გოლფი ტოსკანურად ანუ ორი ჯადოსნური დღე სკარპერიაში

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა: იტალიაში სულ სხვა საქმეზე ჩასული, ერთ მშვენიერ დღეს გოლფ-კლუბში მოვხვდი. მეგობრები, ვისაც იმ მოგზაურობაში შევუამხანაგდი, მასპინძლებმა სემინარზე შეიპატიჟეს, მე კი ის ამბები საერთოდ არ მეხებოდა და, ამიტომაც, ველოსიპედი ვიქირავე და გოლფ-კლუბის გარშემო რამდენიმე სოფელში შევისეირნე.

იტალია ხომ ძალიან ლამაზია და ტოსკანა იმ სილამაზეშიც გამორჩეულია. დაბა სკარპერია, სადაც ის ორი დღე გავატარე, ტოსკანის ცენტრშია და გოლფ-კლუბი კიდე, მედიჩების სახელობისა, იმ პატარა სოფლის შუაგულში მდებარეობდა.

აქვე შევნიშნავ: ჩვენებური და იტალიური, უფრო სწორად კი ტოსკანური სოფელი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და როცა სიტყვა „სოფელს“ ვწერ, სულაც არ ვგულისხმობ ატალახებულ-გადათხრილ გზებს, დანგრეულ ღობე-ყორეს, სახურავშელახულ ქოხებს და ბევრი ქართული დასახლებისთვის დამახასიათებელ სხვა შემზარავ სურათს.

ტოსნაკური სოფელი ესაა: მოვლილი და სუფთა ეზო-კარი; ყვავილებით მორთული სახლები, კიბეები და გალავნები; ათასფრად აელვარებული მდელოები და ფანჯრებიდან გადმოღვრილი გემრიელი სიმღერები, მეტწილად 40-50-60-იანი წლებისა… ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც ხანგრძლივ და ბედნიერ სიცოცხლეს ხელს უწყობს.

ბერნარდო ბერტოლუჩის ერთი ფილმია – „წარმავალი სილამაზე“. ლივ ტაილერი, ჯერემი აირონსი, სტეფანია სანდრელი, რეიჩელ უაიზი და სხვა კაი ხალხი თამაშობს და მთელი ამბები ტოსკანაში ხდება. ულამაზესია! სკარპერიის და მისი შემოგარენის აღწერისგან თავს სწორედ ამიტომ შევიკავებ – ეს ფილმი თუ გინახავთ, დაახლოებით ეგეთი იყო ის პატარა და წყნარი სოფელი. და მისი შემოგარენიც: რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული ვილები, ყვითელ-ოქროსფერი სახლები, მიხვეულ-მოხვეული გზები, კოხტად ჩამწკრივებული, აშოლტილი ხეები და გადამწვანებული მდელოები. რამდენიმე აუზსაც მოვკარი თვალი…

დავამიწყდა მეთქვა, რომ იქაურობა შემოდგომით მოვინახულე: ჩემთვის ნომერ პირველი ხილი – ყურძენი, ალბათ, კაი ხნის დაკრეფილი ჰქონდათ და ვინ იცის, ეგებ დაწურულიც. ისე, არც იმ გოლფ-კლუბის ღვინოს დაეწუნებოდა რამე.

ველოსიპედით სეირნობის დროს ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დრო შენელდა. როცა კაი ამბებში ვართ, მგონი, ყველას ასე გვემართება – გვინდა, რომ ის წამები და განცდები არასდროს დასრულდეს.

მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული და ორდღიანი ზღაპარიც დამთავრდა. მაგრამ ძალიან ტკბილი მოგონებები კი დამიტოვა. ფაქტიურად გაუხუნარი!

ეს ფოტოებიც მაშინდელია. და მცირედით მაინც თუ გადმოსცემს ტოსკანის ერთ-ერთი ლამაზი დაბის სილამაზეს და განწყობას, გამიხარდება.

გოლფზე კი სხვა დროს დავწერ. ფეხბურთის გადამკიდე, სპორტის ამ სახეობას ძალიან დიდხანს ალმაცერად ვუყურებდი, მაგრამ როცა პირველად გავისროლე ბურთი, მივხვდი, რომ ჩემი პირველი შეფასება უსამართლო და ნაჩქარევი იყო.

 

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
სკარპერია, იტალია; 2013 წლის 2-3 ოქტომბერი

ka_GEGeorgian