ფრანკის თასი

ეს ფოტო 1981 წლის 13 მაისსაა გადაღებული დიუსელდორფში, რაინშტადიონზე: თბილისის დინამოს კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე თასების მფლობელთა თასს იღებს უეფას პრეზიდენტისგან, არტემიო ფრანკისგან.
ახლა არც ბატონ საშაზე ვაპირებ რამეს დაწერას და, მითუმეტეს, არც ამ დაქცეულ დინამოზე, პატივცემულ იტალიელ სენიორზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა.

ერთი კვირის წინ, 10 ივლისს, არგენტინის ნაკრებმა 1993 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო – სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი, იგივე კოპა ამერიკა, 11 ივლისს კი ჩემმა იტალიამ ევროპის თასი აღმართა, 53 წლის შემდეგ პირველად.

გუშინ წავიკითხე რომ უეფა და კონმებოლი მოლაპარაკებებს აწარმოებენ და, შესაძლოა, წლის ბოლოს ნეაპოლში, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე კონტინენტის ჩემპიონებმა დიადი არგენტინელი ათიანის სახელობის თასი გაითამაშონ.

არტემიო ფრანკიც, უფრო სწორად კი მისი სახელობის ჯილდო, ამ ამბავმა გამახსენა.

უეფას იტალიელი პრეზიდენტი ჩვენთვის ტკბილად მოსაგონარი დიუსელდორფის ფინალიდან ორ წელიწადში, ავტოავარიაში დაიღუპა. და რადგან ის ღვაწლმოსილი ფუნქციონერი გახლდათ, წლების განმავლობაში ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი და ევროპული ფეხბურთის განვითარებაში, მათ შორის ევროჩემპიონატის დახვეწაში დიდი წვლილი შეიტანა, უეფამ 1985 წელს მისი სახელი საერთაშორისო პრიზით უკვდავჰყო.

არტემიო ფრანკის თასი ევროპის და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონებს შორის სულ ორჯერ გათამაშდა: პირველად 1985 წელს და ევროპის 1984 წლის ჩემპიონმა საფრანგეთმა კოპა ამერიკის 1983 წლის ტრიუმფატორ ურუგვაის 2:0 აჯობა. მეორედ კი 1993 წელს – სამხრეთ ამერიკის 1991 წლის ჩემპიონმა არგენტინამ ევრო 92ის გამარჯვებული დანია 1:1ის შემდეგ პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. სხვათა შორის, იმ არგენტინის კაპიტანი დიეგო გახლდათ…

ჯილდოს ისტორია ამით ამოიწურა, მაგრამ 12 ივლისს, იტალიელთა ლონდონურ ტრიუმფს რომ ვიხსენებდი და ემოციებით ვტკბებოდი, გავიფიქრე: რა მაგარი იქნება იტალიამ და არგენტინამ ფრანკის თასის მაგვარი რომ გაითამაშონ, სხვა თუ არაფერი, ინტერესის ამბავია მეთქი.

გუშინ კი, ჩემდა გასახარად, ევროპის და სამხრეთ ამერიკის უძლიერეს ნაკრებთა შესაძლო პაექრობაზე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ დაწერა. მატჩის სავარაუდო თარიღიც დასახელდა – დეკემბერი ან იანვრის დასაწყისი.

სხვისი რა გითხრათ და თუ ეს დაპირისპირება შედგა, ნაღდად დიდი ამბავი იქნება. და იყოს დიეგო მარადონას სახელობის თასი, სენიორ არტემიოს ეს ამბავი, ვფიქრობ, არ ეწყინება.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 ივლისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian