გერმანია 2006: ორი დღით ადრე

ორი დღეც და მსოფლიოს XVIII ჩემპიონატი დაიწყება.
გერმანია ფავორიტია, ბრაზილია ტიტულს იცავს, ოქროს თასისთვის რამდენიმე ახალი ნაკრები ითამაშებს…
ვის დარჩება ფიფას თასი? ბერლინამდე დიდი გზაა და სანამ გერმანიის დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიიდან არაერთ საინტერესო ფაქტს შემგთავაზებთ.
დღეს
IV ნაწილში თავმოყრილ 22 ამბავს გეტყვით:

1: ინგლისის ნაკრების მეკარემ, პიტერ შილტონმა 1982, 1986 და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 მატჩში არ გაუშვა გოლი. ტურნირის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.

2: უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე აქამდე ჩატარებულ 644 შეხვედრაში 1 916 გოლია გასული, საშუალოდ თამაშში 3 გოლი.
საუკეთესო მაჩვენებელი 1954 წელს დაფიქსირდა შვეიცარიაში – საშუალოდ 5,4 გოლი, მაშინ როცა 1990 წელს, იტალიაში, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო – 2,2 გოლი.
1930-78 წლებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშში საშუალოდ 3 გოლი გადიოდა.

3: სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატის ყოველი მე3 მატჩი 1:0 ან 2:1 სრულდება.
უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე გამართული შეხვედრების მხოლოდ 8% დასრულდა ფრედ 0:0.

4: მსოფლიოს ჩემპიონატებზე 141 გოლია გასული პენალტიდან, ხოლო 24ჯერ ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს ბურთი.

5: მსოფლიოს ჩემპიონატებზე საიუბილეო მე2 000 გოლი გერმანიაში გავა.
აქამდე გასული საიუბილეო ბურთებიდან რამდენიმე სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა გაიტანა: მე800 – 1970 წელს გერმანელმა გერდ მიულერმა (ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი); 1 200ე – 1986 წელს ფრანგმა ჟან–პიერ პაპენმა; 1 300ე – 1986 წელს ინგლისელმა გარი ლინეკერმა (საუკეთესო ბომბარდირი); 1 900ე – 2002 წელს იტალიელმა კრისტიან ვიერიმ.

6: მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი გერმანელ გერდ მიულერს გაუტანია – 14. 1970 წელს მან 10ჯერ გამოიჩინა თავი, ხოლო 1974 წელს – 4ჯერ.
ერთ ტურნირზე ყველაზე მეტი ბურთი ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა შეაგდო 1958 წელს – 13.
ფეხბურთის მეფე პელეს და ბრაზილიის დღევანდელი ნაკრების საუკეთესო გოლეადორ რონალდოს 12-12 გოლი აქვთ გატანილი.

7: მხოლოდ პელეს და გერმანელ უვე ზეელერს გაუტანიათ გოლები მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე.

8: ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა (1958) და ბრაზილიელმა ჟაირზინიომ (1970) მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულ უკლებლივ ყველა შეხვედრაში გამოიჩინეს თავი. პირველი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, ბრაზილიელი კი მსოფლიოს ჩემპიონი.
იტალიელმა სალვატორე სკილაჩიმაც მოახერხა ერთი მსოფლიო ჩემპიონატის 6 შეხვედრაში გოლის გატანა, თუმცა 1990 წელს მან 7 თამაში ჩაატარა.
სკილაჩის იტალია მაშინ III ადგილზე გავიდა, თავად ფეხბურთელმა კი საუკეთესო მოთამაშის და ბომბარდირის ტიტულები მოიგო.

9: მსოფლიო ჩემპიონატებზე დანომრილი მაისურებით 1954 წლიდან თამაშობენ. მას შემდეგ მე9 ნომრებმა 214 გოლი გაიტანეს, მე10 ნომრებმა – 201, ხოლო მე11 ნომრით მოთამაშეთა აქტივში 163 გოლია.

10: 1962 წელს საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ერთბაშად 4მა ფეხბურთელმა მოიპოვა.

11: 2002 წელს, III ადგილისთვის შეხვედრაში, თურქეთის ნაკრების ფორვარდმა ჰაქან შუქურმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა – კორეელთა კარი თამაშის დაწყებიდან 11 წამში დალაშქრა!

12: 1978 წელს გფრ ავსტრიასთან ბოლო ნახევარ საუკუნეში პირველად დამარცხდა – 2:3. ავსტრიელებს გამარჯვება გერმანელმა მცველმა ბერტი ფოგთსმა არგუნა, რომელმაც საკუთარ კარში გაიტანა გოლი. მას შემდეგ ფოგთსს ბუნდესნაკრებში აღარ უთამაშია.

13: 1978 წელს, ჰოლანდია-იტალიის შეხვედრაში, ჰოლანდიელმა ერნი ბრანდტსმა ჯერ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და მეტოქე დააწინაურა, მოგვიანებით კი თავადვე გაათანაბრა ანგარიში.

14: სამხრეთაფრიკელმა პიერ ისამ 1998 წელს, საფრანგეთთან შეხვედრაში 77ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე მან მეორე გოლი გაიტანა საკუთარ კარში, თუმცა თამაშიდან რამდენიმე დღეში ფიფამ მეორე ავტოგოლის ავტორად ფრანგი ტიერი ანრი დაასახელა, რომელსაც ბურთი ისას დარტყმის შემდეგ შეეხო და კარში შევარდა.

15: 2002 წლის 5 ივნისს, კორეის ქალაქ სუვონში, პორტუგალიისა და აშშის ნაკრებთა თამაშში 2 ავტოგოლი გავიდა: ჯერ პორტუგალიელმა ჟორჟე კოშტამ „გამოიჩინა“ თავი, დაახლოებით ერთ საათში კი ამერიკელმა ჯეფ აგოოსმა.

16: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 46 შემთხვევაა დაფიქსირებული, როცა მოთამაშემ ერთ შეხვედრაში 3 და მეტი გოლი გაიტანა.
უნგრელმა შანდორ კოჩიშმა (1954 წელს), ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა (1958), გერმანელმა გერდ მიულერმა (1970) და არგენტინელმა გაბრიელ ბატისტუტამ (1994, 1998) ასეთი რამ 2ჯერ მოახერხეს.
ბატისტუტა ერთადერთია, რომელმაც თამაშში 3 გოლი 2 მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

17: მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე სწრაფი ჰეთ–თრიქი უნგრელ ლასლო კიშს ეკუთვნის, რომელმაც 1982 წელს სალვადორს 7 წუთში გაუტანა 3 გოლი.
1998 წელს ბატისტუტამ იამაიკასთან ჰეთ–თრიქი 11 წუთში შეასრულა.

18: მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში ყველაზე მეტი გოლი – 7, 1958 წელს გავიდა. შვედეთში მასპინძლები ბრაზილიასთან დამარცხდნენ (2:5), რომლებმაც იმ დღეს პირველად მოიგეს ნიკეს ოქროს თასი.

19: მუნდიალებზე გამართული 644 თამაშიდან 500ზე მეტი დასრულდა რომელიმეს გამარჯვებით. საშუალოდ, 4დან მხოლოდ 1 შეხვედრა სრულდება ფრედ.

20: უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე პენალტების სერია 16ჯერ დაინიშნა.
პირველად 1982 წლის ტურნირის ნახევარფინალში, გფრის და საფრანგეთის ნაკრებთა შორის.
1994 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა პენალტების სერიაში პირველად გაირკვა – ბრაზილიელებმა იტალიელებს სძლიეს, 3:2.

21: სკუადრა აძურა 1990, 1994 და 1998 წლებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე 3ჯერ მონაწილეობდა პენალტების სერიაში და ყველა შემთხვევაში დამარცხდა: პირველად არგენტინასთან 1/2ფინალში, მეორედ ბრაზილიასთან ფინალში, მესამედ კი საფრანგეთთან 1/4ფინალში.
საინტერესოა, რომ ამ 3 ტურნირზე იტალიამ 19 მატჩიდან ძირითად დროში მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო – 1994 წელს, ჯგუფში ირლანდიასთან 0:1.

22: მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ევროპული გუნდები 220ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, სამხრეთამერიკულები – 18ჯერ, ხოლო ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლები – 2ჯერ.
მსოფლიოს ჩემპიონატებზე აფრიკის, ოკეანეთის  და აზიის გუნდებს ერთმანეთთან არასდროს უთამაშიათ.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 7 ივნისი)

ka_GEGeorgian