ფეხბურთის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია

დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. ხსენებული პროგრამა 2020 წლის ჩათვლით ქართულ ფეხბურთში 265 მილიონ 700 ათასი ლარის სახელმწიფო ინვესტიციას და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ვ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა 4 თებერვალს დამტკიცდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა: „ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს ისტორიული დღეა ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენი ფეხბურთი და გულშემატკივარი 25 წელიწადი ელოდა ამ დღეს. მსურს მადლობა გადავუხადო მთავრობას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომლებმაც მძიმე დგომარეობაში მყოფ ქართულ ფეხბურთს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინეს. უახლოესი 5 წლის განმავლობაში ქართული ფეხბურთი ფინანსურად მხარდაჭერილი იქნება. ამ პროექტით უმაღლესი და I ლიგის კლუბებს განვითარების კარგი შანსი ეძლევათ, ფუნდამენტური კი ისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთის პრობლემების მოგვარების შანსი გაგვიჩნდება“.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა. დარბაზში ჩვენი ფეხბურთის არაერთი თაობის წარმომადგენელია და მსიამოვნებს, რომ მათ თვალებში იმედს ვხედავ, იმას, რაც ასე აკლდა ქართულ ფეხბურთს. ფეხბურთის ფედერაციამ კარგი პროექტი წარმოადგინა და დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ფეხბურთს ძალიან წაადგება“.

სახელმწიფო პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე დარბაზში შეკრებილ სტუმრებთან: კლუბების მესვეურებთან, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებთან, ვეტერან ფეხბურთელებთან და ჟურნალისტებთან სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ისაუბრა. პროგრამის პრეზენტაციაში ლევან კობიაშვილი და სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირიც მონაწილეობდნენ.

დეტალურად გაწერილი პროგრამა მალე ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა მთავარი სიახლეების აღნიშვნა აუცილებელია:
1) ეროვნული ჩემპიონატის რეფორმა.
2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი, თუმცა სრულფასოვანი ჩემპიონატი, რომელიც დეკემბრის პირველ რიცხვებში დასრულდება: 16 გუნდი 8-8-გუნდიან 2 ჯგუფად დაიყოფა და 2 წრედ (14 მატჩი) ითამაშებს. ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც ევროსაგზურების მფლობელები. გარდამავალ ჩემპიონატში I ლიგიდან გუნდი არ დაწინაურდება.
გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში. 2 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა – ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერ განსაზღვრული არაა.
2017 წლიდან ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა – მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ამას გარდა, დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება. გამარჯვებული ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

2) დაფინანსება და საპრიზო ფონდი.
მიმდინარე ჩემპიონატის II წრისთვის უმაღლესი ლიგის კლუბები 800 ათასი ლარით დაფინანსდებიან, ხოლო I ლიგის კლუბები 300 ათასი ლარით. ასევე გათვალისწინებულია კლუბების სტიმულირება: იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული კლუბი კერძო სექტორიდან მოიზიდავს თანხას, ზუსტად იმდენივეს მიიღეს პროგრამით. ანუ: კერძო სექტორიდან 200 ათასი ლარის მოძიების შემთხვევაში, სტიმულირების პროგრამით კლუბი დამატებით 200 ათასს მიიღებს. სტიმულირების პროგრამის ზედა ზღვარი 400 ათასი ლარია.
2017 წლიდან Pro ლიგა 1-ის კლუბების საბაზისო დაფინანსება მილიონი ლარი იქნება, ხოლო სტიმულირების პროგრამა 500 ათას ლარამდე გაიზრდება. ახალი ჩემპიონატიდან ასევე გათვალისწინებულია საპრიზო ფონდი 6 მილიონი ლარის ოდენობით – ამ თანხას კლუბები გამომუშავებული ქულებით გაინაწილებენ.
Pro ლიგა 2-ის კლუბების საბაზისო დაფინანსება 700 ათასი ლარით განისაზღვრა, სტიმულირების პროგრამა კი 300 ათას ლარს შეადგენს.
ნიკა ჯღარკავას თქმით, ხსენებული დაფინანსებით, შესაძლებელია ათგუნდიანი Pro ლიგა 1-ის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი გამოიმუშავოს, ლიგიდან გავარდნილმა კი 2,3 მილიონი.

3) ქართული ფეხბურთი ერთიანი ფონდიდან დაფინანსდება.
ეს ფონდი კლუბებს ასევე დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

4) მზადდება მედიაპროექტი
მიზანი ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა – ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში და სოციალურ ქსელებში. საუბარია მატჩისწინა და შემდგომი ამბების გაშუქებაზე, ასევე თამაშების პირდაპირ ეთერში გადაცემაზე.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 18 თებერვალი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian