გოლფი: საქართველოს ვაჟთა I ჩემპიონატი დასრულდა
საქართველოს I ეროვნული ჩემპიონატი გოლფში დასრულდა: ისტორიული შეჯიბრის გამარჯვებული სანდრო ილაშვილი გახდა.
ჩემპიონატი საზეიმოდ გახსნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ, რომელიც 20 მაისს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დაასახელა.
საზეიმო გახსნის ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და გოლფის ფედერაციის ხელმძღვანელები, პარლამენტის წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჩემპიონატს, რომელშიც 32-მა მოყვარულმა გოლფერმა მიიღო მონაწილეობა, Tbilisi Hills Golf Club-მა უმასპინძლა.
დასკვნით დღეს საუკეთესო ოთხეული გამოვლინდა: სანდრო ილაშვილი, ზაურ გაბაიძე, ქართლოს დიასამიძე და ჟან-პატრიკ ვოისინი აგვისტოში, ვილნიუსში (ლიეტუვა) გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოლფის პირველი ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებენ. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 22 მაისი)