გეჩოში: ტაქსით, მეტროთი და… ფიქრებით

გეჩო ბილბაოს გარეუბანია, ბილბაო – ბასკეთის მხარის უდიდესი ქალაქი, ბასკეთი – ესპანეთის ნაწილია გულის სიღრმეში დამოუკიდებლობაზე რომ ოცნებობს, ესპანეთი კიდე უდიდესი ისტორიის მქონე სახელმწიფო, მაგრამ ნამეტანი ოფიციალურად რომ არ გამომივიდეს, შინაურულად ვიტყვი: ესპანეთი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქვეყანაა, ულამაზესი, უთბილესი და უგემრიელესი.

ბასკეთში 2017 წლის ნოემბერში მოვხვდი რამდენიმე თვით ადრე, თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშების შესახებ გამოცემული ჩემივე წიგნის გამოისობით – პრეზენტაცია და მთელი ამბები! (ცოტას წავიმეტიჩრებ). იმ ისტორიას სხვა ალბომში მოვყვები, აქ კი გეჩოზე დავწერ ორიოდ სიტყვას.

თუ ზღვა, იახტები და ნავები, პატარა და კოხტა ქალაქები, გემრიელი ზღვისპირა რესტორნები და ზოგადად, სიმშვიდე გიზიდავთ, მაშინ გეჩოში მოგზაურობას გირჩევთ. საუკეთესოდ დასვენებისთვის იქ ყველაფერია. მართალია იქაურობას ტურისტად ვესტუმრე, მაგრამ ბილბაოს ეს პატარა მეზობელი ასეთად დავინახე.

პირველად გეჩოში საღამოს შევისეირნეთ. მასპინძელმა, რომელიც ბასკეთში გატარებული ერთი კვირის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვშორებია და თან გადაგვყვა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ერთ-ერთ რესტორანში შეგვიპატიჟა.

ხარის კუდის ხორცისგან მომზადებული წვნიანი თუ გაგისინჯავთ? მე კიდე იმ საღამოს დავაგემოვნე. მაპატიეთ სახელი რომ ვერ დავიმახსოვრე. ისიც მომიტევეთ, დიდი გურმანი რომ არ ვარ. კერძი კი… იყო რა, ვერ მოვიხიბლე. მასპინძელმა განწყობა რომ შემატყო, რას ისურვებო და… შემწვარი ქათამი ბასკურად ეს იყო რაღაც! როგორც ერთი ჩემი ულამაზესი მეგობარი იტყოდა – შოკი!

დიდებული საღამო გამოგვივიდა თავის კუბალიბრეებით, ბასკური ჩაკიდულებით და 80-იანი წლების სუპერპოპულარული ჰიტებით. და რადგან რესტორანს შუაღამემდე შევრჩით, სასტუმროში, ბილბაოში, სან მამესის სიახლოვეს (უფეხბურთოდ აბა როგორ?!), ტაქსით დავბრუნდით. 45 ევრო – მე და ჩემ მეუღლეს მძღოლმა კოხტად დაგვიანგარიშა.

თანხა ტყუილად არ ვახსენე. გათენდა და ამჯერად მეტროთი ვესტუმრეთ გეჩოს. 3 ევრო – ზუსტად ამდენი გადავიხადეთ მე და ნინომ კათედრალიდან 10-11 სადგურით დაშორებულ ამ მშვენიერ დასახლებამდე.

დღისით კი გეჩო ულამაზესი იყო და ზუსტად მაშინ, ზღვისპირა ბულვარში სეირნობისას მივხვდი, რომ სიბერე ასეთ დასახლებაში უნდა გავატარო: ორ ან სამსართულიანი სახლი პატარა ეზოთი და დიდი ფანჯრებით, აივნები სასურველია ზღვას გასცქეროდეს, ხოლო გალავანი ყველა შემთხვევაში ყვავილებით უნდა იყოს მორთული. და ფორთოხლის ხეებსაც დავრგავ. იყოს, ხელს არ შეგვიშლის.

გეჩოს მთავარი პლაჟის გაყოლებაზე, იახტკლუბსაც რომ იტევს, ზუსტად ასეთი სახლებია ჩამწკრივებული. ბევრი მათგანი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ააგეს მდიდარმა მეწარმეებმა და რამდენიმეს დღეს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

გეჩოს აღზევება XIX საუკუნის მიწურულს უკავშირდება, როცა ესპანეთში მდიდარი ბრიტანელები გამოჩნდნენ. მერე ისინი წავიდნენ, მაგრამ სახლები არსად წაუღიათ – XX საუკუნის დასაწყისში ინგლისელები შეძლებულმა ბასკებმა ჩაანაცვლეს, რომელთათვისაც ეს პატარა დასახლება გამოსაზამთრებლად იდეალური იყო. ნეგური, გეჩოს ძველი სახელი, ბასკურად სწორედ ზამთრის ქალაქს ნიშნავს…

რაც შეეხება გეჩოს სავიზიტო ბარათს, ეს პუენტე-კოლგანტეა, რკინის უზარმაზარ კონსტრუქციაზე თოკებით დაკიდული ელექტრო ხიდი. ბევრი ტურისტი იქაურობას სწორედ მის სანახავად სტუმრობს. ის ჯერ კიდევ 1893 წელს აიგო ალბერტო დე პალასიოსის პროექტით და თავის სტილში უძველესია მსოფლიოში. ეს პატიოსანი ბასკი არქიტექტორი კი ლეგენდარული გუსტავ ეიფელის ერთ-ერთი მოსწავლე გახლდათ…

პუენტე-კოლგანტეთი, რომელიც ბილბაოს კიდევ ერთ მეზობელ პორტუგალეტეს და გეჩოს ნაწილს, ლას არენასს აკავშირებს, ჯერ ერთ მხარეს ვიმგზავრეთ, შემდეგ პირიქით. 2 ევრო ღირს ერთი გზა, ხოლო თუ 45 მეტრის სიმაღლეზე გადებულ საფეხმავლო ხიდზე ასვლა და ზღვისპირა ხედებით ტკბობა გსურთ, დამატებით 8 ევრო უნდა გადაიხადოთ…

მგონი საკმარისად დავწერე.

გეჩო ძალიან ლამაზია.

და გემრიელი.

პრინციპში, მთელი ესპანეთი ასეთია.

ჩემი ხომ გჯერათ?

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
გეჩო, ესპანეთი; 2017 წლის 26 ნოემბერი

ka_GEGeorgian