ფრანგების ჰეგემონია დასრულდა
რალის მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელი, XIV ეტაპი, რომელიც ავსტრალიაში უნდა გამართულიყო, გაუქმდა. ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA) ეს გადაწყვეტილება ახალი სამხრეთ უელსის რეგიონში მძვინვარე ხანძრის გამო მიიღო.
მწვანე კონტინენტზე კარგა ხანია ხანძარია და ცეცხლფარეშების ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ ვერ აქრობენ. სტიქიურ უბედურებას უკვე 3 ადამიანი შეეწირა, 150-მდე სახლი და შენობა კი განადგურდა. XIV ეტაპის ტრასა სწორედ ამ რეგიონში იყო დაგეგმილი.
FIA-ს გადაწყვეტილების მიღება იმანაც გაუადვილა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი წინა, XIII ეტაპზე გამოვლინდა – ტიტული ტოიოტას ესტონელმა ლიდერმა ოტო ტიანაკმა მოიპოვა, ხოლო კონსტრუქტორთა თასი ისტორიაში პირველად მოიგო კორეულმა ჰიუნდაიმ.
ტიანაკი პირველი ესტონელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. 32 წლის ავტომრბოლმა 2017 და 2018 წლების სეზონი III ადგილზე დაასრულა, წელს კი 6 ეტაპი მოიგო და კონკურენტთათვის მიუღწეველი გახდა.
ტიანაკის ჩემპიონობით დასრულდა ფრანგი ავტომრბოლების 15-წლიანი ჰეგემონია: 2004-12 წლებში სებასტიან ლოებმა ზედიზედ 9-ჯერ გაიმარჯვა, 2013-18 წლებში კი სებასტიან ოჟიე მიჯრით 6-ჯერ გახდა მთავარი თასის მფლობელი.
ცნობილია, რომ ტიანაკი 2020-21 წლებში ჰიუნდაის პილოტი იქნება. მხარეებმა ოქტომბერში გააფორმეს 2-წლიანი კონტრაქტი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 ნოემბერი)