ფინალამდე: 27

ხვალ საღამოს დიდი ევროფინალია, მაგრამ დღეს მხოლოდ გარდასულ ამბებზე, აქამდე გამართულ 27 იტალია-ინგლისზე დავწერ.
1933 წლის 13 მაისიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით მეტოქეთა ყველა თამაშის საერთო სტატისტიკა ასეთია: იტალიამ 10 პაექრობა მოიგო, 9 ფრედ დასრულდა, ხოლო 8ჯერ ინგლისელებმა გაიმარჯვეს. ბურთების შეფარდება ინგლისელთა სასარგებლოდაა – 31:33.
ასეთი ცნობები კარგია ზოგადი სურათისთვის, მაგრამ სტატისტიკა მხოლოდ ზედაპირული ამბავია და ის, ასე ვთქვათ, ბევრი საინტერესო ისტორიის რიცხვებში გარდასახული კრებულია და მეტი არაფერი.

იტალია-ინგლისის ჯახი კი, ოფიციალურ მატჩებზე რომ არაფერი ვთქვა, ამხანაგურიც საინტერესოა. ყველაფერს რომ თავი დავანებო, ორი საფეხბურთო კულტურის პაექრობა მგონია, რომელმაც ისტორიას დაუვიწყარი ამბები აჩუქა.

ამ პატარა ჩანახატში იმ იტალია-ინგლისებს გავიხსენებ, პირდაპირ ეთერში რომ ვნახე, თუმცა მანამდე ორ მნიშვნელოვან ამბავზე:

ჩემმა ფავორიტმა იტალიამ ინგლისი პირველად მხოლოდ მეცხრე პაექრობაში დაამარცხა, პირველი ჭიდილიდან ზუსტად ორმოცი წლის თავზე – 1973 წლის 14 ივნისს, ტურინში, კომუნალეზე – 2:0. მანამდე გამართული რვა თამაშიდან ოთხი ფრედ დასრულდა, ოთხიც ინგლისელთა სასარგებლოდ.

ეს ერთი და მეორე არანაკლებ საინტერესოა: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ეს გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ერთის გარდა ინგლისი ყველა შემთხვევაში დამარცხდა – მსოფლიოზე ორჯერ, ერთი და იმავე ანგარიშით 1:2, ევრო 80ზე კი 0:1. სამართლიანობისთვის უნდა დავწერო, რომ ევრო 2012ის მეოთხედფინალის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 კი დასრულდა, მაგრამ პენალტების სერიაც სკუადრა აძურამ მოიგო – 4:2.

ეს შესავლისთვის და ახლა იმ იტალია-ინგლისებზე, პირადად რომ ვნახე.

პირველი იყო მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს ფინალი, რომელიც ორივე გუნდმა დასანანად წაგებული ნახევარფინალის შემდეგ ითამაშა. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: იტალია და ინგლისი არგენტინასთან და გერმანიასთან პენალტებში ერთნაირი ანგარიშით 3:4 დამარცხდნენ და კიდევ უფრო უცნაური ისაა, რომ ორივემ ბოლო ორი დარტყმა გააცუდა – იმ ჩემპიონატის მასპინძელთაგან რობერტო დონადონიმ და ალდო სერენამ ვერ ივარგეს, ბობი რობსონის მშვენიერი გუნდიდან კი სტიუარტ პირსს და კრის უოდლს უმტყუნა ნერვებმა.

მცირე ფინალი კი მძიმე და არც ამის თქმის შემეშინდება – მოსაწყენი გამოდგა. მხოლოდ ბოლო წუთებში გამოცოცხლდნენ გუნდები და დამატებით დროს ისევ ძირითადში დასრულება ამჯობინეს: ჯერ რობერტო ბაჯომ გახსნა ანგარიში, მერე დევიდ პლატმა გაათანაბრა, სულ ბოლოს კი ტოტო სკილაჩიმ შეაგდო პენალტი და ჩემპიონატის ბომბარდირობაც დაიბევა. მანამდე ის და ჩეხოსლოვაკიელი ტომაშ სკუხრავი 5-5 გოლით ლიდერობდნენ…

1997 წლის 12 თებერვალს, უემბლიზე გამართული თამაში გაცილებით კარგად მახსოვს: იტალიაც და ინგლისიც ჩვენთან ერთად თამაშობდნენ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევში.

იმ დროს ალან შირერი დიდებულ ფორმაში იყო, სტივ მაკმანამანი ლივერპულის ლიდერი გახლდათ, მეტ ლე ტისიე საუთჰემპტონში ხატავდა და ზოგადად, ფავორიტად ყველას გლენ ჰოდლის გუნდი მიაჩნდა.

მაგრამ მატჩის ერთადერთი გოლი ლონდონის ჩელსის 30 წლის თავდამსხმელმა… ჯანფრანკო ძოლამ შეაგდო!

იმ დღეს ნაკრებში მხოლოდ მეორედ ითამაშა ფაბიო კანავარომ, თუმცა შირერს ფეხი არ გაანძრევინა! კანავარო სადებიუტო, ინგლისელებამდე გამართული ამხანაგურიდან დამამახსოვრდა – პირველივე წუთებიდან ძალიან საიმედოდ დადგა ნაკრების დაცვაში და კარიერის დასასრულამდე შეუდარებელი იყო…

1997 წელს იტალიამ და ინგლისმა კიდევ ორჯერ ითამაშეს: ზაფხულში, საფრანგეთის ოთხთა ტურნირზე – ჰოდლის გუნდმა ის თამაში 2:0 მოიგო და საბოლოოდ თასსაც დაეუფლა, და რომში, შესარჩევის ეგიდით. იტალია კი ძალიან ეცადა, მაგრამ მეტოქე ვერ გატეხა და საბოლოოდ ფლეი ოფში, რუსეთთან გადაინაცვლა…

ევრო 2012მდე მათ კიდევ ორჯერ ითამაშეს და ორივე ამხანაგური იტალიამ მოიგო, მაგრამ მათ აღარ გავიხსენებ და პირდაპირ კიევურ პაექრობაზე გადავალ, როი ჰოჯსონის და ჩეზარე პრანდელის გუნდების ჯახზე.

როცა თამაში უგოლოდ მთავრდება, კარგს არაფერს იფიქრებ, მაგრამ ის პაექრობა ევრო 2012ის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად მიმაჩნია: იტალია კი უკეთ გამოიყურებოდა, მეტი საგოლე მომენტიც ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს დანიელე დე როსიმ და ანტონიო დიამანტიმ ძელები შეაზანზარეს, მაგრამ მომენტებში ინგლისიც სახიფათოდ უტევდა. თუნდაც ბუფონის ის სასწაული რად ღირს, გლენ ჯონსონი რომ გააოგნა.

ბოლოს იყო პენალტები და იმ ამბებიდან ყველა ანდრეა პირლოს პანენკას იხსენებს. იმ დარტყმის დავიწყება მართლა შეუძლებელია – იტალია აგებდა, პირლოს რომ ვერ გაეტანა, დიდი ალბათობით ინგლისი გავიდოდა ნახევარფინალში, მან კი შედევრი დადო…

2014 წლის 14 ივნისს კი, მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით, მეტოქეებმა პირველად ითამაშეს სამხრეთ ამერიკაში: ბრაზილიის ქალაქ მანაუში, არენა დუ ამაზონიაზე ინგლისს ისევ ჰოჯსონი წვრთნიდა, იტალიას კვლავ პრანდელი და ისევ ჩემმა გუნდმა გაიხარა – 2:1. მაშინ მეგონა, რომ სკუადრა აძურა ცალი ფეხით მერვედფინალში იყო, მაგრამ ფლეი ოფში ვერცერთი გავიდა.

იმ თამაშის მსაჯი კი, მეეჭვება გახსოვდეთ. არც მე მახსოვდა, თამაშის ოქმს ჩავხედე და… ბიორნ კუიპერსი. ხვალ მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 10 ივლისი)
ფოტო:
FIFA.com & UEFA.com

ka_GEGeorgian