ჯიჯი ძალიან დიდია!

სერია ა-ს XXX ტურში იუვენტუსმა თანაქალაქელი ტორინო აუღელვებლად გაანადგურა – 4:1, სეზონში 24-ე გამარჯვება იზეიმა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სკუდეტოს.

კრიშტიანუ რონალდუმ, როგორც იქნა, ნავსი გატეხა და 43-ე ცდით იუვეს მაისურით პირველი გოლი შეაგდო საჯარიმოდან. მანამდე პორტუგალიელმა საგოლე გადაცემა მიითვალა – კუადრადოს გაატანინა.

აღსანიშნავია კაპიტნის, ლეონარდო ბონუჩის მიღწევაც – ცენტრალურმა მცველმა იუვეს შავ-თეთრი მაისური საიუბილეო, მე-400 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო.

კვლავ გაიტანა პაულო დიბალამ – აშკარაა, რომ არგენტინელი ათიანი მშვენიერ ფორმაშია, მაგრამ მატჩის გმირი, ჩემი აზრით, არც რონალდუა, არც ბონუჩი და არც დიბალა.

მხოლოდ და მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი!

თუ ვინმე იმსახურებს ქებას, სადღეგრძელოს და ეგეთ ამბებს, პირველ რიგში ეს უბერებელი მეკარე.

ტორინოს წინააღმდეგ მან 648-ე შეხვედრა ჩაატარა სერია ა-ში და მასავით ლეგენდარული პაოლო მალდინის რეკორდი გააუმჯობესა!

648 თამაში იტალიის ურთულეს ჩემპიონატში!

648!

არადა მილანისა და სკუადრა აძურას შეუდარებელი მცველი ფეხბურთიდან 647 სერიული მატჩით წავიდა!

ერთი შეხედვით მალდინის რეკორდი მარადიული იყო, მაგრამ 2020 წლის 4 ივლისიდან სერია ა-ს ყველაზე ნაცად ფეხბურთელთა სათავეში მის ნაცვლად იუვეს მეკარის სახელსა და გვარს ამოიკითხავთ.

ვერასდროს ვიფიქრებდი ჯიჯი პაოლოს რეკორდს თუ მოხსნიდა!

2018 წლის ზაფხულში, როცა ბუფონმა პარი სენ-ჟერმენს მიაშურა, ვიფიქრე, რომ კალჩოში ერთი დიდი ისტორია დასრულდა. მაგრამ არასდროს რომ უნდა თქვა არასდროს, დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

ბუფონი კარგა ხანია იუვეს ბევრ რეკორდს ფლობს: შავ-თეთრი მაისურით ყველაზე მეტჯერ ითამაშა სერია ა-ში, იტალიის სუპერთასზე და ევროპის საკლუბო ტურნირებში, მოიგერია ყველაზე მეტი 11-მეტრიანი, ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად, თუმცა არის ერთი მწვერვალი, რომელსაც ბუფონი ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება და დიდი შანსია მომდევნო სეზონში დაიპყროს კიდეც.

იუვესთან კონტრაქტი ერთი წლით რომ გაახანგრძლივა, ამას გაიგებდით, აი ის ზემოხსენებული „მწვერვალი“ კი ასეთია: იტალიური ფეხბურთის ბებერი ქალბატონის მაისურით მხოლოდ პინტურიჩომ – ალესანდრო დელ პიერომ ითამაშა 700 და მეტი მატჩი – 705, ნუმერო უნო კი მეორეა 670-ით.

კიდევ 35 ოფიციალური შეხვედრა, ბუფონის ასაკის გათვალისწინებით, თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ხომ გითხარით: ორი წლის წინ ვერც იმას ვიფიქრებდი ჯიჯი ტურინში თუ დაბრუნდებოდა და მალდინის „უკვდავ“ რეკორდს გადაწერდა.

648!

და ასეთ დროს იუვეს ნაღდ გულშემატკივარს შეუძლებელია დანანებით არ გაახსენდეს 2006 წლის შემოდგომა, კალჩოპოლის სკანდალი და სერია ბ-ში გაძევებული იტალიის ყველაზე ტიტულიანი კლუბი.

იმ ზაფხულს, ფედერაციის სასჯელის შემდეგ, იუვენტუსი არაერთმა ვარსკვლავმა დატოვა, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონებმაც, მაგრამ პლანეტის ერთ-ერთი ტოპ-გოლკიპერი დარჩა და 2006-07 წლების სეზონი მისთვის შეუფერებელ ქვედა ლიგაში გაატარა. სხვათა შორის, ჯიჯი სერია ბ-ში ჩატარებული 37 მატჩითაც იუვეს რეკორდსმენია.

რეკორდი სერია ა-ში, სერია ბ-ში, იტალიის ნაკრებში, ჩემპიონთა ლიგაში, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე…

ჯიჯი ძალიან დიდია. ძალიან!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 4 ივლისი)
ფოტო: 
juventus.com

ka_GEGeorgian