გერმანია 2006: ოთხი დღით ადრე

რამდენიმე დღეც და მსოფლიოს XVIII ჩემპიონატი დაიწყება.
გერმანია ფავორიტია, ბრაზილია ტიტულს იცავს, ოქროს თასისთვის რამდენიმე ახალი ნაკრები ითამაშებს…
ვის დარჩება ფიფას თასი? ბერლინამდე დიდი გზაა და სანამ გერმანიის დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიიდან არაერთ საინტერესო ფაქტს შემგთავაზებთ.
დღეს
II ნაწილში თავმოყრილ 22 ამბავს გეტყვით:

1: ფიფა დიდი ბრიტანეთის სამეფოს 4 ქვეყანას: ინგლისს, შოტლანდიას, ჩრდილოეთ ირლანდიას და უელსს ითვლის. მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხივემ ერთად მხოლოდ ერთხელ, 1958 წელს შვედეთში ითამაშა.

2: 1974 წელს დასავლეთ გერმანიაში გამართული უდიდესი საფეხბურთო ტურნირი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
მას შემდეგ მხოლოდ ორმა მასპინძელმა მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება: 1978 წელს არგენტინამ და 1998 წელს საფრანგეთმა.
მათ გარდა უდიდესი საფეხბურთო ტურნირი სამშობლოში მოუგიათ ურუგვაის (1930 წელს), იტალიას (1934 და ინგლისს (1966).

3: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 3ჯერ მოხდა, როცა მასპინძელი ქვეყნის გუნდი 1/4ფინალში ვერ გავიდა: 1982 წელს ესპანეთში, 1994 წელს ამერიკაში და 2002 წელს კორეა–იაპონიაში. კორეელებმა ნახევარფინალს კი უწიეს, მაგრამ იაპონია 1/8ფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრს.

4: ყველაზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრაზილიელებს უთამაშიათ. ამ ქვეყნის ნაკრებს ერთი ტურნირიც არ გამოუტოვებია! შემდეგ მოდიან გერმანელები და იტალიელები – ისინი მსოფლიოს 15 ჩემპიონატში მონაწილეობდნენ.

5: ბრაზილიამ (2,23%), გერმანიამ (1,98%) და იტალიამ (1,91%) არა მარტო ყველაზე მეტი თამაში ჩაატარეს მსოფლიო ჩემპიონატებზე, ამ გუნდებს ქულათა საუკეთესო საშუალო მაჩვენებელიც აქვთ.
შემდეგ მოდიან ხორვატია (1,80%) და დანია (1,77%), თუმცა ამ გუნდებმა მსოფლიოს 2 და 3 ჩემპიონატზე ითამაშეს.

6: პირველი ქვეყანა, რომელიც აზიის კონტინენტს წარადგენდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, 1938 წელს, ჰოლანდიის ინდოეთი იყო. ამ ქვეყნის ნაკრებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა ფინალურ ეტაპზე – უნგრეთთან 0:6 განადგურების შემდეგ გამოეთიშა შეჯიბრს.

7: 1950 წელს ჯგუფურ ტურნირში იტალია შვედეთთან დამარცხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე თამაში წააგო.

8: 1938 წლის შემდეგ მხოლოდ 1994 წელს პირველად ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების გარეშე.

9: საფრანგეთის ნაკრებზე უარესად მსოფლიოს ჩემპიონის რანგში არავის უასპარეზია: 2002 წელს კორეა-იაპონიაში, ფრანგებმა არათუ შემდეგ ეტაპზე ვერ გააღწიეს, ერთი შეხვედრაც ვერ მოიგეს და გოლიც ვერ გაიტანეს! არადა, ამ გუნდის ღირსებას პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ტიერი ანრი და სერია ა-ში ყველაზე მეტი გოლის გამტანი დავიდ ტრეზეგე იცავდნენ!

10: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი გუნდები ბრაზილია და გერმანია ერთადერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. სამხრეთამერიკელებმა 2:0 მოიგეს.
ამ თამაშს საფეხბურთო სამყარო 17 მსოფლიო ჩემპიონატის მანძილზე უცდიდა!

11: 1970 წელს უნიკალური ფაქტი დაფიქსირდა – ნახევარფინალში გასული გუნდებიდან სხვადასხვა დროს ყველას მოეგო ტურნირი: ბრაზილიას 1958 და 1962 წლებში, ურუგვაის 1930 და 1950 წლებში, იტალიას 1934 და 1938 წლებში, ხოლო გერმანიას 1954 წელს.

12: ყველაზე დიდხანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს იტალიის ნაკრები ინარჩუნებდა. სკუადრა აძურამ ნიკეს ოქროს თასი 1934 წელს მოიგო, 1938 წელს ტიტული დაიცვა, ახალი მსოფლიოს ჩემპიონი კი მხოლოდ 1950 წელს გამოვლინდა. აქედან გამომდინარე, იტალია მთელი 16 წლის მანძილზე იყო მსოფლიოს ჩემპიონი.

13: ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკელ მეკარე ანტონიო კარბახალს და გერმანელ ნახევარმცველ ლოთარ მათეუსს უთამაშიათ. პირველი 1950–66 წლებში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირებზე ასპარეზობდა, მეორე – 1982–98 წლებში. მათეუსს ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული ფინალურ ეტაპზე – 25. წუთების მიხედვით პირველი პაოლო მალდინია, იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი – 23 მატჩში მან 2 220 წუთი დაჰყო მინდორზე.

14: ჩრდილოირლანდიელი ნორმან უაითსაიდი, რომელმაც 1982 წელს იუგოსლავიელთა წინააღმდეგ 17 წლისამ და 41 დღისამ ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია. ყველაზე ასაკოვანი კი კამერუნელი როჟე მილაა – 1994 წელს, ამერიკაში რუსების წინააღმდეგ ის 42 წლის და 39 დღის იყო.

15: 1994 წელს, რუსეთთან 1:6 წაგებულ შეხვედრაში როჟე მილამ თავისი გუნდის ერთადერთი გოლი შეაგდო. მაშინ ის 42 წლის და 39 დღის იყო. ამ შედეგით აფრიკელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უხუცესი მეგოლეა.

16: მსოფლიო ჩემპიონატებზე ერთ შეხვედრაში ყველაზე მეტი გოლის გატანა რუსმა ოლეგ სალენკომ მოახერხა: 1994 წელს, ამერიკაში, კამერუნთან 6:1 მოგებულ თამაშში მან 5ჯერ გამოიჩინა თავი!

17: ბრაზილიელი ვავა და პელე, ასევე გერმანელი პაულ ბრაიტნერი გამორჩეულნი არიან: ამ ფეხბურთელებმა მსოფლიოს 2 ჩემპიონატის ფინალში მოახერხეს თავის გამოჩენა. პირველმა 1958 და 1962, მეორემ 1958 და 1970, ხოლო მესამემ 1974 და 1982 წლებში.

18: მსოფლიო ჩემპიონატი მოთამაშის და მწვრთნელის რანგში მხოლოდ ორს მოუგია: ბრაზილიელ მარიო ზაგალოს (1958 და 1962 წლებში – მოთამაშე, 1970 წელს – მწვრთნელი) და გერმანელ ფრანც ბეკენბაუერს (1974 წელს – მოთამაშე, 1990 წელს – მწვრთნელი).
მარიო ზაგალოს მწვრთნელის რანგში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აქვს წაგებული, ფრანც ბეკენბაუერი კი ფეხბურთელობისას 1966 წელს, ხოლო მწვრთნელობისას 1986 წელს დამარცხდა ფინალში.

19: გერმანელი მეკარე ოლივერ კანი ერთადერთია, რომელმაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. ეს 2002 წელს მოხდა.

20: მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი ლევ იაშინის სახელს ატარებს. ლეგენდარულ ფეხბურთელს 1958, 1962 და 1966 წლების უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე უთამაშია. 1970 წელს ის ნაკრებს მექსიკაშიც ახლდა, თუმცა 41 წლისა მოედანზე არ გასულა. იაშინი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი მოიგო (1963 წელს).

21: საუკეთესო „მე12 ფეხბურთელის“ ტიტულს ბრაზილიელი დენილსონი იმსახურებს: 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე ის 11ჯერ შევიდა შეცვლაზე, მათ შორის ორივე ფინალში.

22: მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში 5ჯერ უთამაშიათ ძმებს, თუმცა ოქროს თასი მხოლოდ გერმანელ ვალტერებს (1954 წელს) და ინგლისელ ჩარლტონებს (1966) მოუგიათ. ფინალში დამარცხდნენ არგენტინელი ევარისტოები (1930), ჰოლანდიელი ვან დერ კერკჰოფები (1974) და გერმანელი ფიორსტერები (1982).

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 5 ივნისი)

ka_GEGeorgian