გერმანია 2006: სამი დღით ადრე

3 დღეც და მსოფლიოს XVIII ჩემპიონატი დაიწყება.
გერმანია ფავორიტია, ბრაზილია ტიტულს იცავს, ოქროს თასისთვის რამდენიმე ახალი ნაკრები ითამაშებს…
ვის დარჩება ფიფას თასი? ბერლინამდე დიდი გზაა და სანამ გერმანიის დედაქალაქში მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ისტორიიდან არაერთ საინტერესო ფაქტს შემგთავაზებთ.
დღეს
III ნაწილში თავმოყრილ 22 ამბავს გეტყვით:

1: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ბრაზილიელი პელე ერთადერთია, რომელმაც 3ჯერ მოიგო ტურნირი. ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ 1958, 1962 და 1970 წლებში გაიმარჯვა. ის 1966 წელს გამართულ უდიდეს საფეხბურთო შეჯიბრშიც მონაწილეობდა.

2: ბრაზილიელი კაფუ ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ 3ჯერ ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. 1994 და 2002 წლებში მისმა ბრაზილიამ გადამწყვეტი თამაშები მოიგო (შესაბამისად იტალიასთან და გერმანიასთან), 1998 წელს კი დამარცხდა (საფრანგეთთან).

3: ისტორიას მხოლოდ 14 ფეხბურთელი ახსოვს, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მოგება შეძლეს. 10 მათგანი ურუგვაელია, ხოლო 4 – იტალიელი. ყველა ფეხბურთელმა წარმატებას გასული საუკუნის 20-30-იან წლებში მიაღწია.

4: 1974 წელს მსოფლიო ჩემპიონატს პირველად უმასპინძლა გერმანიამ. ბუნდესნაკრების მაშინდელ წევრებთან შედარებით იურგენ კლინსმანის წლევანდელი გუნდის ფეხბურთელები საშუალოდ 7 სანტიმეტრით მაღლები და 7 კილოგრამით მძიმენი არიან.

5: მსოფლიო ჩემპიონატი 2ჯერ 21 ბრაზილიელ და იტალიელს მოუგია.

6: ალფრედო დი სტეფანოს, რომელსაც ბევრი მსოფლიო ფეხბურთის მეფეს უწოდებს, მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია. 1962 წელს, ჩილეში, ის ესპანეთის ნაკრებში ირიცხებოდა, თუმცა მოედანზე ტრავმის გამო ვერ გავიდა.

7: არგენტინელი მარსელო ტრობიანი უცნაური რეკორდის მფლობელია – მოედანზე მხოლოდ წუთი გაატარა, სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! 1986 წლის ფინალში მისმა არგენტინამ გფრის ნაკრებს 3:2 სძლია. ტრობიანი 89ე წუთზე შევიდა მინდორზე.

8: იტალიელი კრისტიან ვიერი რამდენიმე საიუბილეო გოლის ავტორია: 1998 წელს, კამერუნთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში მან იტალიის მე100 გოლი შეაგდო მსოფლიო ჩემპიონატებზე, ხოლო 2002 წელს, კორეის ნაკრების კარში მის მიერ შეგდებული ბურთი 1 900ეა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. მანვე გაიტანა იტალიის ნაკრების ისტორიაში საიუბილეო, მე1 000 გოლი!

9: 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე ასაკოვანი 35 წლის ინგლისელი სტენლი მეტიუზი იყო.
6 წლის შემდეგ ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ოქროს ბურთი გადასცეს.
მოთამაშის კარიერა სერ სტენლიმ 1965 წელს, 50 წლისამ დაასრულა.

10: 1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2 გოლის გამტანი იტალიელი სილვიო პიოლა II მსოფლიო ომში მძიმედ დაიჭრა, თუმცა გამოკეთდა და კარიერა სერია ას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რანგში დაასრულა. ის დღემდე იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორია.

11: სერბი მწვრთნელი ბორა მილუტინოვიჩი ერთადერთია, რომელმაც 5 გუნდთან ერთად გააღწია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. მან ეს მექსიკის, კოსტა რიკის, აშშის, ნიგერიის და ჩინეთის ნაკრებებში მუშაობისას შეძლო.

12: გფრის ნაკრების მწვრთნელი ჰელმუტ შიონი მსოფლიო ჩემპიონატების 25 შეხვედრაში წვრთნიდა გუნდს. 1966 წელს მისი გუნდი II ადგილზე გავიდა, 1970 წელს III იყო, ხოლო 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის 1978 წელსაც თავკაცობდა ნაკრებს, მაგრამ გერმანელებმა პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ.

13: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი არგენტინელი ხუან ხოსე ტრამუტოლაა, რომელიც 1930 წელს გუნდს 28 წლისა წვრთნიდა.

14: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ 5მა მწვრთნელმა მოახერხა ფინალში გუნდის 2ჯერ გაყვანა: იტალიელმა ვიტორიო პოცომ (1934, 1938), ბრაზილიელმა მარიო ზაგალომ (1970, 1998), არგენტინელმა კარლოს ბილარდომ (1986, 1990), გერმანელებმა ჰელმუტ შიონმა (1966, 1974) და ფრანც ბეკენბაუერმა (1986, 1990). მხოლოდ პოცომ მოიგო ორივე ფინალი.

15: მილორად არსენიევიჩი, რომელიც 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იუგოსლავიის ნაკრებს თავკაცობდა, შეიქნა პირველი, რომელმაც უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში იასპარეზა: 1930 წელს ის იუგოსლავიის ნაკრებში თამაშობდა.

16: მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ტიტულიანი გუნდი ბრაზილიაა, გოლების მხრივ საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი უნგრეთის ნაკრებს ეკუთვნის: უნგრელებს თამაშში საშუალოდ 2,7 ბურთი გაჰქონდათ, ბრაზილიელებს კი – 2,2. თამაშში საშუალოდ 2ზე მეტი გატანილი ბურთით კიდევ მხოლოდ 3 ნაკრები დაიკვეხნის: პორტუგალია, გერმანია და თურქეთი.

17: 1954 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უნგრეთის ნაკრებმა 5 თამაშში 27 გოლი გაიტანა. ეს დღემდე საუკეთესო მაჩვენებელია!

18: მსოფლიო ჩემპიონატებზე გამართულ 644 შეხვედრაში ერთ შეხვედრაში 10 და მეტი გოლი მხოლოდ 5ჯერ გავიდა. ყველაზე შედეგიანი 1954 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მასპინძელთა და ავსტრიელთა პაექრობა იყო – სტუმრებმა 7:5 იმარჯვეს. იმავე ტურნირში უნგრეთმა გფრის ნაკრებს 8:3 სძლია!

19: მსოფლიო ჩემპიონატებზე მხოლოდ 2ჯერ დამარცხდა გუნდი, რომელმაც 5 გოლი გაიტანა: 1938 წელს პოლონეთმა ბრაზილიასთან 5:6 წააგო, 1954 წელს კი შვეიცარიელები ავსტრიელებთან 5:7 დამარცხდნენ.

20: მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე დიდი სხვაობა 9 ბურთია. 1954 წელს უნგრელებმა კორეას 9:0, ხოლო 1982 წელს სალვადორს 10:1 სძლიეს. 1974 წელს იუგოსლავიამ ზაირი 9:0 დაამარცხა.

21: ბრაზილიის და გერმანიის ნაკრები გუნდები რეკორდის თანამფლობელები არიან: სამხრეთამერიკელებს 1930-58, ხოლო ევროპელებს 1934-58 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნათამაშევ ზედიზედ 18 მატჩში მინიმუმ გოლი გაჰქონდათ.
კარის უგოლოდ შენახვის მხრივ რეკორდი იტალიას ეკუთვნის: 1990 წელს სკუადრა აძურამ ზედიზედ 5 შეხვედრა ჩაატარა გოლის მიუღებლად და მხოლოდ მე6 მატჩში, ნახევარფინალში არგენტინასთან შეირხა მათი კარის ბადე.
იტალიელთა მაშინდელი მეკარე ვალტერ ძენგა რეკორდის მფლობელია: ზედიზედ 517 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი!

22: 1978 წელს ბრაზილიამ, ხოლო 1990 წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატზე 7 შეხვედრა დაუმარცხებლად ჩაატარეს, თუმცა ორივე მაინც III ადგილზე გავიდა. პირველი ფინალში ბურთების უარესი სხვაობის გამო ვერ მოხვდა, მეორე კი ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 6 ივნისი)

ka_GEGeorgian