Golden Foot: პრემია ზლატან იბრაჰიმოვიჩს!

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოპულარული საერთაშორისო პრემია Golden Foot მოიპოვა. ჯილდო კარიერაში გამორჩეული მიღწევებისთვის 29 წელზე ასაკოვან ფეხბურთელებს გადაეცემათ.

იბრაჰიმოვიჩს ძლიერი კონკურენტები ჰყავდა ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავების იკერ კასილიასის, ჩავის, კარლეს პუიოლის, კოტდივუარელი დიდიე დროგბას და იტალიელი ანდრეა პირლოს სახით, თუმცა 31 წლის ფორვარდმა მაინც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ფეხბურთის მეფე პელემ დააჯილდოვა. პრემიის ორგანიზატორებმა ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, თავის მხრივ, სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს – „ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე“.

იბრაჰიმოვიჩის გარდა Golden Foot გადაეცათ ვეტერანებს ფრანკო ბარეზის (იტალია), ერიკ კანტონას (საფრანგეთი) და ლოთარ მათეუსს (გერმანია).

ზლატანი მილანიდან პარი სენ-ჟერმენში ამ ზაფხულს გადავიდა. ის შვედეთის 6-გზის საუკეთესო მოთამაშეა, 2007 და 2010 წლებში კი ქვეყნის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად აღიარეს. ამას გარდა, თავდამსხმელი 3-ჯერ გახდა იტალიის სერია ა-ს ნომერ პირველი მოთამაშე, 4-ჯერ კი უძლიერეს ლეგიონერად დაასახელეს.

ამსტერდამის აიაქსის, ტურინის იუვენტუსის, მილანის ინტერის, ბარსელონის და მილანის შემადგენლობაში შვედეთის ნაკრების ცენტრფორვარდმა უამრავი ტიტული მოიგო: 6-ჯერ გახდა სერია ა-ს გამარჯვებული, 2-ჯერ მოიგო ნიდერლანდების ერედივიზიე, ერთხელ – ლა ლიგა, ნიდერლანდების, იტალიის და ესპანეთის თასები და სუპერთასები კი საერთო ჯამში 7-ჯერ აღმართა. ბარსელონასთან ერთად მან 2009 წელს ევროპის სუპერთასი მოიპოვა, იმავე წელს კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი წლევანდელი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

Golden Foot-ის პრემია 2003 წლიდან გადაეცემათ ფეხბურთელებს, საზეიმო ცერემონიალს კი მონტე-კარლო მასპინძლობს. ტრადიციისამებრ, გამარჯვებულთა სახელები და ტერფების ანაბეჭდები ხმელთაშუაზღვისპირა ბულვარის ერთ-ერთ მონაკვეთს ამშვენებს და წინა გამარჯვებულების ფილებს ამჯერად შვედისა შეემატა.

Golden Foot
2003 – რობერტო ბაჯო (იტალია)
2004 – პაველ ნედვედი (ჩეხეთი)
2005 – ანდრეი შევჩენკო (უკრაინა)
2006 – რონალდო (ბრაზილია)
2007 – ალესანდრო დელ პიერო (იტალია)
2008 – რობერტო კარლოსი (ბრაზილია)
2009 – რონალდინიო (ბრაზილია)
2010 – ფრანჩესკო ტოტი (იტალია)
2011 – რაიან გიგზი (უელსი)
2012 – ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012)

ka_GEGeorgian