ფიფას ორდენი ნოდარ ახალკაცს
საქართველოში ვიზიტად მყოფმა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დღეს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებთა ოფიციალური მატჩის დაწყებამდე, განაცხადა, რომ ფიფას უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა ნოდარ ახალკაცი უფროსი, სფფის პირველი პრეზიდენტი.
იოზეფ ბლატერმა ფიფას ორდენი მის შვილს, სფფის მესამე პრეზიდენტ ნოდარ ახალკაცს გადასცა.
ფიფას პრეზიდენტმა განაცხადა: „ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, ფიფამ გადაწყვიტა უმაღლესი ორდენით დააჯილდოვოს აწ გარდაცვლილი სახელგანთქმული მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი და ამ ნაბიჯით უკვდავჰყოს მისი სახელი. მას წელს 70 წელი შეუსრულდებოდა“.
ნოდარ ახალკაცის მოღვაწეობის პერიოდი თბილისის დინამოში საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის ისტორიაში საუკეთესოდ ითვლება.
ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული ნოდარ ახალკაცის თავკაცობით დინამომ 1978 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, 1976 და 1979 წლებში კი სსრკის თასი, ამას გარდა, რამდენჯერმე გახდა პირველობის ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი.
და რა თქმა უნდა, ახალკაცის დინამოს უდიდესი მიღწევა 1981 წელს მოგებული თასების მფლობელთა თასია, ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვება.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 11 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია