ფოტო ძველი ჟურნალიდან

მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ინგლისის ნაკრების ყველა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის წევრი (სულ ოცდაათი კაცი) კომპანია ფორდისგან კორტინა 1600E-ით დაჯილდოვდა.
ამ სარეკლამო აქციით ორივე მხარემ მოიგო. ამერიკული ავტოგიგანტის ბოლო მოდელი სუპერპოპულარული იყო, თავის კლასში საუკეთესოდ ითვლებოდა და ძვირადაც ფასობდა – 700 გირვანქა სტერლინგი ღირდა.

რაც შეეხება ინგლისის ნაკრებს, გეცოდინებათ – ფიფას მთავარი ჯილდოს, ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკებას 1970 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ ეს გუნდი ფლობდა…

ოცდაათივე ფორდის ორივე ფრთას დიდი ბრიტანეთის და ჩემპიონატის მასპინძელი მექსიკის სახელმწიფო დროშები ამშვენებდა, წინა კარებს კი ლოგო წარწერით Chosen for England (ინგლისისათვის რჩეული).

რაც შეეხება სერია GWC, ეს Great World Cup-ის აბრევიატურაა.

ოცდაათიდან პირველი, ნომრით GWC 1H გუნდის კაპიტანს, ბობი მურს ერგო, რომელმაც ნაჩუქარი კორტინა მექსიკა 70-ის შემდეგ მალევე გაასხვისა, ნომერი კი ახალ მერსედესზე გადაიტანა.

ისიც გემახსოვრებათ, რომ მური და მისი თანაგუნდელები იმ მსოფლიოს მეოთხედფინალში სწორედ გერმანელებთან დამარცხდნენ, თან დამატებით დროში – 68ე წუთისთვის ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 2:3. დღეს ეს მატჩი ტურნირის კლასიკადაა აღიარებული.

მექსიკური უიღბლობის შემდეგ კაპიტანმა კიდევ სამი წელი ითამაშა ნაკრებში, მეორე დიდმა ინგლისელმა, სერ ბობი ჩარლტონმა კი გერმანელებთან 2:3ით დაასრულა სანაკრებო კარიერა. სხვათა შორის, მწვრთნელმა ალფ რემსიმ ჩარლტონი 2:0ზე შეცვალა და ეგებ, სწორედ ამის გამო დამარცხდა ინგლისი. ვინ იცის?..

დღეს იმ ოცდაათი ისტორიული ავტოდან მხოლოდ სამია ცოცხალი: მარტინ პიტერსის, ჯეფრი ჰერსტის და პიტერ ოსგუდის. თუმცა მათ უკვე კერძო კოლექციონერები ფლობენ…

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 იანვარი)
ფოტო:
FourFourTwo

ka_GEGeorgian