გერმანია 2006: ოქროს ბუცი კლოზეს
გერმანიის ნაკრების თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიპოვა – მისი 5 გოლი კონკურენტთათვის მიუწვდომელი შედეგი აღმოჩნდა.
ბრემენის ვერდერის გოლეადორმა 2 გოლი გაუტანა კოსტა რიკის და ეკვადორის ნაკრებებს, 1/4ფინალში კი არგენტინელებიც დაამწუხრა.
ამ 5 გოლის წყალობით მიროსლავ კლოზე იმ იშვიათ ფეხბურთელებს შეუერთდა, რომლებმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე 10 და მეტი გოლი გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე კლოზემ ასევე 5ჯერ გამოჩინა თავი.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირს ასე ცოტა გოლი 1962 წლის ტურნირის შემდეგ არ გაუტანია. მაშინ, ჩილეში გოლეადორის ტიტული 4 გოლით ბრაზილიელებმა გარინჩამ და ვავამ, ჩილელმა ლიონელ სანჩესმა, უნგრელმა ფლორიან ალბერტმა, საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელმა ვალენტინ ივანოვმა და იუგოსლავიელმა დრაჟენ იერკოვიჩმა მოიპოვეს.
მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირები
2006 მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 5 გოლი
2002 რონალდო (ბრაზილია) – 8
1998 დავორ შუკერი (ხორვატია) – 6
1994 ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი), ოლეგ სალენკო (რუსეთი) – 6
1990 სალვატორე სკილაჩი (იტალია) – 6
1986 გარი ლინეკერი (ინგლისი) – 6
1982 პაოლო როსი (იტალია) – 6
1978 მარიო კემპესი (არგენტინა) – 6
1974 გრჟეგოჟ ლიატო (პოლონეთი) – 7
1970 გერდ მიულერი (გფრ) – 10
1966 ეუსებიო (პორტუგალია) – 9
1962 გარინჩა, ვავა (ორივე ბრაზილია), ვალენტინ ივანოვი (სსრკ), დრაჟენ იერკოვიჩი (იუგოსლავია), ფლორიან ალბერტი (უნგრეთი), ლიონელ სანჩესი (ჩილე) – 4
1958 ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი) – 13
1954 შანდორ კოჩიში (უნგრეთი) – 11
1950 ადემირი (ბრაზილია) – 9
1938 ლეონიდასი (ბრაზილია) – 8
1934 ოლდრჟიხ ნეედლი (ჩეხოსლოვაკია) – 5
1930 გილერმო სტაბილე (არგენტინა) – 8
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 10 ივლისი)