ფინალისიმა
იყო ასეთი კაცი – არტემიო ფრანკი, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი, 1973-1983 წლებში კი უეფას პრეზიდენტი. ის 1983 წლის ზაფხულში დაიღუპა სიენასთან, ავარიაში.
ფლორენციის ფიორენტინას და სიენას სტადიონები კარგა ხანია მის სახელს ატარებს და ამ ამბებს რომ თავი დავანებო, სენიორ ფრანკი ქართულ ფეხბურთთანაც პირდაპირ კავშირშია – 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, რეინშტადიონზე, დინამოელთა კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს სწორედ მან გადასცა თასების მფლობელთა თასი.
მისი პრეზიდენტობის დროს უეფამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მაგალითად ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი საგრძნობლად შეიცვალა და წარსულს ჩაბარდა მესამე ადგილისთვის შეხვედრა… კიდევ ბევრის გახსენება შეიძლება, მაგრამ ახლა სხვა რამეს ვიტყვი:
პრეზიდენტის სახელის უკვდავსაყოფად უეფამ არტემიო ფრანკის თასი დააწესა, რომელსაც ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები ეცილებოდნენ ერთმანეთს. სულ ორჯერ გათამაშდა ეს ჯილდო – 1985 წელს, როცა საფრანგეთმა პარიზში ურუგვაის აჯობა და 1993 წელს, როცა არგენტინამ მარ დელ პლატაში დანია მხოლოდ პენალტების სერიაში დაამარცხა.
და აი, 29 წლის შემდეგ, ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები დღეს კიდევ ერთხელ დადგებიან ერთმანეთის პირისპირ ოფიციალურად. ამჯერად ლონდონში, უემბლიზე, თუმცა ეს თამაში ახლა სხვა სახელს ატარებს – ფინალისიმა. ასე უწოდეს იტალიის და არგენტინის ნაკრებთა ჯახს, რომელიც შარშან დაიგეგმა, ჩემთვის კი ფრანკის თასის გაგრძელებაა.
როცა ჩემი ფავორიტი იტალიის და არგენტინის მატჩს ახსენებენ, პირველი, რაც თვალწინ დამიდგება ხოლმე, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალია, ნეაპოლში, სან პაოლოზე გამართული შეხვედრა, უფრო კონკრეტულად კი იმ პაექრობის 66-ე წუთი, როცა ვალტერ ძენგა კარიდან გამოვარდა, კლაუდიო კანიჯამ კი, მანამდე მთელი ტურნირის განმავლობაში უშეცდომოდ მოთამაშე მეკარეს და დაცვას წინდაუხედაობა არ აპატია და თავურით ანგარიში გაათანაბრა. ეს იყო იმ მსოფლიოზე იტალიის ნაკრების კარში გასული პირველი გოლი…
რა უნდოდა იმ ჩემი ცოდვით სავსეს? სად გამორბოდა? ვინ ეხვეწებოდა? მიქარა და დაისაჯა, ხოლო მერე რაც პენალტების სერიაში მოხდა, იმას ტრაგედია ეთქმის – არგენტინამ 4:3 დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იტალია და ფინალში გავიდა.
ნაპოლის ტიფოზების კერპმა დიეგო მარადონამ მეოთხე პენალტი შეაგდო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ჰოდა იმ ხალხმა, ვინც მანამდე ხუთი წლის განმავლობაში არგენტინელ ათიანზე ლოცულობდა, დიეგოს ზურგი აქცია – „გვიყვარხარ დიეგო, მაგრამ იტალია ყველაზე მნიშვნელოვანია“! ამ და დაახლოებით მსგავსი შინაარსის პლაკატებით ხვდებოდნენ მარადონას იმ ნახევარფინალის შემდეგ, ბოროტი ენები კი იმასაც ამბობენ, რამდენიმე თვეში დიეგო კოკაინზე რომ ჩავარდა და წელიწადნახევრიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ეს გავლენიანი იტალიელების შურისძიება იყო. ვინ იცის?
ეს ჩემი გასარჩევი ამბავი არაა. რაც იყო, იყო და ამას აღარაფერი შეცვლის, იტალია-არგენტინის პაექრობა კი კლასიკაა და რამდენიმე საინტერესო თამაშს იტევს, მათ შორის ზედიზედ ხუთ მსოფლიო ჩემპიონატზე – 1974 წლის ჯგუფიდან დაწყებული ზემოხსენებული ნახევარფინალით დამთავრებული.
1990 წლის 3 ივლისის მატჩიდან 32 წელიწადი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ორმა დიდმა ნაკრებმა მხოლოდ სამჯერ შეუტია ერთმანეთს, ყველა შემთხვევაში ამხანაგურად და სამივე ჭიდილი, ორი რომში, ერთიც მანჩესტერში, არგენტინამ მოიგო. სამივე თამაში ვნახე და იტალია ყველა შეხვედრაში თითქოს ვარჯიშზე იყო, რაღაცნაირად უგულოდ თამაშობდა. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
ჰოდა ძალიან მინდა დღეს ისეთი სკუადრა აძურა ვნახო, შარშან, ივნის-ივლისში რომ გამახარა: ლაღი, შემტევი და… გამარჯვებული. დიდი იმედი მაქვს ასეც მოხდება. აგერ, სენიორ მანჩინიმ თქვა, ლონდონში ჩვენი ისტორიის ერთი ლამაზი მონაკვეთი დაიხურებაო და აბა რა სჯობს ლამაზ დასასრულს? არაფერი!
4 ივნისიდან კი ახალი ეტაპი დაიწყება: იტალია ბოლონიაში გერმანიას დაუხვდება. ეს კიდევ უფრო ფერადი ჭიდილია და ამაზე რამდენიმე დღეში იყოს.
ამ წუთას კი, როგორც შარშან და როგორც ყოველთვის: ფორცა იტალია!
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 1 ივნისი)
ფოტო: FIFA.com