განსაკუთრებულის განსაკუთრებულები

ის დიდებული ფსიქოლოგი და სტრატეგია. სხვანაირად ამდენს ვერ მიაღწევდა, – ლეგენდარულმა მოჭადრაკემ გარი კასპაროვმა ასე დაახასიათა ჟოზე მოურინიო.
სამეფო თასის ფინალში ბარსელონასთან 1:0 მოგებით მადრიდის რეალის თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ ესპანურ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო მთავარი მწვრთნელის რანგში. 90-იან წლებში, კამპ ნოუზე მუშაობისას, მან რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, თუმცა იმხანად ჯერ ბობი რობსონის თანაშემწე გახლდათ, შემდეგ კი ლუის ვან გაალის მარჯვენა ხელი.
პირველი კლუბი, რომელიც პორტუგალიელმა ჩაიბარა, ლისაბონის ბენფიკა იყო. ეს 2000 წელს მოხდა. მას შემდეგ 11 წელიწადი გავიდა და დროის ამ მოკლე პერიოდში ჟოზემ უამრავი ტურნირი მოიგო. რაც ყველაზე საინტერესოა, 4 ქვეყანაში და ალბათ, სამართლიანია რომ ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელთა შორის სახელდება.
მე განსაკუთრებული ვარ! – ეს სიტყვები პორტუგალიელმა ჩელსიში, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვა. ბრიტანულმა პრესამ, იქით რომ იგონებს ისტორიებს, ლანგრით მირთმეული სიამოვნებით აიტაცა და დაიწყო ის, რაც ახლაც გრძელდება და ვეჭვობთ, დიდხანს არც დასრულდება: მოურინიუს ლამის ყველა პრესკონფერენცია თუ ინტერვიუ ერთი დიდი სპექტაკლია, რომელსაც მეოთხე ხელისუფლება მოუთმენლად ელის. და არ აქვს მნიშვნელობა „განსაკუთრებული“ ლონდონის ჩელსის წვრთნის, მილანის ინტერს თუ მადრიდის რეალს.
რეალი დიდი კლუბია და მიკვირს, ამდენი ხნის მანძილზე როგორ ვერ მოიგო ტიტულები. აქ ამ შეცდომის გამოსასწორებლად მოვედი! – მადრიდში გამართულ პირველ პრესკონფერენციას მოურინიო ჩინებულ ფორმაში შეხვდა.
პორტუგალიელს სადებიუტო სეზონი ჯერ არ დაუსრულებია, ერთი თასი კი უკვე შემატა პრიზებით გადავსებულ საკლუბო მუზეუმს. სამეფო კლუბის პრეზიდენტი, მილიარდერი ფლორენტინო პერესი იმედოვნებს, რომ ერთ თვეში მისი გუნდი კიდევ ერთ თასს, გაცილებით პრესტიჟულ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ჯილდოს აღმართავს.
ჟოზესაც ამის იმედი აქვს.
და თუ ასე მოხდა, ის მართლა განსაკუთრებული გახდება: ჩემპიონთა თასი 3 სხვადასხვა კლუბში ჯერ არავის მოუგია.

ტოპ-ფრაზები – ჩელსი
…ბარსელონა დიდი კლუბია, თუმცა საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა თასი. არც ისე დიდი ხანია, რაც მწვრთნელი ვარ და იგივე ჯილდო მეც ერთხელ მაქვს მოგებული. (2005 წელს, ლიგაში ბარსასთან თამაშის წინ)

…როგორ ფიქრობთ, რატომ მაკრიტიკებენ კოლეგები? იციან, რომ მეორე დღეს გაზეთების პირველ გვერდზე იქნებიან, უფასო რეკლამაზე კი უარს ვერ ამბობენ.

…ჩელსი დიდებული კლუბია. რატომ? ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ – მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ხელმძღვანელობს.

…ოლდ ტრაფორდზე ჩვენთან წაგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მინდორს საპატიო წრეზე შემოურბინეს. პორტუგალიაში მათ ამისთვის ცარიელი ბოთლებით დააჯილდოვებდნენ.

…ნამდვილად არ მსურს მწვრთნელობა მასწავლოს ადამიანმა, რომელმაც მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი 0:4 წააგო (იოჰან კრუიფის მორიგი წერილის საპასუხოდ).

…როგორ ფიქრობთ, ვითვალისწინებდი თუ არა რომან აბრამოვიჩის აზრებს? ასე რომ ყოფილიყო, პრემიერლიგიდან პირველივე სეზონში გავვარდებოდით.

…მე კი არა, იესო ქრისტეს გამოუჩნდნენ ოპონენტები. ასე რომ, ვერაფრით გამაკვირვებთ.

ტოპ-ფრაზები – ინტერი
…რომ მთხოვონ, საკუთარი თავი 10-ქულიანი სისტემით შეაფასეო, 11-ს დავიწერდი (2009-10 წლების სეზონის დასრულების შემდეგ).

…სანტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ბარსელონას მე ავუკრძალე და ასე იქნება მინიმუმ 30-40 წელიწადი (შარშან, ლიგის ნახევარფინალში ბარსელონას დამარცხების შემდეგ).

…ძალიან გთხოვთ ალეგრის (მილანის მწვრთნელი) ნუ მადარებთ. მან ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა, მე კი ეს ტურნირი უკვე 2-ჯერ მოვიგე.

…წელიწადში 9 მილიონს კი არა, 11-ს გამოვიმუშავებ, ხოლო თუ სარეკლამო კონტრაქტებსაც მივათვლით, 14 მილიონი გამოვა.

…ძალიან მსიამოვნებს იმის ხილვა, თუ როგორ ზეიმობენ იუვენტუსის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ჩვენთან მოპოვებულ ქულას. და ეს იმის მიუხედავად, რომ 10 ქულით ჩამოგვრჩებიან.

…ვფიქრობ თუ არა იუვენტუსზე? ხომ ხედავთ, უძილობისგან თვალები მაქვს ჩაშავებული (იტალიის დერბის წინ).

…ვნახე თუ არა იუვენტუსის ბოლო მატჩი? კი, ამაურის გოლამდე ვუცქირე, მერე კი ძალიან გემრიელი ვახშამი მოგვიმზადეს და სასადილოში გუნდს შევუერთდი (იტალიის დერბის წინ).

…ნახევარფინალში ბარსელონასთან მოგებამ უფრო დიდი სიამოვნება მომანიჭა, ვიდრე ფინალში ბაიერნის ძლევამ.

…არიან მწვრთნელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოუგიათ, თუმცა არის ერთი, რომელიც ფინალს 3 ბურთით იგებდა და მაინც დამარცხდა (ჩელსის მწვრთნელის კარლო ანჩელოტის კრიტიკის საპასუხოდ).

…ავრაამ გრანტი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგება და პრემიერლიგაში II ადგილი ჩავარდნა არაა. ეს დამარცხებული კაცის სიტყვებია, ამის მთქმელი ტიტულებს ვერასდროს მოიგებს.

…იტალიაში გადმოსვლის შემდეგ დღეში 5 საათი ვმეცადინეობდი, რომ ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან და გულშემატკივრებთან თავისუფლად მესაუბრა. კლაუდიო რანიერიმ 6 წელი გაატარა ინგლისში და მიუხედავად ამისა, ხეირიანად არც გამარჯობის თქმა შეუძლია და არც დამშვიდობება.

…რანიერის ერთადერთი ტიტული სუპერთასია, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი ჯილდოა. ის ვერასდროს გახდება ჩემპიონი. საამისოდ მენტალიტეტის შეცვლაა საჭირო, მაგრამ ის ვერ მოასწრებს – ძალიან მოხუცია.

ტოპ-ფრაზები – რეალი
…ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ასე იყო პორტუში, ჩელსიში, ინტერში და ასეა რეალშიც.

…იმ გოლს, რომელიც ინიესტამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიტანა, ყველა შეაგდებდა. ამისთვის მას ოქროს ბურთი არ უნდა გადაეცეს.

…საკმარისად დიდი ვარ საიმისოდ, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მივიღო. მე ვადგენ შემადგენლობას და შედეგზეც პასუხისმგებელი თავად ვარ! (გენერალური დირექტორის ხორხე ვალდანოს კრიტიკის საპასუხოდ)

…ბენზემას გოლების გატანა უჭირს, მაგრამ ის ერთადერთი არაა. არის ერთი მოთამაშე, რომელშიც 45 მილიონი ევრო გადაიხადეს და მასაც იშვიათად გააქვს გოლები. თუმცა, მასზე, რატომღაც, საერთოდ არაფერს ამბობენ, ქარიმს კი ლამის ყოველ დღე აკრიტიკებენ (მინიშნება დავიდ ვილიაზე).

…თუ ბარსელონას ქულებს ასე აჩუქებენ, ჩემპიონატის მოგება ძალიან გაგვიჭირდება (ხიხონის სპორტინგის თითქმის მეორე შემადგენლობის ბარსელონასთან მარცხის შემდეგ).

…არ მესმის, რატომ გაღელვებთ პედრო ლეონის განაცხადს მიღმა დარჩენა? მარადონაა,ზიდანი თუ დი სტეფანო? ორი თვის წინ ის ხეტაფეში თამაშობდა.

…თქვენ მართლა გაინტერესებთ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები? 4-3-3 სისტემას ვანიჭებ უპირატესობას!

…ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ჩემზე უკეთესიც არ მოიძებნება.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 28 მაისი)

ka_GEGeorgian