FIFA Awards: მესი ზედიზედ მეოთხედ!

არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლეო მესი ფიფამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად 7 იანვარს ზედიზედ მეოთხედ აღიარა!
ბარსელონის ლიდერმა გამოკითხულთა ხმების 41,60% მიიღო, მადრიდის რეალის პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ 23,68%-ით მეორე ადგილზე გავიდა, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ანდრეს ინიესტა კი 10,91%-ით მესამე იყო.

 

2012 წელი ლეო მესისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა, მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი გუნდური ტიტული მოიგო – ესპანეთის თასი.

სამაგიეროდ, არაერთი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა და უამრავი რეკორდი გააუმჯობესა:

17 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატში საიუბილეო, მე-200 შეხვედრა ჩაატარა…

7 მარტს ლევერკუზენის ბაიერს 5 გოლი გაუტანა და გახდა პირველი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა…

20 მარტს გრენადას ჰეთ-თრიქი შეუსრულა და ოფიციალურ ტურნირებში ბარსელონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – სესარ როდრიგესის საკლუბო რეკორდი, 232 გოლი გააუმჯობესა…

3 აპრილს ჩემპიონთა ლიგაში მორიგი გოლები გაიტანა და ჟოზე ალტაფინის 1962-63 წლების მიღწევა – ევროსეზონში 14 გოლი – გაიმეორა…

5 მაისს ესპანიოლთან მატჩში პოკერი შეასრულა და არჩი სტარკის (ბეთლეემი, 1924-25 წლების სეზონი, ამერიკის საფეხბურთო ლიგა) შემდეგ გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეორე მოთამაშე, რომელმაც უმაღლეს დონეზე ერთ სეზონში 70-ზე მეტი ბურთი შეაგდო…

50 ბურთით ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ჩემპიონთა ლიგის მთავარმეგოლის ტიტული კი ზედიზედ მეოთხედ მოიგო, ამჯერად 14 გოლით…

აგვისტოში, ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის რეალს მორიგი გოლი გაუტანა და ბარსელონის ისტორიაში კლასიკოების საუკეთესო ბომბარდირი გახდა 15 გოლით

11 ნოემბერს ორჯერ გაუტანა მაიორკას და ფეხბურთის მეფეს, პელეს გადაუსწრო – კალენდარულ წელიწადში 75-ე და 76-ე გოლები შეაგდო…

1 დეკემბერს ბილბაოს ატლეტიკთან დუბლი შეასრულა – ჩემპიონატში საკლუბო რეკორდსმენს, 190 გოლის გამტან სესარ როდრიგესს გაუთანაბრდა…

9 დეკემბერს სევილიის ბეტისთან კიდევ ერთხელ შეასრულა დუბლი და ლეგენდარული გერმანელი ბომბარდირის გერდ მიულერის მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა – ერთ წელიწადს ყველაზე მეტი, 86 გოლი შეაგდო, საბოლოოდ კი 2012 წელი 91 ბურთით დაასრულა.

„ეს ჯილდო ცოტა დაუჯერებელიც კია – ოქროს ბურთის ზედიზედ ოთხჯერ მოგება ფანტასტიკური შედეგია და თავი სიზმარში მგონია! მინდა ყველა თანაკლუბელს და თანაგუნდელს მადლობა ვუთხრა, ანდრეს ინიესტას კი გამორჩეულად – ანდრეს, შენ მხარდამხარ თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია“! – განაცხადა ტრიუმფატორმა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, კონგრესჰაუსში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე.

18 დეკემბერს ბარსელონამ ოფიციალურად განაცხადა, რომ სუპერვარსკვლავთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა – 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

გოგონათა შორის 2012 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ამერიკელმა ები უემბეხმა მოიგო. ის ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა.

ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ფიფამ წლის საუკეთესო თავკაცად აღიარა, ქალთა შორის კი ეს ტიტული ამერიკის ნაკრების ყოფილმა და შვედ გოგონათა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა პია სუნდეჯმა მოიგო.

ფერენც პუშკაშის სახელობის ფიფას ჯილდო წლის ულამაზესი გოლისთვის მიროსლავ შტოხს გადაეცა – ფენერბაჰჩეში თამაშისას გენჩლერბირლიგის კარში მის მიერ გატანილი გოლი სპეციალისტებმა ყველაზე ეფექტურად აღიარეს.

ფიფას პრეზიდენტის სახელობის ჯილდო გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანს და ექს-მწვრთნელს, დიდებულ ფრანს ბეკენბაუერს ერგო, უზბეკეთის ფეხბურთის ფედერაციას კი ფიფას სამართლიანი თამაშის ჯილდო გადაეცა.

ფიფამ ფიფპრო-სთან ერთად 2012 წლის სიმბოლური ნაკრების წევრებიც დააჯილდოვა:
მეკარე – იკერ კასილიასი (მადრიდის რეალი და ესპანეთის ნაკრები)
მცველები – დანი ალვეში (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია), სერხიო რამოსი (მადრიდის რეალი, ესპანეთი; ესპანეთი), ჟერარ პიკე (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), მარსელო (მადრიდის რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
ნახევარმცველები – ჩაბი ალონსო (მადრიდის რეალი, ესპანეთი; ესპანეთი), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი), ჩავი (ბარსელონა, ესპანეთი; ესპანეთი)
თავდამსხმელები – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა), რადამელ ფალკაო (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი; კოლუმბია), კრიშტიანუ რონალდუ (მადრიდის რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)

 

ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები
2012 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2011 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2010 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2009 – ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი; არგენტინა)
2008 – კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; პორტუგალია)
2007 – კაკა (მილანი, იტალია; ბრაზილია)
2006 – ფაბიო კანავარო (იუვენტუსი, იტალია/რეალი, ესპანეთი; იტალია)
2005 – რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2004 – რონალდინიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
2003 – ზინედინ ზიდანი (რეალი, ესპანეთი; საფრანგეთი)
2002 – რონალდო (ინტერი, იტალია/რეალი, ესპანეთი; ბრაზილია)
2001 – ლუიშ ფიგუ (რეალი, ესპანეთი; პორტუგალია)
2000 – ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1999 – რივალდო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1998 – ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი, იტალია; საფრანგეთი)
1997 – რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი/ინტერი, იტალია; ბრაზილია)
1996 – რონალდო (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია/ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1995 – ჟორჟ ვეა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი/მილანი, იტალია; ლიბერია)
1994 – რომარიო (ბარსელონა, ესპანეთი; ბრაზილია)
1993 – რობერტო ბაჯო (იუვენტუსი; იტალია)
1992 – მარკო ვან ბასტენი (მილანი, იტალია; ნიდერლანდები)
1991 – ლოთარ მათეუსი (ინტერი, იტალია; გერმანია)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2013 წლის 8 იანვარი)

ka_GEGeorgian