ევროტური: ვუპერტალი

რუსთავს თუ არ ჩავთვლი, ვუპერტალი ყველაზე ახალგაზრდა ქალაქია, სადაც კი ვყოფილვარ, ხოლო უცხოურებიდან ნამდვილად ყველაზე „უმცროსია“.

ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის დიუსელდორფის ადმინისტრაციულ ცენტრში შემავალი ვუპერტალი 1929 შეიქმნა მდინარე ვუპერის გასწვრივ მდებარე ორი ინდუსტრიული ქალაქის ბარმენის და ელბერფელდის, ასევე ახლომდებარე რონსდორფის, კრონენბერგის, ფოვინკელის, ლანგერფელდის და ბაიენბურგის გაერთიანებით. პირველი თორმეტი თვის განმავლობაში ახალ დასახლებულ პუნქტს ბარმენ-ელბერფელდი ერქვა, 1930 წელს კი რეფერენდუმი ჩატარდა და ქალაქელებმა ვუპერტალს მიანიჭეს უპირატესობა.

გზამკვლევში აღნიშნულია, რომ ვუპერტალი სიდიდით მეჩვიდმეტეა გერმანიაში და რომ მის ქუჩებში ბედნიერად და ამაყად დააბიჯებს ასობით მათიასი, რუდი, კატარინა, კლაუდია, მარგრეტი, იურგენი, ბოდო, ოლაფი, ბირჯიტი… საერთო ჯამში, 355 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა უმეტესობა გერმანელია, თუმცა მრავლად შეხვდებით თურქებსაც (უდიდესი დიასპორა), სირიელებსაც, ასევე იტალიელებს, ბერძნებს, პოლონელებს, უკრაინელებს, რუმინელებს, მაროკოელებს…

ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დღეებში, არასრული ორი კვირით, ვუპერტალში მცხოვრებ უცხოელთა ჩამონათვალი ოცდაათამდე ქართველი ჟურნალისტით გაიზარდა და მათ შორის ვიყავი მეც.

ჩვენ ცენტრალურ სადგურთან, მდინარე ვუპერის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდგარ სასტუმროში ვცხოვრობდით. ძალიან კოხტა და ლამაზი შენობა იყო, თუმცა, ვეჭვობ რომ ერთ მეგობარს, გერმანული ფეხბურთის თაყვანისმცემელსა და ბავარიული მოწუწნიკ-სარდელ-ლუდების დიდ ტრფიალს, იქაურობა ტკბილად არ მოაგონდება. იმიტომ, რომ ერთ გრილ საღამოს, ამჩატებულმა, სასტუმროს შიდაგანაწესი დაარღვია და მასპინძლებმაც ჯერ ყოფაქცევაში დაუწერეს ორიანი, შემდეგ კი ასი ოქროთი შეუმსუბუქეს ქისა.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ვუპერტალი აირჩია მასპინძლად. ჩვენი სასტუმროდან (ძველი ელბერფელდის ცენტრი) დორტმუნდამდე, სადაც ჯვაროსნებმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს თურქეთთან, რკინიგზით მაქსიმუმ საათის გზა იყო. დაახლოებით იგივე დრო დაგვჭირდა საპირისპირო მხარეს მდებარე გელზენკირხენში ჩასასვლელად, სადაც ბიჭებმა პორტუგალიელებთან დაუვიწყარი გამარჯვებით გაგვახარეს.

ევროჩემპიონატზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იყო და ამით ყველამ მშვენივრად ვისარგებლეთ. მაგალითად მე იმავე გელზენკირხენში ესპანეთის და იტალიის ნაკრებთა მატჩს დავესწარი, სხვებმა კი მეზობელ ქალაქებს მიაშურეს. იმ დღეებში, როცა შედარებით ნაკლები საქმე გვქონდა, ხელის გაწვდენაზე მდებარე დიუსელდორფი მოვიარეთ, ასევე დუისბურგი, ესენი, კიოლნი…

მაგრამ ამ პატარა ჩანახატში ვუპერტალზე დავწერ, რადგან საფეხბურთო თავგადასავლის გამო იქ გატარებული დღეები დაუვიწყარ მოგონებად მექცა.

ვუპერტალი მთაგორიანი, მწვანეში ჩაფლული მშვიდი ქალაქია. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943 წლის მაის-ივნისში, მოკავშირეთა ძალებმა ავიადარტყმებით თითქმის მთლიანად გაანადგურეს, მაგრამ როგორც მთლიანად გერმანია, იქაურობაც ფერფლისგან აღდგა – არავითარი კვალი, რომ ოთხმოცი წლის წინ ქუჩებში ყუმბარები ცვიოდა, სახლები და სხვა შენობა-ნაგებობები კი ცეცხლში იყო გახვეული.

ვუპერტალში ორჯერ გავისეირნე, პირველად 20 ივნისს, ესპანეთ-იტალიის წინ, შემდეგ კი 26-ში, ჩვენების და პორტუგალიის თამაშამდე. ქალაქს ტურისტული უბანი, როგორც ასეთი, არ აქვს, ამიტომაც მასპინძლებმა ბოტანიკური ბაღის მონახულება, ტრამვაის მუზეუმის დათვალიერება და შეკიდული მატარებლით მგზავრობა მირჩიეს. პირველი ორი, დროის სიმცირის გამო, ვერ ვნახე, საქვეყნოდ ცნობილი ვუპერტალის მატარებლით კი ლამის თავიდან ბოლომდე ვიმგზავრე (მონორელსის საერთო სიგრძე თითქმის ოცდაორი კილომეტრია) და ფრიად ვისიამოვნე.

ქალაქი კიდევ იმითაა ცნობილი, რომ 1825 წელს იქ დაიბადა ფრიდრიხ ბაიერი, უდიდესი ფარმაცევტული კომპანია ბაიერის დამფუძნებელი. ეს სწორედ ის ბაიერია, რომლის თანამშრომლებმა ასოცი წლის წინ, 1904 წლის 1 ივლისს, ლევერკუზენში საფეხბურთო კლუბი ბაიერი დააფუძნეს. ჰოდა, ამ გუნდმა წელს პირველად მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ასევე ევროპალიგის ფინალშიც ითამაშა.

ფრიდრიხ ბაიერამდე ხუთი წლით ადრე კი, 1820 წლის 28 ნოემბერს, ამ გრილ და მშვიდ ქალაქში, მდიდარი მრეწველის ოჯახში, ქვეყნიერებას მოევლინა კიდევ ერთი ფრიდრიხი, გვარად ენგელსი, შემდგომში დიდი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, სამხედრო ისტორიკოსი, ჟურნალისტი, ქალთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველი და, კარლ მარქსთან ერთად, კომუნისტური პარტიის მანიფესტის ავტორი. მოსწავლეობის დროს, 80-იან წლებში, ჰერ ფრიდრიხის პორტრეტი, კარლ მარქსთან და ვლადიმერ ლენინთან ერთად გამოსახული, ჯერ კიდევ მხვდებოდა თბილისის ქუჩებში.

ის სახლი, სადაც ფრიდრიხ ენგელსი დაიბადა, ახლა მუზეუმია, ხოლო ერთ დროს მისი მამის კუთვნილ ქარხანაში კარგა ხანია, რაც თანამედროვე ხელოვნების გალერეამ დაიდო ბინა. ყოფილ საწარმოსთან მდებარე ერთ-ერთ სახლზე კი ფრიდრიხ ენგელსის ღიმილისმომგვრელი მურალი და ეს სიტყვებია:

ადამიანები, რომლებიც ტრაბახობდნენ, რომ რევოლუცია მოახდინეს, მეორე დღესვე რწმუნდებოდნენ, რომ არ იცოდნენ რას აკეთებდნენ, რომ მათ მიერ მოწყობილი რევოლუცია სულაც არ ჰგავდა იმას, რისი გაკეთებაც სურდათ“.

კიდევ რა შემიძლია ვთქვა ვუპერტალზე? ალბათ ის, რომ ევრო 2024-ის დროს ამ პატარა ქალაქში სლოვენიის ნაკრები იყო დაბანაკებული.

რაც შეეხება ქალაქის მთავარ საფეხბურთო კლუბს, ვუპერტალმა მხოლოდ სამი სეზონი ითამაშა ბუნდესლიგაში, 1972-დან 1975-ის ჩათვლით, ერთხელ უეფას თასზეც იასპარეზა, მაგრა, მერე უკანმოუხედავად დაქვეითდა და დღეს რანგით მეოთხე ლიგაში თამაშობს…

ლაშა გოდუაძე
ვუპერტალი, გერმანია
2024 წლის 18-26 ივნისი

ka_GEGeorgian