ფეხბურთი არქტიკულ წრეში

წინ საპასუხო თამაშია, მაგრამ მეეჭვება ამ წყვილის გამარჯვებული შეიცვალოს: წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ შეხვედრაში, ნორვეგიის ბოდიო გლიმტმა 5:0 გაანადგურა ოთარ კიტეიშვილის შტურმი და მთავარი ტურნირის ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა.

ამ პატარა კლუბმა შარშანაც ითამაშა ლიგის ფლეი ოფში, მაგრამ სულ ცოტა დააკლდა მიზნამდე, ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა ცრვენა ზვეზდასთან. გუშინ კი ერთბაშად ხუთი გოლი შეუგდო ავსტრიის ბუნდესლიგის გამარჯვებულს და, მგონი, გაინაღდა კიდეც ჩემპიონთა ლიგაში თამაში. მაგრამ მაინც, რადგან „ყვითლების“ ლიგაში მონაწილეობა საბოლოოდ საპასუხო თამაშის შემდეგ, 26 აგვისტოს გადაწყდება, ასე დავწერ:

თუ ბოდიო გლიმტმა გაიმარჯვა (სასურველ შედეგს მიაღწია), მხოლოდ მესამე ნორვეგიული კლუბი გახდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს. ამ მხრივ ყველაზე წარმატებული ტრონჰეიმის რუსებორგია, რომელიც თერთმეტჯერ მონაწილეობდა ნომერ პირველი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ოლე-გუნარ სულშერის მშობლიურ მიოლდეს კი ეს პატივი ერთადერთხელ ერგო.

საინტერესო ფაქტია, მაგრამ ეს უცნაური ამბავი უფრო მხიბლავს: დიდი შანსია ბოდიო გლიმტი გახდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მონაწილე პირველი კლუბი, რომელიც მეტოქეებს არქტიკულ წრეში დაუხვდება: სტადიონი, 8200 მაყურებელზე გათვლილი ასპმირა, ისევე როგორც მთლიანად ქალაქი ბოდიო, უკიდურეს ჩრდილოეთშია, იქ, სადაც წესითა და რიგით, ფეხბურთისთვის არავის უნდა ეცალოს. მაგრამ დავარცხნილ-დალაგებულ ქვეყნებში ყველაფერი შესაძლებელია და მათ შორის ფეხბურთის ძალიან მაღალ დონეზე თამაშიც. თუნდაც გაუსაძლის სიცივეში, თოვლსა და ყინვაში.

თუ ევროპალიგის წინა გათამაშებას თვალი ადევნეთ, დამეთანხმებით, რომ ბოდიო გლიმტმა დიახაც რომ ჩინებული მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა. ყველაფერს რომ თავი დავანებო, თუნდაც ეს ფაქტი კმარა ზემოთქმულის დასტურად: ნორვეგიის საუკეთესო კლუბმა გასულ სეზონში არნახულად ბევრი, ოცდაორი ევროშეხვედრა გამართა და პატარა ასპმირაზე ისეთ კლუბებს უმასპინძლა, როგორებიც პორტუ, ბეშიქთაში, ტვენტე, ოლიმპიაკოსი, ლაციო და მომავალი გამარჯვებული ტოტენჰემ ჰოთსფური იყვნენ. სწორედ ლონდონელებთან პირველი თამაშის მიმოხილვაში წავიკითხე ამ სახალისო ფაქტის შესახებაც: ტოტენჰემ ჰოთსფურის სტადიონი ათი ათასით მეტ მაყურებელს იტევს, ვიდრე ქალაქ ბოდიოს მოსახლეობაა. დეზების ულამაზესი არენა, გეცოდინებათ, 62800 ქომაგზეა გათვლილი…

2024-2025 წლების სეზონში ბოდიო გლიმტი პირველი ნორვეგიული კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასის ნახევარფინალში ითამაშა. თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდა (რა ღმერთი უნდა გაუწყრეს?), კლუბი ახალ საინტერესო ფაქტს შემატებს ტურნირის ისედაც მრავალფეროვან ისტორიას, მაგრამ ვიკინგების ამბავი რომ ვიცი, ისინი მხოლოდ მონაწილეობით არ დაკმაყოფილდებიან, ჯგუფშიც არაფერზე დაიხევენ უკან. ჰოდა მეც ეს მინდა, ერთსა და იმავე „გრანდებს“ მტერმა უყურა.

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 21 აგვისტო
ფოტო:
x.com/Glimt

ka_GEGeorgian