Golden Foot 2006: რონალდო!

კომპანია უორლდ ჩემპიონს ქლაბმა პოპულარულ ევროპულ სპორტულ გამოცემებთან ერთად წლეულს მეოთხედ გამოავლინა Golden Footის (ოქროს ტერფის) ლაურეატიგულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე საუკეთესო მოთამაშედ რონალდო დაასახელეს!
იტალიური სპორტული გაზეთის გაძეტა დელო სპორტის ინიციატივით და მონაკოს სათავადოს მხარდაჭერით 2003 წელს მონტეკარლოში ჩემპიონთა ხეივანი დაარსდა, რომელზეც ოქროს ტერფის პრემიის ლაურეატები ნაკვალევს ტოვებენ. 2003 წელს პრემია იტალიელ ფეხბურთელს რობერტო ბაჯოს მიენიჭა.

რონალდოს გარდა წლეულს პრემიაზე წარგენილნი იყვნენ მიხაელ ბალაკი (გერმანია), დევიდ ბექემი (ინგლისი), პაოლო მალდინი და ალესანდრო დელ პიერო (იტალია), კაფუ (ბრაზილია), ერნან კრესპო (არგენტინა), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი) და რაული (ესპანეთი).

20 343 ხმით რონალდომ პირველი ადგილი დაიკავა, ლუიშ ფიგუ 17 871 ხმით მეორე იყო, ხოლო ალესანდრო დელ პიერომ 16 011 ხმა მოაგროვა.

Golden Footის ორგანიზატორები ყოველ წელს აჯილდოვებენ ყველა დროის გამორჩეულ მოთამაშეებს. ჩემპიონთა ხეივანში წლეულს თავიანთი ნაკვალევი დატოვეს დიდებულმა ფრანგმა ფეხბურთელმა რაიმონ კოპამ, ბრწყინვალე ბრაზილიელმა ზიკომ, შეუდარებელმა უნგრელმა თავდამსხმელმა ფერენც პუშკაშმა და 1950 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, ურუგვაელმა ალსიდეს გიჯამ.

ოქროს ტერფის პრემიის გამარჯვებული გულშემატკივართა და სპეციალისტების გამოკითხვის საფუძველზე ვლინდება – ქომაგები რჩეულს ინტერნეტის საშუალებით ასახელებენ, წარმომადგენლობითი ჟიური კი პრეტენდენტებს საერთო აზრის შეჯერების შედეგად ავლენს.

რონალდო Golden Footის პრემიის პირველი ბრაზილიელი ლაურეატია, გასული წლების გამარჯვებულები კი არიან:
2003 – რობერტო ბაჯო (იტალია)
2004 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2005 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)

ჩემპიონთა ხეივანში ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეებიდან თავიანთი ნაკვალევი ამ ფეხბურთელებმა დატოვეს:
2003 – ჯანი რივერა (იტალია), დიეგო არმანდო მარადონა (არგენტინა), ჟიუსტ ფონტენი (საფრანგეთი), ეუსებიო (პორტუგალია)
2004 – ალფრედო დი სტეფანო (ესპანეთი), მიშელ პლატინი (საფრანგეთი), დინო ძოფი (იტალია)
2005 – ჯორჯ ბესტი (ჩრდილოეთი ირლანდია), ფრანსისკო ხენტო (ესპანეთი), რობერტო რიველინო (ბრაზილია), ლუიჯი რივა (იტალია), ჟორჟ ვეა (ლიბერია)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 31 აგვისტო)

ka_GEGeorgian