ფინალი ნახევარფინალში

რეალი-ჩელსის მადრიდული სპექტაკლის შემდეგ დავწერე, მათი ორივე მეოთხედფინალი ნებისმიერი ევროტურნირის ფინალს დაამშვენებდა-მეთქი და გუშინ მანჩესტერში, ეტიჰადზე, უკეთესი თამაში ვნახე. ამიტომაც, სიტი-რეალზეც იგივეს გავიმეორებ: ფინალის დარი თამაში იყო!

როცა ნახევარფინალში შვიდი გოლი გადის და ასეთი ანგარიში რჩება ტაბლოზე, იმის თქმაც თამამად შეიძლება, რომ საპასუხო ნახევარფინალი არანაკლები იქნება.

ძალიან გაგვიმართლა გულშემატკივრებს! რეალმა ხომ გვასიამოვნა ამ გაზაფხულზე და მგონი, სიტისკენაც ბევრს მოუბრუნდა გული ატლეტიკოსთან ორი უმძიმესი თამაშის და სპორტინგთან წავარჯიშების შემდეგ. თან, დღეს ვილიარეალი-ლივერპული გველის, რომელიც მინიმუმ, ძალიან საინტერესო იქნება.

რაც შეეხება ფინალს: მეორე წყვილი რამდენიმე საათში გავა მინდორზე, მაგრამ რატომღაც მგონია რომ ინგლისური ჯახი გველის. პროგნოზები უმადური საქმეა და ეს დიდი ხნის წინ მითხრეს, მაგრამ არც ვილიარეალი მგონია კლოპის ბიჭების დამმარცხებელი და ვერც ამ თავქარიან რეალში ვხედავ იმ ძალას (მოდრიჩის, ბეზემას, ვინისიუსის და კროოსის დიდი პატივისცემის მიუხედავად), გვარდიოლას იდეალურად აწყობილ მანქანას რომ შეაჩერებს.

თუ მოხდა და ჩემი ვარაუდი გამართლდა, დარწმუნებული ვარ პარიზული სიტი-ლივერპული ბოლო ორ ინგლისურ ფინალზე გაცილებით კარგი იქნება. რეალი-ჩელსის ორივე სერიაზე და გუშინდელ ეტიჰადურ ჯახზე რომ ვამბობ ფინალისთვის მემეტება-მეთქი, პირველ რიგში 2019 და 2021 წლებს ვგულისხმობ. სამი წლის წინანდელი ლივერპული-ტოტენჰემ ჰოთსფური და შარშანდელი ჩელსი-სიტი ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მოსაწყენ ფინალებს შორისაა.

4 მაისს შევიტყობთ თუ ვინ ითამაშებს 28 მაისს სტად დე ფრანსზე, გადამწყვეტ მატჩში. და დიდი ალბათობით, სწორედ სენდენური დაპირისპირებით გადაწყდება ოქროს ბურთის ბედიც.

ეს უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო პირველად თამაშდება ახალი ფორმატით – სეზონის მიხედვით. და ამ მომენტისთვის ის ხუთისთვის მემეტება. ამ ხუთიდან სამმა გუშინ ითამაშა.

ლუკა მოდრიჩი ვერ იდგა თავის სიმაღლეზე და ეს რეალს დაეტყო კიდეც. თუმცა პირადად მე დიდსულოვნად ვაპატიებ ხორვატს – 36 წლის ასაკში ყველა თამაშის უნაკლოდ ჩამთავრებას მას კი არა, გაცილებით ახალგაზრდებს ვერ მოვთხოვ.

მოდრიჩისგან განსხვავებით, მორიგი დიდებული მატჩი შემოგვთავაზა ბენზემამ და სამეფო კლუბის მაისურით ჩატარებული საიუბილეო, მე600 მატჩი გოლითაც აღნიშნა. და რაც ამ გოლს მოჰყვა, აუცილებლად უნდა დავწერო:

პირველი: ეს ფრანგის მე40 გოლია მიმდინარე სეზონში და რეალის ისტორიაში მხოლოდ მე5 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში შეაგდო ამდენი ბურთი – ალფრედო დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშის, უგო სანჩესის და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ;

მეორე: ბენზემა პირველია ისტორიაში, რომელმაც ერთი გათამაშების ფლეი ოფის გასვლით მატჩებში 5 ბურთი შეაგდო!

და მესამე: მე14 გოლი მიითვალა ამ გათამაშებაში, ლევანდოვსკის გადაასწრო და თუ სალაჰმა თავი არ გაიგიჟა, დიდი ალბათობით ბომბარდირიც გახდება.

ეს რაც შეეხებოდა ოქროს ბურთის მადრიდელ კანდიდატებს და სიტიდან ასეთი კევინ დე ბრუინი მგონია. ის გუშინ ძალიან, ძალიან კარგი იყო! გოლით ხომ ჩაეწერა კლუბის ისტორიაში – სიტიმ ასე მალე პირველად გაიტანა ლიგაში, მაგრამ მე ვერც ფოდენზე ერთი შეხებით გადაცემულ ბურთს დავუვიწყებ, რომელიც საგოლე გადაცემის სტატუსს ნაღდად იმსახურებდა. ამ ორი გამორჩეული მომენტის გარდა, ბელგიელი ლამის ყოველ ნაბიჯს უშეცდომოდ დგამდა და ამიტომაც არის ზედიზედ მეშვიდე წელი გვარდიოლას სასტარტო თერთმეტეულის შეუცვლელი წევრი.

და ყველაფრის მომგებ ესპანელს ვარსკვლავების სკამზე დასმა რომ არ ეუხერხულება, ეს 35ე წუთზეც ვნახეთ, როცა ატლეტიკოსთან მეოთხედფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აღიარებული სტოუნზი ფერნანდინიოთი ჩაანაცვლა.

ისე, კანსელუ და უოკერი რომ ჰყოლოდა სიტის, რეალს ამ სამი ბურთის გატანაც გაუჭირდებიდა. ეს ორი განაპირა მცველი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ალექსანდერ-არნოლდის და რობერტსონის შემდეგ მეორე საუკეთესო განაპირა წყვილია დღევანდელ ფეხბურთში.

და ბოლოს: ლიგის ნახევარფინალში მხოლოდ მესამედ გავიდა 7 გოლი. 1995 წელს იმ დიდებულმა აიაქსმა 5:2 გაანადგურა ბაიერნი, 2018 წელს კი ლივერპულმა ზუსტად იგივე ანგარიშით შეარცხვინა რომა.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 აპრილი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian