ფიფამ აირჩია – ლეო მესი!

24 წლის ლეო მესი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი! შვეიცარიის ქალაქ ციურიხში არგენტინელმა ოქროს ბურთი ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდოსგან ჩაიბარა, რომელმაც თავის მხრივ, ასევე სამჯერ მოიგო ეს ტიტული. ფიფამ ფრანგი ზინედინ ზიდანიც ამდენჯერვე აღიარა, თუმცა მესის მიღწევა მაინც გამორჩეულია.

2011 წელს სამხრეთამერიკელი ისეთივე ფანტასტიკური იყო, როგორც მისი გამარჯვებების სერიაა: ბარსელონასთან ერთად 5 ტიტული მოიგო, ინდივიდუალურ ჯილდოებს კი, თქვენის ნებართვით, აღარ ჩამოვთვლი.

მაინც რა არის არგენტინელი ათიანის ბრწყინვალების საიდუმლო? საოცარი ტექნიკა, თამაშის უბადლო გრძნობა და უნაკლო ფიზიკური მომზადება? თუ ჩინებული გუნდი ყოვლისმხედველი ჩავით დაწყებული და შესანიშნავი მწვრთნელით დასრულებული?

ტრიუმფატორმა ამ კითხვებს ციურიხში უპასუხა, როცა რონალდოსგან ოქროს ბურთი ჩაიბარა: ამ ჯილდოს ზედიზედ სამჯერ მოგება ძალიან დიდი პატივია! ყველას მადლობას ვუხდიეს ოქროს ბურთი პირველ რიგში თანაგუნდელებს ეკუთვნით. მინდა, რომ ყველა მათგანმა გამარჯვებულად იგრძნოს თავი, განსაკუთრებით კიავიმ, ჩემმა მეგობარმა და ბრწყინვალე ფეხბურთელმა, ვინც ეს აღიარება დაიმსახურა“!

მწვერვალზე ზედიზედ მესამედ შემდგარმა ლეომ მხოლოდ და მხოლოდ გუნდზე ისაუბრა და როგორც ყოველთვის „ჩვენ“ კვლავ „მე“-ს წინ დააყენა. თუ მის ინტერვიუებს გაიხსენებთ, შეამჩნევთ, რომ ის არასდროს საუბრობს საკუთარ გამარჯვებებზე და ყველა წარმატების საფუძვლად იმ ერთიანობას ასახელებს, რითაც გუნდი ხოსეპ გვარდიოლას ხელში გამოირჩევა.

არგენტინელმა ბრწყინვალედ იცის, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მოგებულიც მხოლოდ ისაა, ვინც საერთო ინტერესს ემსახურება.

და თუ კონკრეტული დავალების უმაღლეს დონეზე შესრულების უნარიც შეგწევს, თან ყოველ უქმეებზე, სულაც არაა გასაკვირი, რომ წლის ბოლოს მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო პრიზი შენ გადმოგცენ.

მეოთხე სეზონია ბარსელონა მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ლეო მესი კი ამ გუნდის ლიდერია. ლოგიკურია, რომ საფეხბურთო სამყაროს ფავორიტი ბოლო 3 წელი სწორედ არგენტინელია.

პელე, დიეგო მარადონა და ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელები არიან. დღევანდელი ტრიუმფის შემდეგ, ვფიქრობ, მესიც მათ მხარდამხარ უნდა მოვიხსენიოთ“, – განაცხადა წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულმა ხოსეპ გვარდიოლამ. ბარსელონას თავკაცს, რომელმაც არასრულ 4 სეზონში 13 თასი მოიგო, ფიფამ ეს პრესტიჟული ტიტული პირველად უბოძა.

და რა თქვა სცენაზე ასულმა გვარდიოლამ? მინდა, რომ ეს ჯილდო ჟოზე მოურინიუსთან და სერ ალექს ფერგიუსონთან გავინაწილო. ასევე ყველა იმ მწვრთნელთან, ვისაც უბრალოდ უყვარს ფეხბურთი“.

ისევ „ჩვენ“ და არავითარი „მე“!

ფეხბურთი ხომ გუნდური თამაშია?

მესის არ იყოს, გვარდიოლაც ზედმიწევნით ზუსტად ჩაწვდა სპორტის მეფის მთავარ საიდუმლოს. და შედეგებსაც სათანადოს იმკის.

თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელისთვის მთავარი გუნდის ინტერესებია. სხვა დანარჩენი, მათ შორის მილიონერი და ჭირვეული ვარსკვლავები – მხოლოდ შემდეგ მოდის.
გვარდიოლა 3 წლის წინ საუკეთესო ბომბარდირს, მაგრამ უხასიათო სამუელ ეტოოს სწორედ ამიტომ შეელია. არც მის ნაცვლად მისული ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააჩერა დიდხანს. თუ მხოლოდ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, არშემდგარი სკანდინავიელი კარატისტის სადებიუტო სეზონს „ჩავარდნა“ ნამდვილად არ ეთქმოდა, მაგრამ შვედმა, კამერუნელის არ იყოს, „მე“ „ჩვენ“-ზე წინ დააყენა და ზუსტად ერთ წელიწადში იტალიაში დაბრუნდა.

კატალონიელთა ლიდერის და მთავარი მწვრთნელის არჩევანით ბარსელონაში ყველამ მოიგო: პრეზიდენტით დაწყებული გულშემატკივრებით დასრულებული. და რაც მთავარია, მოიგო ფეხბურთმა.

მოვიგეთ ჩვენც: როცა ამ გუნდის თამაშს ვუცქერთ, უნდა გვჯეროდეს, რომ მხოლოდ მოგებულები ვართ.

ლეოს 2011

10 იანვარი: ფიფამ მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა პირველად გამოავლინეს რჩეული ერთად.

5 თებერვალი: ბარსელონამ კამპ ნოუზე მისი ჰეთ-თრიქით 3:0 მოუგო ატლეტიკოს და პრიმერადივიზიონის რეკორდი დაამყარა: ზედიზედ მე-16 მატჩში გაიმარჯვა.

2 მარტი: ლეოს ერთადერთი გოლით ბარსამ სტუმრად სძლია ვალენსიას და ლა ლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: ზედიზედ მე-20 საგარეო მატჩში არ დამარცხდა.

9 აპრილი: ალმერიასთან დუბლი შეასრულა. სეზონში 47 გოლი დაუგროვდა და ერთი წლით ადრე დამყარებული საკუთარი საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

12 აპრილი: ჩემპიონთა ლიგაში დონეცკის შახტარს გაუტანა და გოლების მიხედვით საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა.

20 აპრილი: ესპანეთის თასის ფინალში ბარსა 0:1 დამარცხდა რეალთან. ლეო გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი გახდა 7 გოლით.

23 აპრილი: ოსასუნასთან სეზონის 50-ე გოლი გაიტანა.

27 აპრილი: ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსამ ლეოს ორი გოლით რეალს 2:0 სძლია. მესის მეორე ბურთი ლიგის ისტორიაში ულამაზესთა შორის მოხვდა.

21 მაისი: ზედიზედ მესამედ, სულ კი მეხუთედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.

28 მაისი: მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 12 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სეზონი 55 ოფიციალურ მატჩში 53 გოლით დაასრულა – კარიერის რეკორდი! გახდა ბარსას პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ სეზონში 50 და მეტი გოლი გაიტანა.

31 მაისი: გაზეთმა მარკამ ზედიზედ მესამედ დაასახელა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ.

17 აგვისტო: ბარსამ ესპანეთის სუპერთასზე რეალს ორი მატჩის ჯამში 5:4 სძლია. ლეომ მადრიდში ერთხელ გაიტანა, კამპ ნოუზე ორჯერ. მესიმ ეს ჯილდო მეხუთედ აღმართა.

25 აგვისტო: უეფამ პირველად გამოავლინა ევროპის საუკეთესო მოთამაშე. ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ლეო დაასახელეს.

26 აგვისტო: ევროპის სუპერთასზე ბარსამ მესის და ფაბრეგასის გოლებით პორტუს 2:0 სძლია. ლეომ მეორედ მოიგო ეს თასი.

28 სექტემბერი: ჩემპიონთა ლიგაში ბატეს ორი გოლი გაუტანა და ბარსელონის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 194 გოლით მეორე ადგილზე მყოფ ლეგენდარულ ლადისლაუ კუბალას გაუთანაბრდა.

15 ოქტომბერი: რასინგთან დუბლი შეასრულა და ბარსას გოლეადორთა სიაში კუბალას გადაასწრო.

1 ნოემბერი: ბარსას მაისურით მე-200 გოლი გაიტანა – ჩემპიონთა ლიგაში ჩეხეთის ვიკტორიასთან 5:0 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

27 ნოემბერი: პირველად დაასახელეს არგენტინის საუკეთესო სპორტსმენად (ოქროს ოლიმპია), საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული (ვერცხლის ოლიმპია) კი მეექვსედ მიანიჭეს.

5 დეკემბერი: ფრანგულმა ეკიპმა მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

18 დეკემბერი: მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ბარსამ 4:0 მოუგო სანტოსს. ლეომ ორი გოლი გაიტანა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

23 დეკემბერი: ბრიტანულმა ჟურნალმა უორლდ სოკერმა წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ აღიარა. პირველად 2009 წელს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012)

ka_GEGeorgian