ფორცა ფერარი!
ამაზე უკეთესად სეზონი ნაღდად ვერ დაიწყებოდა: ფერარიმ 2022 წლის პირველი დიდი პრიზი, ბაჰრეინის გრან პრი დუბლით, ყველაზე სწრაფი წრით და პოულით მოიგო! დღევანდელი რბოლის შემდეგ შარლ ლეკლერი პირველია 26 ქულით (25ს პლუს ქულა უსწრაფესი წრისთვის), კარლო საინსი მეორე 18ით, კონსტრუქტორთა თასის ჩათვლაში კი სკუდერიას მაქსიმუმი აქვს – 44!
სამეფო რბოლის ყველა მიმომხილველმა დაწერა და მეც გავიმეორებ: 2019 წლის 22 სექტემბერს გათამაშებული სინგაპურის გრან პრის შემდეგ ფერარიმ პირველად შეასრულა დუბლი! მაშინ სებასტიან ფეტელმა გაიმარჯვა (მან დღევანდელი რბოლა კოვიდის გამო გამოტოვა), შარლი კი მეორე იყო.
იმ ტრიუმფის შემდეგ, ორწელიწადნახევარში, 39 დიდი პრიზი გათამაშდა და დუბლი კი არა, ფერარიმ ერთხელაც ვერ გაიმარჯვა: 2020 წელი იტალიელებმა საერთოდ ჩააგდეს (VI ადგილი კონსტრუქტორთა თასზე), შარშან კი ცოტა გამოასწორეს სიტუაცია – მესამეზე გავიდნენ, მაგრამ მათი ყველა გულშემატკივრისთვის (მათ შორის ჩემთვის) 2021იც იმედგაცრუების სეზონი იყო და სხვა არაფერი.
შარშანდელი ჩემპიონატის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ფერარი მერსედესის და რედ ბულის ჭიდილში ვერ ჩაერეოდა. სწორედ მაშინ წავიკითხე, რომ სკუდერიამ 2021 წლის ბოლიდის განვითარებაზე მუშაობა შეაჩერა და ფინანსების დიდი ნაწილი 2022 წლისთვის, პირველი პოსტჰიბრიდული ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მიმართა. ეს ყველაფერი მოგვიანებით გუნდის შეფმა მატია ბინოტომაც დაადასტურა.
ტექნიკური რეგლამენტის ძირფესვიანი ცვლილების შემდეგ ველოდი, რომ ძალთა შეფარდება შეიცვლებოდა და ფერარიც ჩაერთვებოდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ბარსელონური და ბაჰრეინული ტესტების შედეგებიც იმედისმომცემი გამოდგა, თუმცა ასეთ დამაჯერებელ რბოლას მაინც არ ველოდი: ორივე ბოლიდი ძალიან ძლიერი და სწრაფი იყო, ბოქსებშიც მშვენივრად იმუშავეს როგორც საბურავების შეცვლაზე, ასევე ტაქტიკაზე, პირველი პიტ-სტოპის შემდეგ შარლის და მაქსის შეჯიბრება კი, რომელიც მონეგასკის ტრიუმფით დასრულდა, მჯერა, სეზონის ერთ-ერთ მშვენებად დარჩება!
რბოლის კომენტატორებმა ზუსტად შენიშნეს, რომ გუნდები აუცილებლად განაახლებენ ძრავებს. მერსედესსა და რედ ბულშიც (დღევანდელი კრახის შემდეგ, განსაკუთრებით) გამოფხიზლდებიან, თუმცა არც ფერარიში დაისვენებენ და ამიტომაც მგონია, რომ წინ ძალიან, ძალიან საინტერესო სეზონი გველის. წითლების ტიფოზებს კი ვულოცავ – წლებია ჩვენ ფავორიტებს ასე არ უქროლიათ!
დღევანდელი ტრიუმფის რამდენიმე საინტერესო ამბავი კი ასეთია:
ფერარიმ 231ედ დაიწყო რბოლა პირველი პოზიციიდან!
ფერარიმ 239ე გრან პრი მოიგო!
ფერარიმ მე7 გამარჯვება იზეიმა ბაჰრეინში!
ფერარიმ 255ე სწრაფი წრე მიითვალა!
ფერარიმ 85ედ შეასრულა დუბლი!
ყველა ეს შედეგი მსოფლიო რეკორდია!
ფორმულა 1 ჩემთვის ყოველთვის ფერარისთან იყო გაიგივებული და ამიტომაც მწყინდა, რომ ბოლო წლებში წითლები მხოლოდ მესამე ადგილისთვის იბრძოდნენ. დიდი იმედი მაქვს, დღეს სკუდერიას დაბრუნება ვიხილე. მინიმუმ, საამისოდ დიდი ნაბიჯი გადადგა.
დანარჩენი მომდევნო რბოლებში გამოჩნდება. მაგალითად 27 მარტს საუდის არაბეთში, როცა სეზონის მეორე დიდი პრიზი გათამაშდება. ისტორიაში მეორედ.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 20 მარტი)
ფოტო: Formula1.com