ფერარის მადლობა მიხაელს

ლეგენდარული ავტომრბოლი მიხაელ შუმახერი დღეს 50 წლის ხდება. მისი ყოფილი გუნდი ფერარი ამ თარიღს სპეციალური გამოფენით ეხმაურება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გერმანელ პილოტს ეძღვნება.

შუმახერი 5 წლის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კვლავ  მკურნალობს – ის ალპებში, თხილამურებით სრიალისას მძიმედ დაშავდა. თავდაპირველად ექიმები ფიქრობდნენ, რომ სპორტსმენი ვერ გადარჩებოდა, თუმცა მცდელობამ შედეგი გამოიღო, მისი მეუღლის კორინას თქმით კი რეაბილიტაციის პროცესი ნელა, თუმცა მაინც მიმდინარეობს.

ფორმულა 1-ის ისტორიაში შუმახერი ყველაზე ტიტულიანი პილოტია. სხვა თუ არაფერი, მან 7-ჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. კარიერის საუკეთესო წლები მიხაელმა ფერარიში გაატარა, სადაც 5 საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.

„ფერარის ისტორია ფორმულა 1-თან გადაჯაჭვულია და მე ვიტყოდი, რომ შუმახერი, თავის მხრივ, სამუდამოდაა ფერარისთან დაკავშირებული. ის დიდი ჩემპიონია და სამწუხაროა, რომ იმ შემთხვევის შემდეგ მისი მდგომარეობა მძიმეა. ფერარის მიერ ორგანიზებული გამოფენა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – მადლობა გადავუხადოთ ადამიანს, რომელმაც ჩვენ გუნდს უდიდესი წარმატებები მოუტანა“, – განაცხადა ლუკა კორდერო დი მონტეძემოლომ, ვინც შუმახერის ფერარიში მიწვევის მთავარი ინიციატორი გახლდათ.

დი მონტეძემოლო 1991-2014 წლებში ხელმძღვანელობდა ფერარის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 იანვარი)

ka_GEGeorgian