გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი გადადგა

გერმანიის საფეხბურთო კავშირის – DFB – პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი რამდენიმე საათის წინ თანამდებობიდან გადადგა. გადაწყვეტილების მიზეზი კრიტიკის ქარ-ცეცხლია, რომელიც მას ძვირფასი მაჯის საათის საჩუქრად მიღების გამო დაატყდა.

„სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი ასეთი ძვირფასი საჩუქარი თუ იყო. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც ჩემი საქციელის გამო თავი შეურაცხჰყოფილად იგრძნო“, – განაცხადა გრინდელმა საგანგებო პრესკონფერენციაზე და დასძინა – „ბატონ სურკისს ჩვენ კავშირში, გნებავთ პირადად ჩემთან ფინანსური ან სხვა სახის დაინტერესება არასდროს ჰქონია. ეს უბრალოდ საჩუქარი იყო. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მას ჩემთვის არც რაიმე სხვა სახის დახმარება უთხოვია“.

კიევის დინამოს და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა, ვინც ახლო წარსულში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახლდათ, გრინდელს 6 ათას ევროდ შეფასებული მაჯის საათი უსახსოვრა. ინფორმაცია ერთ-ერთმა გამოცემამ გაავრცელა, რასაც კრიტიკა და პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა.

რაინჰარდ გრინდელი 2016 წელს აირჩიეს DFB-ის მმართველად, თუმცა პოპულარობა ვერ მოიხვეჭა. მეტიც, რამდენიმე გადაწყვეტილების გამო მას ხშირად აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ბევრმა არ მოუწონა ბუნდესლიგის მატჩების ორშაბათ საღამოს გადატანა, ტურის რამდენიმე საათით გვიან დაწყება და სტადიონებზე პიროტექნიკის აკრძალვა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 მარტი)

ka_GEGeorgian