ფორცა ისე, როგორც არასდროს!

აჰა, 11 ივლისიც გათენდა და 11 ივლისი კიდე კალჩოს ისტორიაში ძალიან დიდი დღეა: 1982 წლის 11 ივლისს, მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუზე იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიას 3:1 გადაუარა და მესამედ ჩაიხუტა ფიფას ოქროს თასი.
ასეთ ანგარიშზე გადაუარაო არ ამბობენ, მაგრამ არ ვაჭარბებ: პაოლო როსის, მარკო ტარდელის და ალესანდრო ალტობელის გოლებამდე ანტონიო კაბრინიმ პენალტი ვერ გაიტანა, ენცო ბეარზოტის გუნდს კიდევ ჰქონდა მომენტები, გერმანელებმა კი ერთადერთი ბურთი თამაშის მიწურულს, მხოლოდ 83ე წუთზე შეაგდეს.
ფინალის ჩანაწერი რამდენჯერმე ვნახე და იტალიელთა იმდღევანდელ ფეხბურთს და უპირატესობას მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთისგან ხორვატთა ძლევას თუ შევადარებ, ისიც სანახევროდ.

უფროს, მრავლისმნახველ ქომაგებს 1982 წლის მსოფლიოს ფინალზე ერთი და იგივე უთქვამთ: ვიცოდით რომ იტალია მოიგებდა, გერმანიას, მიშელ პლატინის საფრანგეთთან ზღაპრული ნახევარფინალის შემდეგ, სირბილის თავიც აღარ ჰქონდაო.

წლების წინ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ინტერვიუ წავიკითხე და ეს დიდებული ფეხბურთელიც იმავეს ამბობდა – სევილიური ომის მერე ვიცოდით, რომ ფინალი უბრალოდ უნდა დაგვესრულებინაო.

რუმენიგე კარგად იყოს და იმ ფინალიდან 39ედ გათენდა 11 ივლისი და ისე მოხდა რომ იტალია დღეს კვლავ თასისთვის იბრძვის, ოღონდ ამჯერად ევროპის ჩემპიონის თასისთვის.

1982 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და არა მხოლოდ ფეხბურთში. მაგრამ არასაფეხბურთო ამბებს თავს დავანებებ და მთავარზე ვიტყვი: ახლანდელი ევროპირველობა იმ, ორმოცი წლის წინანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო წარმომადგენლობითია, თასის მოგება კი, თუნდაც ევროპის, გავბედავ და დავწერ – დღეს უფრო რთული მგონია. რატომ? 2021 წლის 11 ივლისს ფეხბურთს გაცილებით მეტი გუნდი თამაშობს კარგად, ვიდრე 1982 წლის 11 ივლისს. როგორც ამბობენ – თამაში ყველამ ისწავლა.

39 წლის წინანდელი ფინალის მასპინძელი სანტიაგო ბერნაბეუს მსგავსად, დღევანდელი სარბიელიც დიდებულია: უემბლი, ერთის გარდა ყველაფერი რომ უნახავს.

აი იტალიის დღევანდელ მეტოქეს კი მაშინდელ გერმანიაზე სუსტად მივიჩნევ, მაგრამ უფრო სახიფათოდ ვთვლი – ფეხბურთის სამშობლოს ნაკრები მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად მონაწილეობს გადამწყვეტ მატჩში, თან შინ თამაშობს. და სწორედ ესაა ის ერთადერთი, რასაც უემბლი ამ საღამოს პირველად ნახავს – ინგლისი ევროჩემპიონატის ფინალში.

და რატომაა ინგლისი სახიფათო?

ნახევარფინალში, მასპინძელთა და დანიის ნაკრებთა პაექრობისას მსაჯის რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილებაზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ მინდა თუ არა, გულში ვფიქრობ, რომ ჩემი ფავორიტი იტალიის მეტოქე დღეს მხოლოდ ინგლისის ნაკრების თეთრ ფორმაში გამოწყობილი ფეხბურთელები არ იქნებიან.

რობერტო მანჩინიმ და მისმა ბიჭებმა, სამი წელიწადია დაუმარცხებლად რომ მოდიან, ამ საღამოს უნდა აჯობონ:

ა – ინგლისელ მოთამაშეებს

ბ – ინგლისის ნაკრების ათიათასობით გულშემატკივარს

და გ – ბრიტანული სპორტის რამდენიმე მაღალჩინოსანს, რომლებიც კაბინეტებიდან ცდილობენ ნანატრ გამარჯვებაში თავის წვლილის შეტანას. იმ გადაწყვეტილებაზე გიარაკებთ, რითაც ძალიან ბევრ ტიფოზის ფინალზე დასწრება აუკრძალეს. მხოლოდ ათასი იტალიელი ლამის სამოცჯერ მეტი ფანის წინააღმდეგ – რბილად რომ ვთქვა, უსამართლობაა.

ხოლო ის, რომ სკუადრა აძურას ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, შესაძლოა, მსაჯთან და მის ასისტენტებთან ხმალაობაც შეიძლება მოუხდეს, ამის წარმოდგენაც არ მინდა! იმავე დანიასთან ნახევარფინალის შემდეგ პატივსაცემ ინგლისელთაგან რამდენიმემ ისეთი იკადრა, უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ. დამატებით დროში კასპერ შმეიხელის კარში დანიშნულ პენალტზე მაიკლ ოუენის, გარი ნევილის და კიდევ ერთი-ორი ექსპერტის მოსაზრებას ვგულისხმობ, გაეცნობოდით ალბათ. მათ კომენტარს ნაღდად დუმილი სჯობდა, დუმილი ხომ ოქროა ფასდაუდებელი.

ბოლოს ამას ვიტყვი: რაც იტალიას ვქომაგობ, სკუადრა აძურა მეხუთედაა მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

1994ში ვთვლიდი რომ ბრაზილია უკეთესი იყო.

2000 წელს ევროფინალისტების შანსებს თანაბრად ვაფასებდი.

2006ის ზაფხულშიც იგივე აზრზე ვიდექი.

2012ში ესპანეთი ცოტათი უკეთესი იყო და არა ისე, როგორც ფინალში გამოჩნდა.

დღეს კი, მიუხედავად მასპინძლებთან ჯახისა, მიმაჩნია რომ იტალიაა ფავორიტი.

იტალია ინგლისზე უკეთესი გუნდია.

იტალია ფინალამდე უფრო რთული გზით მოვიდა.

და მე ამ იტალიის ნაჩვენები ფეხბურთი მიყვარს და მხიბლავს და არა ამ ინგლისის.

თან, 11 ივლისია, ოქროს დღე კალჩოს ისტორიაში.

ამიტომაც: ფორცა იტალია!

ფორცა ისე, როგორც არასდროს!

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ივლისი)
ფოტო:
FIFA.com & UEFA.com

ka_GEGeorgian