ფიფამ საბერძნეთი გარიცხა

ფიფას საგანგებო კომიტეტმა ორგანიზაციიდან გარიცხა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი კავშირის განცხადებაში ნათქვამია: ფიფას საგანგებო კომიტეტმა, რომლის წევრიცაა თითოეული რეგიონუ კონფედერაციის პრეზიდენტი, დღეს, 3 ივლისს გადაწყვიტა ფიფას წევრის სტატუსი ჩამოართვას საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას. საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებული სპორტის ახალი კანონი ეწინააღმდეგება ფიფას და უეფას პრინციპებს. ახალი კანონის თანახმად, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია ვერ იქნება დამოუკიდებელი, რაც ფიფას წევრი თითოეული ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციის მთავარი მონაპოვარია“.

მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მთავრობამ სკანდალური სპორტის კანონი მიიღო (2005 წლის სექტემბერში), ფიფას საგანგებო კომიტეტმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას 2006 წლის 15 ივლისამდე დაავალა პრობლემის მოგვარება და სპორტის ახალი კანონის ფიფას წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანა. დავალება არ შესრულდა, რასაც მოჰყვა კიდეც სასჯელი.

საგანგებო კომიტეტის სასჯელის გამო, აიკრძალა საბერძნეთის გუნდების (ყველა ასაკის ნაკრებები და კლუბები) მონაწილეობა საერთაშორისო შეჯიბრებში.

აკრძალულია ამ ქვეყნის გუნდებთან საერთაშორისო ოფიციალური თუ ამხანაგური მატჩების გამართვა.

საბერძნეთის ყველა ასაკის ნაკრები და კლუბები მოხსნილნი არიან ფიფას და უეფას ეგიდით გასამართი შეჯიბრებიდან. სასჯელი ვრცელდება მსაჯებზეც – ბერძენი არბიტრები ფიფას და უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებს ვერ მოემსახურებიან.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის და მისი ყველა წევრის (გუნდები, ფეხბურთელები, ოფიციალური პირები) დისკვალიფიკაცია უვადოა და იმოქმედებს მანამ, სანამ ქვეყნის ხელისუფლება კანონში სათანადო ცვლილებებს არ შეიტანს.

სასჯელი გაუქმდება მხოლოდ საგანგებო კომიტეტის მორიგი ოფიციალური განცხადების შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 4 ივლისი)

ka_GEGeorgian