ფიფას რჩეული ვარსკვლავები და სამი ქართველი

1963 წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა. ფეხბურთის სამშობლოში ეს მოვლენა უნიკალური თამაშით აღინიშნა: 23 ოქტომბერს, რჩეული ინგლისელი ფეხბურთელები ფიფას მიერ შედგენილ მსოფლიოს ნაკრებს ლონდონში, უემბლიზე გაეჯიბრნენ და 2:1 მოიგეს.

ეს იყო ფიფას გუნდის დებიუტი.

მას შემდეგ მსოფლიოს ნაკრებმა კიდევ 19-ჯერ ითამაშა, მაგრამ არცერთ მომდევნო მატჩს არ ჰქონია ისეთი რეზონანსი, როგორიც უემბლიზე გამართულ პაექრობას – ერთ მხარეს საუკეთესო ინგლისელები, მსოფლიოს ნაკრებში კი 50-60-იანი წლების ვარსკვლავები: რუსი მეკარე ლევ იაშინი (იმ წელს ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს); მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ბრაზილიელი მცველი ჯალმა სანტოსი; 1962 წელს კონტინენტის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ჩეხოსლოვაკიელი იოზეფ მასოპუსტი; 1958 წელს ოქროს ბურთის მომგები ფრანგი რაიმონ კოპა; ყველა დროის საუკეთესო შოტლანდიელი დენის ლოუ; მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, შეუდარებელი პორტუგალიელი ეუსებიო და გუნდის კაპიტანი, ევროპის 2-გზის საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა თასის 5-გზის მომგები ალფრედო დი სტეფანო!

ფიფამ მართლაც რომ მსოფლიოს ნაკრები შეკრიბა, გუნდი, სადაც დიდი უნგრელი ფერენც პუშკაში და გერმანელი გოლეადორი უვე ზეელერი სათადარიგოთა შორის მოხვდნენ!

და რა სამწუხაროა, რომ ოქტომბრის იმ საღამოს უემბლიზე ვერ ითამაშა მიხეილ მესხმა, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელმა.

მსოფლიო ნაკრების თავკაცის, ჩილელი ფერნანდო რიერას მოთხოვნით, ფიფამ მესხიც მიიპატიჟა, თუმცა საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ლონდონში ლევ იაშინის გამგზავრებაც საკმარისი იყო. გამაღიზიანებელი კი ისაა, რომ მოსკოვში, ერთ-ერთ თამაშზე ჩასულ მიშა მესხს ფიფას მოსაწვევი დაგვიანებით გადასცეს…

ქართველმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ნაკრებში მაინც ითამაშა და ეს 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო დე ჟანეიროში მოხდა.

ბრაზილიელებმა ნიკეს ოქროს თასის პირველად მოგების 10 წლის იუბილე აღნიშნეს – მარაკანაზე სელესაო ფიფას ნაკრებს გაეჯიბრა. თბილისის დინამოს კიდევ ერთი ლეგენდარული თავდამსხმელი სლავა მეტრეველი II ტაიმში გამოჩნდა – ესპანელი ფორვარდი ამარო ამანსიო შეცვალა.

ისე, თამაშის ორგანიზატორი ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ძალიან უხეშად შეცდა: ნაკრებში გარინჩას მიწვევა დაავიწყდა! საკვირველი კი ისაა, რომ მსოფლიოს 1958 და 1962 წლების ჩემპიონატების ერთ-ერთი გმირი არც საპატიო სტუმართა შორის აღმოჩნდა.

ბრაზილიელებმა ეს შეცდომა 5 წლის შემდეგ ნაწილობრივ გამოასწორეს. 1973 წლის 19 დეკემბერს, მარაკანაზე, 131 ათასი ქომაგის თვალწინ სელესაომ 2:1 მოუგო მსოფლიო ნაკრებს და სწორედ ამ თამაშით გააცილეს მანე. ოფიციალურად კი იყო ასე, მაგრამ რეალურად თამაში მხოლოდ იმიტომ ჩატარდა, რომ გალოთებული და გაკოტრებული გარინჩასთვის ხალხს დახმარების ხელი გაეწვდინა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო საქველმოქმედო მატჩი. ფიფას ნაკრების მომდევნო თამაშებიც, მეტწილად, ასეთი იყო – გაეროს ეგიდით ტარდებოდა.

2001 წლის 3 იანვარს, იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში ფიფას ნაკრებმა რიგით მე-19 შეხვედრა ჩაატარა: იტალიელი მწვრთნელის არიგო საკის რჩეული ვარსკვლავები მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საერთო ნაკრებს გაეჯიბრნენ.

სწორედ ამ თამაშში გამოჩნდა მეორე ქართველი ფიფას გუნდში: კახა კალაძემ მთელი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა. ორიოდ კვირაში კალაძე კიევის დინამოდან მილანში გადაბარგდა…

2002 წლის 18 დეკემბერს, მადრიდში, რეალის საუკუნოვანი იუბილე აღნიშნეს – სამეფო კლუბმა სანტიაგო ბერნაბეუზე მსოფლიოს ნაკრებს უმასპინძლა. თამაში ფრედ 3:3 დასრულდა, ფიფას გუნდს კი, რომლისთვისაც ეს მე-20 მატჩი იყო, მას შემდეგ აღარც უთამაშია.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 1-31 აგვისტო)

ფოტოზე:
1968 წლის 5 ნოემბერი – ფიფას მსოფლიოს ნაკრები რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიასთან მატჩის წინ
პირველ რიგში (მარცხნიდან): ვოლფგანგ ოვერატი (გფრ), სლავა მეტრეველი (სსრკ), ამარო ამანსიო (ესპანეთი), პედრო როჩა (ურუგვაი), სილვიო მარსოლინი (არგენტინა), რობერტო პერფუმო (არგენტინა)
დგანან – ვალენტინ გრანატკინი (სსრკ; ფიფას პირველი ვიცე-პრეზიდენტი), დიტმარ კრამერი (გფრ; მსოფლიოს ნაკრების მწვრთნელი), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ), ვილი შულცი (გფრ), ლადისლაო მაზურკევიჩი (ურუგვაი), ლევ იაშინი (სსრკ), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), ალბერტ შესტერნიოვი (სსრკ), იანოშ ფარკაში (უნგრეთი), ლაიოშ შუჩი (უნგრეთი), დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია)

ka_GEGeorgian