ფორთოხლის სამშობლოში: ულამაზესი ვალენსია

ყველაფერი ერთი ელექტრონული წერილით დაიწყო, რომელიც ჩემმა მეუღლემ ესპანეთიდან მიიღო: გიტარების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ ივნისის დასაწყისში ჩვენთან გეპატიჟებით და აბა თქვენ იცითო.

ჩვენც „ვიცოდით“: ვიზალიბერალიზაციის მოლოდინით თავგაბეზრებულებმა ნერვებმომშლელი, თუმცა აუცილებელი „საქმეები“ მოვილიეთ, პასპორტები შენგენის ვიზებით „დავიმშვენეთ“ და 9 ივნისს, ევრო 2016-ის დაწყებამდე (რა შუაშია, მაგრამ მაინც) ზუსტად ერთი დღით ადრე, ხუთნი მზიურ ესპანეთში გავფრინდით.

4 დღე ვალენსიაში და 3იც ბარსელონაში – ასეთი გამოდგა ერთკვირიანი მოგზაურობა ფორთოხლების სამშობლოში.

ვეცდები ნანახი და განცდილი სიტყვების ნაცვლად ფოტოებით გადმოვცე, თუმცა აუცილებლად დავწერ, რომ ორივე ქალაქში ყველაფერი ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ლამაზი იყო. საუკეთესო შთაბეჭდილებები, შესაძლოა, ესპანეთში პირველი მოგზაურობის ბრალიცაა, თუმცა ამაზე მარჩიელობას არ დავიწყებ. მთავარია, რომ ეს 7 დღე შესანიშნავი გამოდგა.

გიტარების კომპანია თან გადაგვყვა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით: ოფიციალურ შეხვედრაზე აქ არაფერს ვიტყვი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ვალენსიასთან მდებარე პატარა ქალაქ მუროში სტუმრობა და გიტარების ქარხნის დათვალიერება.

არანაკლებ სასიამოვნო გამოდგა დაბა კოკენტაინაში ვიზიტი: ესპანური სამზარეულოს გაცნობა… ღვინისძიებით.

და რა თქმა უნდა კლასიკური გიტარის ოსტატთა ორი ლამაზი საღამო ვალენსიის მუსიკალურ ცენტრში. პირველი საკონცერტო დღე ფლამენკოს უბადლო შემსრულებელს კარლოს პინიანას დაეთმო (მართლა ძალიან მაგარი იყო), მეორე კი ალამბრას ტრადიციულ, რიგით XIII საერთაშორისო კონკურსის ფინალისტებს…

ვალენსია, მგონი, ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ქალაქია მსოფლიოში. დარბის ყველა: ბავშვი, ზრდასრული, მოხუცი, ორსული, ველომოყვარულებზე კი არაფერს ვიტყვი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდებიან – მათთვის სპეციალური გზაა მოწყობილი. და არა მარტო ტურისტულ ადგილებში.

ქალაქის მშვენება კი სახელგანთქმული არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას ფანტასტიკური ნაგებობებია, რომელიც დამშრალი მდინარის კალაპოტშია აგებული: დედოფალ სოფიას სახელობის ოპერა, პრინც ფელიპეს სახელობის თანამედროვე მიღწევების მუზეუმი და ევროპის უდიდესი აკვარიუმი (ბუკლეტში ზუსტად ასე ეწერა) – ოკეანოგრაფიკი.

კალატრავას საოცარ კომპლექსს თან ერთვის გულივერის საბავშვო პარკი, რომლის ულამაზესი დიზაინი მხოლოდ სიმაღლიდან აღიქმება. და ყველაფერ ამას ლამის უსასრულო სარბენი და ველობილიკები აგვირგვინებს. არცაა გასაკვირი, რომ ვალენსია ყოველწლიურად მასპინძლობს ტრადიციულ მარათონს, რომელიც ისევე პოპულარულია სტაიერებში, როგორც, ვთქვათ, ნიუ იორკის ან ბერლინის.

ერთი სიტყვით, ვალენსია დიდებული იყო!

და მესტალია? უიმისოდ, აბა როგორ?!

სანამ მეუღლე და მეგობრები იქვე, სტადიონთან კაფეში ისვენებდნენ, მე ფოტოაპარატმომარჯვებული ვათვალიერებდი ვალენსიის მთავარ საფეხბურთო არენას და რამდენიმე წუთით მთავარი მწვრთნელის სავარძელშიც მოვიკალათე!

აი საკლუბო მუზეუმით კი, არ დავმალავ, უკმაყოფილო დავრჩი: ბევრი დიდი ტიტულის მომგები ვალენსია (მათ შორის უეფას და თასების მფლობელთა თასების, ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტი და ასე შემდეგ…) გაცილებით კარგ მუზეუმს იმსახურებს, ვიდრე ვნახე. რაღაცნაირი, უგულისყუროდ მოწყობილი მეჩვენა.

აი ქალაქზე კი ამას ნაღდად ვერ ვიტყვი: ვალენსია მშვენიერია!

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ვალენსია, ესპანეთი; 2016 წლის 8 ივნისი

ka_GEGeorgian