ამ დროს, დიუსელდორფში, ეგებ, გრანდებმაც ითამაშონ.

ლაშა გოდუაძე
დიუსელდორფი, გერმანია
2024 წლის 6 ოქტომბერი

ka_GEGeorgian