გიბრალტარი 1:2 საქართველო

ახალი ქართული რეკორდი რომ დამყარდა, ლამის ყველამ დაწერა, მაგრამ იმდენად კარგი ამბავია, რომ კიდევ ერთხელ გამეორებით მას არაფერი დააკლდება. ამიტომაც, გუშინდელი გამარჯვების სტატისტიკურ მიმოხილვას ამ ფაქტის აღნიშვნით დავიწყებ: დღეიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების დაუმარცხებელი სერია 11 თამაშს ითვლის, მოგება-ფრეს შეფარდება კი დიდებულია – 9 და 2!

მშვენიერი მაჩვენებლებია და არანაკლებ სასიამოვნოა ამ 11 მატჩში ბურთების ბალანსიც: 22:4! სათქმელია ისიც, რომ სარეკორდო სერიის განმავლობაში ვილი სანიოლის გუნდმა 6 შეხვედრა გოლის გაუშვებლად მოიგო, 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად, 9-დან 5 შემთხვევაში მეტოქის მოედანზე გაიმარჯვა, საერთო ჯამში კი 3-ჯერ მოიგო დიდი ანგარიშით!

მოკლედ, დიდებული სერიაა და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, სასურველია წელსვე. მხოლოდ ასე თუ გამოასწორებს გუნდი საერთო სტატისტიკას, რომელიც რბილად რომ ვთქვა, შემაშფოთებელია. მაგრამ დღეს ცუდი ამბები არ გვინდა და კიდევ რვა სასიამოვნო ფაქტს აღვნიშნავ. გუნდურით დავიწყებ:

1: ჩვენმა ნაკრებმა ისტორიაში 85-ე თამაში მოიგო;

2: საქართველომ (ნიდერლანდებთან ერთად) ყველა მონაწილეზე მეტი ქულა დააგროვა ამ გათამაშებაში – 16!

3: საქართველოს ბურთების საუკეთესო შეფარდებაც აქვს – +13, თურქეთთან ერთად, ხოლო გატანილი გოლებით მხოლოდ ამ უკანასკნელს ჩამორჩა: ჩვენებმა 16 გოლი გაიტანეს, თურქებმა – 18;

4: საქართველო ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან (ხორვატია, ნიდერლანდები), რომელმაც ამ ერთა ლიგაზე სამივე გასვლითი თამაში მოიგო;

5: საქართველომ ზედიზედ მეექვსედ დაამარცხა გიბრალტარი და ამ 6 მატჩში ჩვენმა გუნდმა 19 გოლი გაუტანა მეტოქეს. ამაზე მეტი ბურთი ქართველებმა მხოლოდ ალბანელებს მიართვეს, ოღონდ 15 შეხვედრაში.

ჩვენებს ასევე 6-ჯერ დაუმარცხებიათ მალტელები, მეტჯერ კი მხოლოდ ალბანელები – 8.

ეს რაც შეეხებოდა ნაკრებს და სამი ფეხბურთელის მიღწევაც გამოსარჩევია:

1: გურამ კაშიამ მეასედ ითამაშა ნაკრებში და ამით ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას რეკორდი გაიმეორა. საინტერესო ისაა, რომ კაშიამ ყველაზე მალე დაიპყრო ეს მწვერვალი – 14 წელიწადში. კობიაშვილს 16 წელი დასჭირდა, ხოლო კანკავას – 17.

2: გიორგი ლორიამ, ვინც გუშინ 76-ედ ჩადგა ნაკრების კარში, 30-ედ არ გაუშვა გოლი. ის აქამდეც ჩვენი გუნდის რეკორდსმენი იყო, უბრალოდ სასიამოვნოა, რომ შედეგი დაამრგვალა. საინტერესოა, რომ ლორიას მე-20 გოლგაუშვებელი თამაშიც გიბრალტარზე მოდის – 2019 წლის 7 ივნისს, თბილისში, 3:0.

3: ხვიჩა კვარაცხელიამ 5 გოლით დახურა ეს ერთა ლიგა (მან ყველა მატჩში გაიტანა, თბილისში ბულგარეთთან 0:0-ის გარდა) და C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!

გიბრალტარელთა კარში შეგდებული პენალტი მისი მე-10 სანაკრებო გოლია და ის მხოლოდ მე-9 ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს მთავარი გუნდის მაისურით მინიმუმ 10 ბურთი გაიტანა.

კვარაცხელიას ისეთი ტემპი აქვს აკრეფილი, შესაძლოა, სამ-ოთხ წელიწადში შოთა არველაძის რეკორდზეც გაიწიოს – ხვიჩამ 10 გოლი 19 მატჩში შეაგდო და ამას სამი წელი და სამი თვე მოანდომა. შოთამ სარეკორდო 26 ბურთი 61 თამაშში გაიტანა (16 წელი – 1992-2007).

რა რა და, კარგია კარგ ამბებზე წერა.

26 სექტემბერი, 2022. უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი, D ჯგუფი. გიბრალტარი, ვიქტორია. 1 199
გიბრალტარი 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 ხვიჩა კვარაცხელია (19, პენ), 0:2 გიორგი წიტაიშვილი (49), 1:2 ლუი ენესლი (75)
გიბრალტარი: ბრედლი ბანდა, სკოტ უაიზმენი (ჯეკ სერჟენტი 73), ბერნარდო ლოპესი, ჯოის ოლივერო, როი ჩიპოლინა (კაპ), ითენ ბრიტო (ჯოზეფ ჩიპოლინა 84), ლუი ენესლი, ლაიამ უოკერი, გრემ ტორილია (კელვინ მორგანი 84), კიენ რონენი (რის სტიჩი 63), ლი კაშიარო
მწვრთნელი: ხულიო სესარ რიბასი (ურუგვაი)
საქართველო: გიორგი ლორია (გიორგი მამარდაშვილი 46), გურამ კაშია (კაპ), დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი (ზურაბ დავითაშვილი 60), ნიკა კვეკვესკირი, საბა ლობჟანიძე (ლუკა ლოჩოშვილი 89), გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ბუდუ ზივზივაძე (გიორგი მიქაუტაძე 60), ხვიჩა კვარაცხელია (ვაკო ყაზაიშვილი 72)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: ზურაბ დავითაშვილი, ლაიამ უიკერი, ნიკა კვეკვესკირი, საბა ლობჟანიძე, ლუი ენესლი, ლი კაშიარო
მსაჯები: რობ ჰარვი; რობერტ კლარკი, უეინ მაკდონელი (ირლანდია)

ლაშა გოდუაძე (2022 წლის 27 სექტემბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian