ფერარის ლოგო 82 წლისაა

იტალიური ავტოგიგანტის ფერარის ლოგოს – ყვითელ ფონზე გამოსახულ შავ ულაყს – დღეს ავტოსპორტის ყველა მოყვარული კარგად იცნობს. და არა მხოლოდ სამეფო რბოლის ფანები – ფერარის ემბლემა საყოველთაოდ ცნობილია.

და ის დღეს 82 წლის გახდა!

ავტოსპორტის მოყვარულებმა ლოგო სპორტულ მანქანაზე პირველად ზუსტად 82 წლის წინ, 1932 წლის 9 ივლისს იხილეს, სპას 24-საათიანი რბოლის დაწყებამდე.

ენცო ფერარი იმხანად ჯერ კიდევ არ აწარმოებდა საკუთარ მანქანებს და ლოგოც ალფა რომეოს ამშვენებდა. იმ დღეს, ბელგიაში, ალფა რომეოს სპორტული მანქანები სკუდერია ფერარის გუნდის სახელით ასპარეზობდნენ, ენცო კი ხელმძღვანელი გახლდათ.
უშუალოდ ლოგოს ისტორია კი ძალიან საინტერესოა. ავტობიოგრაფიაში ფერარი წერდა:

„ულაყი პირველად მფრინავის, ფრანჩესკო ბარაკის თვითმფრინავზე ვიხილე. არ დავმალავ – ძალიან მომეწონა. მოგვიანებით მის მშობლებს, გრაფ ენრიკო ბარაკას და გრაფინია პაოლინას შევხვდი. დამშვიდობებისას გრაფინიამ მითხრა: ფერარი, რატომ არ იყენებთ ფრანჩესკოს ლოგოს თქვენ სპორტულ ავტომობილებზე? მჯერა, რომ ის წარმატებას მოგიტანთ! ერთსაც გირჩევთ: თუ ამ ნაბიჯის გადადგმას გადაწყვეტთ, ყვითელი ფონი შეურჩიეთ, მოდენას ფერი“.

რამდენიმე წელიწადში ენცო ფერარიმ მოდენაში საკუთარი მანქანების წარმოება დაიწყო. ლოგოზე კი დიდხანს არ უფიქრია – გრაფინია პაოლინა ბარაკას რჩევა გაითვალისწინა.

ასე დაიბადა ლოგო, რომელიც დღეს ავტოსპორტთან და, ზოგადად, იტალიასთან ასოცირდება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 ივლისი)

ka_GEGeorgian