ფეხბურთი Vs ევროპის სუპერლიგა

ევროპის საფეხბურთო სუპერლიგის – ESL – დაფუძნება დღის მთავარი მოვლენაა, რომელმაც ბრიტანეთში მაგალითად, მსოფლიო პანდემიაც გადაფარა და ამ ამბავს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა.
ასეთი სიტუაციაა: იუვენტუსმა, მილანმა, ინტერმა, რეალმა, ბარსელონამ, ატლეტიკომ, მანჩესტერ სიტიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა, ჩელსიმ, არსენალმა, ტოტენჰემ ჰოთსფურმა და ლივერპულმა ფიფა-უეფასგან დამოუკიდებლად ევროპის სუპერ ლიგა (ESL) დააფუძნეს და ცალკე ტურნირის ჩატარება განიზრახეს.

რაც ამ წუთისთვის ვიცი ისაა, რომ ლიგაში სულ 20 გუნდი ითამაშებს, კვირის შუაში, 2 დივიზიონში 10-10 კლუბი მიმოსვლით. ლიგის 12 დამფუძნებელი კლუბი არ დაქვეითდება, დანარჩენი 8 მონაწილე კი ეროვნული ჩემპიონატების შედეგებით გამოვლინდება. ჯგუფური ეტაპის შემდეგ პირველ 3 ადგილზე გასულები 1/4ფინალში გავლენ, მე4-მე5 ადგილოსნები კი დამატებით მატჩებში 2 მეოთხედფინალისტს გამოავლენენ და მერე, კვლავ მიმოსვლით, თასის მფლობელიც გაირკვევა.

ESLის ერთ-ერთ მხარდამჭერად ბანკი JP Morgan მოიაზრება, სუპერლიგის საპრიზო ფონდად კი 4,6 მილიარდი(!!!) დოლარი დასახელდა.

ESLის დაფუძნებას ფიფა-უეფას, ეროვნულ ლიგებს და ოფიციალურ პირებს რომ თავი დავანებოთ, ყველა უარყოფითად შეხვდა. მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელები და რამდენიმე მოქმედი მწვრთნელი, ვის პოზიციასაც გავეცანი.

ESL ელოდა კიდეც ასეთ რეაქციას, რადგან მისმა თავმჯდომარემ ფლორენტინო პერესმა უკვე აახლა წერილი ფიფას თავკაც ჯანი ინფანტინოს და „ფეხბურთის კეთილდღეობისთვის გონივრული თანამშრომლობა“ შესთავაზა.

ინფანტინოს ოფიციალური პასუხის შესახებ, და შესაბამისად, ფიფა-უეფას პოზიციაზე ამ წუთისთვის არაფერი ვიცი, თუმცა რაც დაიწერა ბრიტანელი, იტალიელი და ესპანელი რეპორტიორების მიერ, რეაქცია მწვავეა – ხსენებული ორგანიზაციები 12 თავკომბალის არათუ საერთაშორისო ასპარეზიდან, ეროვნული ჩემპიონატებიდან დისკვალიფიკაციით, ESLის კანონგარეშედ გამოცხადებით და ახალ შეჯიბრებაში მონაწილე ყველა მოთამაშის მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებიდან მოკვეთით იმუქრებიან. ახლახანს ისიც დაიწერა, რომ უეფა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის დროებით შეწყვეტასაც აპირებს.

მოკლედ, დიდი ამბავია, ჩემი აზრით კი მსგავსი პროექტები ფეხბურთს არ წაადგება.

იმიტომ, რომ ასეთი ტურნირებით გრანდებსა და დანარჩენებს შორის ისედაც საშინელი უფსკრული კიდევ უფრო ღრმავდება, ქართული კლუბებისთვის კი ტოპებთან გაჯიბრების შანსი, თუნდაც რამდენიმე სეზონში ერთხელ, ნულს გაუტოლდება.
ზოგადად, მგონია, რომ ხანგრძლივი პროცესი დაიწყო.

ასე ერთ დღეს გაიღვიძო და მსოფლიო საფეხბურთო წესრიგს განუდგე, ნამეტანი დაუფიქრებელი ნაბიჯი მგონია. არადა იმ ხალხს, ვინც ESLის სათავეში დგას, ყველაფერი შეგიძლია დააბრალო წინდაუხედაობის გარდა.

არაერთი ვეტერანის და მწვრთნელის გამოხმაურება წავიკითხე. ახალ პროექტს ყველა აკრიტიკებს და მიხარია, რომ ჩემი აზრი მათ პოზიციას ემთხვევა.

რა იქნება მართლა ძალიან მაინტერესებს და იმედია, მალე ვნახავ. ანუ სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება ეს თავკომბალების ლიგა და ასეთი ინიციატივები.

ფეხბურთში სპორტული პრინციპი თუ დააკნინე, ითვალე მილიარდები და იყავი. იუვე-რეალის და ბარსელონა-მანჩესტერის მუდმივად ცქერა ფლეისთეიშენზე მბეზრდება და ახლა კიდე რეალურ ცხოვრებაში… კაი რა, ნამეტანია!

ეგეც არ იყოს, რატომ უნდა გადამიწყვიტოს ვინმემ რომ, ვთქვათ, დღევანდელი არსენალი დღევანდელ ლიდს იუნაიტედზე კარგი გუნდია, ან იუვე ატალანტაზე უკეთესი?

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 აპრილი)

ka_GEGeorgian