გარიყულები

დიდება გმირებს!
დიდება უკრაინას!
დიდება თავისუფლებას!
ძალა ერთობაშია!

უკრაინაში ომს ყველა გონიერი ადამიანი ეწინააღმდეგება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, წარმოუდგენელი თავხედობა რუსეთს ძალიან, ძალიან ძვირად დაუჯდება.

ეკონომიკური სანქციები უკვე მოქმედებს და ამას მხოლოდ უტიფრები და უნამუსოები ვერ ხედავენ. იგრძნობა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და შეუქცევადი პროცესი პუტინს და მის ქვეშევრდომებს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს.

სანამ მეგობარ ქვეყანაში უდანაშაულო ხალხის სისხლი იღვრება, სანამ უკრაინელები გმირულად იცავენ თავს, მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ ერთიანდება – რუსებსა და დანარჩენ ქვეყნებს შორის წარმოსახვითი, თუმცა გაუვალი კედელი იგება!

განვლილი რამდენიმე დღის განმავლობაში ოკუპანტი ქვეყანა ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გარიყა, მათ შორის სპორტულმა კავშირებმაც.

ამ ტექსტში მხოლოდ სპორტული ამბებია, თუმცა სანამ კონკრეტულ სახეობებს ჩამოვთვლი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებაზე: სოკმა მსოფლიო და ევროპის სპორტულ ფედერაციებს რუსეთის და ბელარუსის გუნდების, კლუბების, ასევე ცალკეული ათლეტების დისკვალიფიკაცია ურჩია.

ამას გარდა, სოკმა უმაღლესი სპორტული ჯილდო – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი ჩამოართვა ვლადიმერ პუტინს, დმიტრი ჩერნიშენკოს და დმიტრი კოზაკს, რომლებიც 2014 წელს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ორგანიზებისთვის დააჯილდოვა.

ახლა კი ცალკეული სახეობები:

ფეხბურთი:
ფიფამ და უეფამ რუსეთის ყველა გუნდი (ეროვნული, ასაკობრივი და ქალთა ნაკრებები, ასევე კლუბები) საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთა. დისკვალიფიკაცია უვადოა და მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ეს ორი ორგანიზაცია გადაწყვეტს.

შედეგად: რუსეთის ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდები ვერ ითამაშებენ მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში. ვაჟებს ფლეი ოფში 24 მარტს პოლონეთი უნდა მიეღოთ, ქალებს კი 7 აპრილს უწევდათ თამაში.

საერთაშორისო სარბიელიდან მოიხსნა ევროთასებს შემორჩენილი ბოლო რუსული კლუბი მოსკოვის სპარტაკიც, რომელსაც ევროპალიგის მერვედფინალში ლაიპციგის რედ ბულთან უნდა ეთამაშა 10 და 17 მარტს. გერმანელები უბრძოლველად გავიდნენ მეოთხედფინალში.

გუნდების დისკვალიფიკაციამდე ორი დღით ადრე უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩამოართვა სანკტ-პეტერბურგის ზენიტის სტადიონს, გაზპრომ არენას. მთავარ მატჩს საფრანგეთი, სენ-დენის სტად დე ფრანსი უმასპინძლებს.

ამავდროულად: უეფამ გაწყვიტა ხელშეკრულება ერთ-ერთ მთავარ სპონსორთან, რუსეთის სახელმწიფო გაზის კორპორაცია გაზპრომთან. მხარეებს 2023-24 წლების სეზონის ჩათვლით უნდა ეთანამშრომლათ. არაოფიციალური ინფორმაციით უეფა გაზპრომისგან სეზონში 50დან 55 მილიონამდე ევროს იღებდა.

გაზპრომთან სასპონსორო კონტრაქტი გაწყვიტა გერმანიის ბუნდესლიგის კლუბმა გელზენკირხენის შალკე 04მაც.

ლონდონის ჩელსის რუსი მფლობელი, მილიარდერი რომან აბრამოვიჩი კლუბის მმართველი აღარ არის. სამი დღის წინ მან ჩელსი სპეციალური საქველმოქმედო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს გადააბარა.

ომის დაწყებისთანავე მოსკოვის დინამო დატოვა უკრაინელმა მწვრთნელმა, უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი ვორონინმა.

იგივე ნაბიჯი გადადგა უკრაინის ნაკრების რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩების მიხედვით ანატოლი ტიმოშჩუკმა, ვინც სანკტ-პეტერბურგის ზენიტში მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო. ამავე კლუბის უკრაინელი მცველი იაროსლავ რაკიცკიც სამშობლოში დაბრუნდა.

საერთო სურათის ფონზე სასიხარულოა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც ვადაზე ადრე დაასრულა თანამშრომლობა რუსულ VTB ბანკთან.

კალათბურთი:
ევროლიგამ დროებით აუკრძალა თამაში წამყვან რუსულ კლუბებს – მოსკოვის ცსკას, სანკტ-პეტერბურგის ზენიტს, მოსკოვის უნიქსს და ყუბანის ლოკომოტივს.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცსკა, თორნიკე შენგელიას გარდა, კიდევ ხუთმა ლეგიონერმა დატოვა, ხოლო ზენიტი – ასევე ხუთმა.

VTB ლიგაში ასპარეზობაზე უარი თქვეს ესტონეთის კალევმა და პოლონეთის ზელენა-გურამ.

ძიუდო:
საერთაშორისო ფედერაციის – IJF – გადაწყვეტილებით, გაუქმდა ყაზანის გრან სლემი, ხოლო ვლადიმერ პუტინს ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო ჩამოერთვა.

ევროპის ძიუდოს კავშირის – EJU – პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა რუსი სერგეი სოლოვეიჩიკი, რომელიც ამ პოსტზე 2007 წლიდან მოღვაწეობდა.

რაგბი:
რუსეთის ნაკრებ გუნდებს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასპარეზობა აეკრძალათ.

ჭადრაკი:
წელს ოლიმპიადა ხანტი-მანსიისკში უნდა გამართულიყო, თუმცა ტურნირი სხვა ქვეყანაში ჩატარდება. მასპინძელი მოგვიანებით გაირკვევა.

ტყვიის სროლა:
ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლასა და სასტენდო სროლაში მოსკოვში უნდა გამართულიყო, თუმცა საერთაშორისო ფედერაცია შეჯიბრებების სხვა ქვეყანაში გადატანას გეგმავს.

ხელბურთი:
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ რუსეთის და ბელარუსის გუნდები მისი ეგიდით გამართული ტურნირებიდან მოკვეთა.

ფრენბურთი:
მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში აღარ გაიმართება.

ფორმულა 1:
რუსეთის გრან პრი სოჭში აღარ გათამაშდება.

ხვალ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის – FIA – საგანგებო სხდომა ჩაინიშნა და შესაძლოა, დამატებითი სანქციების შესახებ შევიტყოთ.

ჰოკეი:
რუსეთის ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

2023 წელს რუსეთს ახალგაზრდული მსოფლიო პირველობა უნდა მიეღო, თუმცა ეს უფლება ჩამოერთვა. საგაისო მსოფლიო ჩემპიონატი ეროვნულ გუნდებს შორის ჯერ კიდევ სანკტ-პეტერბურგშია დაგეგმილი, მაგრამ დიდი ალბათობით, რუსეთი ამ ტურნირსაც დაკარგავს.

ციგურაობა:
რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ვერ იასპარეზებენ საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში ჩქაროსნულ ციგურაობასა და შორტ ტრეკში, ხოლო ფიგურული ციგურაობის კარსმომდგარი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ოთხ კვირაში საფრანგეთში, მონპელიეში დაიწყება, რუსების გარეშე ჩაივლის.

სათხილამურო სპორტი:
გაუქმდა რუსეთში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ტურნირი, მათ შორის მსოფლიო თასის ეტაპები ბარის თხილამურობაში, ფრისტაილსა და ტრამპლინიდან ხტომაში.

კერლინგი:
ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა პერმს.

უახლოეს დღეებში ჩამონათვალი, დიდი ალბათობით, გაიზრდება – საერთაშორისო ფედერაციები საგანგებო სხდომებს გეგმავენ.

P.S. ეს ფოტოები 7 წლის წინ, 2015 წლის 12 ივნისს გადავიღე ბაქოს მშვენიერ ოლიმპიურ სტადიონზე, ევროპის პირველი თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიის დროს.

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 1 მარტი)

ka_GEGeorgian