გერმანიამ მოლაეი შეიფარა

გერმანიამ ირანელ საეიდ მოლაეის თავშესაფარი უბოძა. ირანელი ძიუდოკა ტოკიოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ტურნირის შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

ცნობილია, რომ ირანის ხელისუფლება ათლეტებს ისრაელის გუნდის წევრების წინააღმდეგ არათუ ასპარეზობას, მათთან ერთად კვარცხლბეკზე დგომასაც კი უკრძალავს. ტოკიოში, მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობისას მოლაეი ბადის ერთ, ისრაელის გუნდის წევრი საგი მუკი კი მეორე მხარეს ასპარეზობდა. როცა ცხადი გახდა, რომ მუკი ფინალში გადიოდა, ირანის გუნდის ხელმძღვანელობამ მოლაეის ნახევარფინალის, შემდეგ კი III ადგილისთვის ორთაბრძოლის წაგება უბრძანა. სპორტსმენი დირექტივას დაემორჩილა. III ადგილისთვის შეხვედრაში მოლაეი საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ლუკა მაისურაძემ დაამარცხა.

ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საეიდ მოლაეი პირდაპირ გერმანიაში გაემგზავრა. ის ამ ქვეყნის 2-წლიან ვიზას ფლობს. მან მალევე მიმართა ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით და მისი თხოვნა გერმანელებმა ახლახანს დააკმაყოფილეს.

„შექმნილ სიტუაციასთან შეგუება ძალიან მიჭირს. რამდენიმე ტურნირზე ძალით წავაგე ორთაბრძოლები, ტრავმები მოვიმიზეზე და არ მსურს მომავალში ასე გაგრძელდეს. ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის მედალზე ვოცნებობდი, მაგრამ… ახლა ოლიმპიურ ჩემპიონობაზე ვოცნებობ, ოლიმპიადაზე პოლიტიკური მოტივებით წაგება კი ჩემ გეგმაში არ შედის“, – განაცხადა საეიდ მოლაეიმ დოიჩე ველესთან ინტერვიუში და დასძინა – „არსად წერია, რომ ისრაელის გუნდის წევრთან ძალით უნდა წავაგოთ, მაგრამ ყველა ირანელმა ათლეტმა იცის, რომ თუ ასე არ მოხდა, სპორტსმენი მკაცრად დაისჯება“.
ირანელი მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახლავთ, შარშან კი, ბაქოში, მსოფლიოს ჩემპიონის წოდებაც მოიგო.

ტოკიოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ირანის ძიუდოს ფედერაცია და მისი რამდენიმე მესვეური დისკვალიფიკაციით დასაჯა და IJF-ის ეგიდით გამართულ ტურნირებში ასპარეზობა აუკრძალა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ნოემბერი)

ka_GEGeorgian