ფორცა აიაქსი!

ყველა გაგებით მისაბაძი კლუბი!
დღეს, როცა პრემიერლიგიდან დაქვეითებულები სეზონს უფრო დიდი ფინანსური მოგებით ასრულებენ, ვიდრე ბუნდესლიგის, ლა ლიგის და სერია ას გუნდთა უმრავლესობა (სხვებზე არაფერს ვამბობ), აიაქსი რჩება საუკეთესო მაგალითად, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო სათამაშო დონე და იყო ფინანსურად წელგამართული ასეთ უთანასწორო პირობებში.

ამ სეზონს აიაქსი სრული ბალანსით შეხვდა: 18 მილიონი დახარჯა, ტრანსფერებიდანაც ზუსტად 18 მილიონი მიიღო.

2021 წელს 18 მილიონად ერთი ნორმალური მოთამაშის გადაბირებაც წარმოუდგენელია, მაგრამ ეს სხვებისთვის, აიაქსი კი ვინ მოთვლის მერამდენედ გვაოცებს.

2019 წელს, ლიგის ნახევარფინალის მერე, საუკეთესო მოთამაშეები გაუშვა, ძალიან დიდი მოგებაც ნახა და აგერ, ორი წლის შემდეგ, ისევ დაფრინავს – ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ზედიზედ ოთხი მატჩი და მერვედფინალი გაინაღდა, იმ ნახევარფინალის შემდეგ პირველად.

16 თამაში, 12 მოგება, 51 გატანილი და მხოლოდ 8 გაშვებული გოლი – შეუძლებელია ამ სტატისტიკით არ გაოცდე, მაგრამ რიცხვები და ციფრები ერთია, მთავარი ის ფეხბურთია, რასაც ეს მშვენიერი გუნდი აჩვენებს!

ისევე როგორც 2018-19 წლების სეზონში, ეს აიაქსიც ძალიან სიმპათიურია, ჩემი ჯილა კი კვლავ დუშან ტადიჩია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩემ საყვარელ იუვეში, თუმცა ვეჭვობ ეს ოდესმე მოხდეს.

მოკლედ: ფორცა აიაქსი! ოღონდ იუვეს შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 ნოემბერი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian