გახსოვთ 16 ნოემბერი?

ხვალ, 16 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს. ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, ჩვენი გუნდის მეტოქე უკრაინა იქნება.

ეს უკანასკნელი, როგორც საბჭოთა საფეხბურთო ცნობარებში წერდნენ თბილისის და მოსკოვის დინამოს დაპირისპირებების დროს, ჩვენი გუნდისთვის „უხერხული“ მეტოქეა: 3 ფრე და 7 წაგება 10 მატჩში, ბურთები – 6:17. ზუსტად იგივე მაჩვენებელი აქვს ჩვენ გუნდს საბერძნეთის წინააღმდეგ, უარესი კი მხოლოდ ირლანდიასთან.

მაგრამ ახლა უსიამოვნო ამბებზე არ გვინდა. პირადად მე გამარჯვების იმედი მაქვს და ამიტომ, ჩვენი ფეხბურთის მოყვარულებს ერთ სასიამოვნო თამაშს შეგახსენებთ: ოცდაათი წლის წინ, ევრო 1996-ის შესარჩევ ტურნირში, საქართველომ უელსს თბილისში უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. საინტერესო კი ისაა, რომ ეს იყო ჩვენი გუნდის ისტორიაში პირველი თამაში ნოემბერში და თან, ზუსტად 16-ში!

მას შემდეგ ნაკრებმა კიდევ ოთხჯერ ითამაშა 16 ნოემბერს და არასდროს დამარცხებულა. დიდებული იქნება, თუ ეს სერია ხვალინდელი თამაშითაც გაგრძელდება. რაც შეეხება უელსის შემდგომ „16 ნოემბრის მატჩებს“, ჩამონათვალი ასეთია:

2005: 3:2 თბილისში იორდანიასთან (გაიოზ დარსაძის უკანასკნელი თამაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე; შოთა არველაძის მე-20 გოლი; კახი კალაძის 50-ე მატჩი)

2007: 2:1 კატარში მასპინძლებთან (ამირან სანაიას და ნიკა გელაშვილის სადებიუტო თამაშები)

2015: 2:2 ალბანეთში (კახი ცხადაძის უკანასკნელი თამაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე; ჯაბა კანკავას მე-60 მატჩი)

2023: 2:2 თბილისში შოტლანდიასთან ევრო 2024-ის საკვალიფიკაციოში, როცა სქოთებმა მესამე დამატებულ წუთზე გაათანაბრეს ანგარიში და მესამე ცდაზე პირველი ქულა მოიპოვეს ეროვნულ სტადიონზე. ამ უკანასკნელის გარდა, 16 ნოემბერს გამართული სამივე თამაში ამხანაგური იყო.

მოკლედ, ასეთი ამბავია და დანარჩენი ბიჭებზეა. მე, ისევე როგორც ოცდაათი წლის წინ უელსთან, კვლავ ტრიბუნაზე ვიქნები და დანარჩენს ერთად ვნახავთ.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 15 ნოემბერი
ფოტო: nakrebi.ge

ka_GEGeorgian