გიორგი, ვილი და პენალტები

ვილი სანიოლის გუშინდელი პრესკონფერენცია ჩემ კითხვაზე პასუხით დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგ დამრიგებელს პენალტების სერიაზე ვკითხე, დამრტყმელების სია ვინ შეაგდინა და პირველი პენალტი გიორგი ქოჩორაშვილმა რომ შეასრულა, ვისი გადაწყვეტილება იყო-მეთქი.
სანიოლმა ვრცელი პასუხი გამცა. ქოჩორაშვილზეც ისაუბრა, გიორგი მიქაუტაძეც გაამხნევა, ლაშა დვალი და ზურიკო დავითაშვილიც შეაქო, ნიკა კვეკვესკირის სამი წლის წინანდელი ცრემლებიც გაიხსენა… მოკლედ, ამომწურავად ისაუბრა. მის სიტყვებს ალბათ უკვე წაიკითხავდით, წუხელვე გაავრცელა ბევრმა სპორტულმა გამოცემამ.

ყველაფერი დრამატულად, მაგრამ დიდებულად დასრულდა, მოვიგეთ და ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ. ეს ისტორიული გამარჯვებაა, მაგრამ ახლა სხვა რამის თქმა მსურს, გიორგი ქოჩორაშვილზე დავწერ ორიოდ სიტყვას.

იმ 16 ფეხბურთელს შორის, რომლებმაც გუშინ ეროვნული ნაკრების ფორმით ითამაშეს, ის ერთადერთია ათზე ნაკლები კეპი რომ აქვს. სხვანაირად რომ ვთქვა, შედარებით გამოუცდელია. იმასაც შეგახსენებთ, რომ გიორგი მხოლოდ ნახევარი წლის წინ, შემოდგომით გამოჩნდა გუნდში, ბერძნებთან მხოლოდ მეშვიდედ ითამაშა, მაგრამ როგორ! სანიოლმაც ხომ აღნიშნა: ასე მგონია ქოჩორაშვილი წლებია ჩვენთან ერთადააო.

გიორგის გუშინდელ ასპარეზობას თავი რომ დავანებო, მის თამამ ნაბიჯს გვერდს ვერ ავუვლი: ის უმნიშვნელოვანეს მომენტში, პირველი მივიდა პენალტის ნიშნულთან და ჩემი შეხედულებით იდეალური თერთმეტმეტრიანი დაარტყა. ასეთებს მეკარეები უბრალოდ ვერ იღებენ, ასპროცენტიანი გოლია!

ზუსტად ვიცი, რომ იმის გაკეთებას, რაც გიორგიმ შეძლო, დიიიიიდი გამბედაობა და იდეალური ფსიქოლოგიური მზადყოფნა სჭირდება, საფეხბურთო ჟარგონზე რომ ვთქვა, მაგარი ***რები!

სანიოლმაც იგივე თქვა პრესკონფერენციაზე, ოღონდ კულტურულად. პრინციპში, მისგან სხვა პასუხს არც ველოდი, რადგან ვილის იგივე ნაბიჯი სულ სხვა, უმაღლეს დონეზე აქვს გადადგმული და ეს, შესაძლოა, ბევრს არ გახსოვდეთ.

მე კი მისი ამბავი არასდროს დამავიწყდება, რადგან მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში ჩემმა ფავორიტმა იტალიის ნაკრებმა სანიოლის საფრანგეთი სწორედ პენალტების სერიაში დაამარცხა და ფაბიო გროსოს ოქროს დარტყმამდე, 4:2-ზე, ფრანგების ბოლო პენალტი სწორედ სანიოლმა შეასრულა, თან იდეალურად. მაშინ მუხლი რომ აკანკალებოდა ფრანგთა მცველს, იმ ვერგატანილი პენალტის აჩრდილს ვერასდროს მოიშორებდა. აი, რობერტო ბაჯოს რომ თან სდევს ბრაზილიასთან ცაში გაშვებული ბურთი, დაახლოებით იგივე სიმძიმის ჯვარს აჰკიდებდნენ სანიოლსაც.

მოვა დრო და 2006 წლის ფინალზე ვილის, ალბათ დაველაპარაკები, მაგრამ ახლა კვლავ ქოჩორაშვილზე.

ლევანტეს ნახევარმცველს კვირას დავურეკე, საქართველო-საბერძნეთის ოფიციალური პროგრამისთვის პატარა ინტერვიუ ჩავწერეთ. ამ ახალგაზრდა კაცმა, ვინც ჩემ პირველ შვილზე ერთი წლის უფროსი გახლავთ, სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

ინტერვიუ რომ დავასრულეთ, მის პროფაილს ჩავხედე და ყველაფერს მივხვდი: თურმე ერთ დღეს ვყოფილვართ დაბადებულები, 29 ივნისს. ჰოდა, გაუმარჯოს გიორგის! მისი ფეხბურთი, მამაცი გული და ძლიერი მუხლი კიდევ ბევრჯერ გამოადგეს საქართველოს! ჩვენ, გულშემატკივრებს, ეროვნულ საქმეში სწორედ ასეთ ბიჭები გვჭირდება.

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 27 მარტი
ფოტო: ეროვნული ნაკრები

ka_GEGeorgian