გილოცავთ!

ეს 1988 წლის საახალწლო საფოსტო ბარათია, მიხაილ მატვეევის ნახატი.

კლასელმა მომილოცა თავის დროზე და ისე მომეწონა, რომ მას შემდეგ ვინახავ.

1988 წელს 9 წლის გახლდით და ჩემ წარმოდგენაში იდეალური ახალი წელი და საახალწლო არდადეგები ზუსტად ასეთი იყო: დათოვლილი ეზო, მოედნის შუაგულში სათამაშოებით მორთული ნაძვის ხე და მის გარშემო მეგობრებთან ერთად დილიდან საღამომდე გუნდაობა…

მაშინ, 9 წლისას მჯეროდა, რომ ახალი წლის დღეებში მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფი ადამიანი, დიდი და პატარა ბედნიერი იყო და 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამით თოვლის ბაბუა ყველას გაახარებდა…

მას შემდეგ 32 წელი გავიდა და უამრავი რამ მოხდა, კარგიც და ცუდიც, ტკბილად მოსაგონარიც და სამუდამოდ დასავიწყებელიც – ცხოვრება მხოლოდ ფერადი წიგნი არაა, შავი ფურცლებიც გამოერევა…

ახლა 42 წლის ვარ და ვიცი, რომ დღეს ზოგ ოჯახში ნაძვის ხეს კი არა, ოთახის უბრალო ნათურასაც არ აანთებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა თოვლის ბაბუის მაინც მჯერა: ზუსტად ვიცი – ის მაშინ მოგვიკაკუნებს და გაგვახარებს, ყველაფრით დაღლილებს და იმედგაცრუებულებს რომ ჩაგვეძინება.

ისიც ზუსტად ვიცი, რომ თოვლის ბაბუა თეთრწვერა და თბილ ქურქში გახვეული მოხუცი არაა. ის, შესაძლოა, სულაც ჩემ გვერდით ცხოვრობდეს და იმდენად ახლობელი იყოს, რომ ვერც კი მივხვდე ის თუა.

ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვისაც გიცნობთ ან არ გიცნობთ!

ლაშა გოდუაძე
2020 წლის 31 დეკემბერი

ka_GEGeorgian