გოლი დაბადების დღეზე
უცნაურია, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ, 17 იანვარს, ნაპოლი იტალიის თასის გათამაშებას სწორედ კრემონეზესთან მარცხით გამოეთიშა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა კრემონელებს მაშინაც სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე უმასპინძლა, მაგრამ ძირითად და დამატებით დროში მხოლოდ 2:2 ითამაშა, პენალტების სერია კი 4:5 წააგო.
იმ შეხვედრაში მწვრთნელმა სათადარიგოები ათამაშა და ამით თუ აიხსნება სერია ა-ს მაჩანჩალასთან უფერული ასპარეზობა და უიღბლობა, თორემ კლუბთან, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ თამაში არ მოუგია, სახლში ორი გოლის გაშვებას და ვერმოგებას მოხერხება უნდა.
დიდი ეჭვი მაქვს, თასის გათამაშებიდან გამოვარდნა სპალეტიმ ნაკლებად განიცადა, თუმცა დაშვებული შეცდომებიდან სათანადო დასკვნა რომ გამოიტანა, ნათელია – მას შემდეგ ნაპოლიმ ერთადერთი გოლი გაუშვა და ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, მათ შორის გუშინ იმავე კრემონეზესთან – 3:0.
ის, რომ სამხრეთელები ყველა მეტოქესთან ერთნაირი განწყობით გადიან, იუვენტუსი იქნება ეს, რომა თუ ძალიან სუსტი კრემონეზე, სწორედ სპალეტის დამსახურებაა. მის სამწვრთნელო კარიერაში შთამბეჭდავად დაწყებული სეზონი რამდენჯერმე ცუდად დასრულდა და მწვრთნელს ეს მწარედ ახსოვს. ამიტომაცაა, რომ ნეაპოლელები აგვისტოდან აკრეფილ სიჩქარეს არ აგდებენ. შედეგად, ოცდამეორე ტურის შემდეგ უკვე თექვსმეტი ქულით უსწრებენ მეორეადგილოსანს, რაც არნახული უპირატესობაა.
ნაპოლი რომ ერთპიროვნული ლიდერია, გუნდის თითოეული წევრის მონდომების შედეგია, მაგრამ მგონია, რომ რამდენიმე ფეხბურთელის წვლილი, მათ შორის ხვიჩასი, გამორჩეულია. კი, მე ჩვენი ბიჭის დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ როცა მის შესახებ ვწერ, ვცდილობ ობიექტური ვიყო და სათქმელი მომაბეზრებელ სადღეგრძელოში არ გადამეზარდოს.
ის სურათი კი, რასაც ვხედავთ, ნამდვილად მაძლევს ხვიჩათი აღფრთოვანების და სიამაყის საბაბს: სერია ა-ში ჩატარებულ თვრამეტ შეხვედრაში მან ცხრა გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა, მარტივად რომ ვთქვათ, საშუალოდ მატჩში ერთ გოლს ქმნის!
ეს დიდებული სტატისტიკაა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ციფრებით და რიცხვებით არ შემოვიფარგლები და ამასაც ვიტყვი: ხვიჩა იმ იშვიათთაგანია, რომელიც გოლს, თამაშს ქმნის და კრემონელებთან ანგარიშის გახსნაც ამის დასტურია. ის ბურთი, პირველ რიგში საკუთარ თავს, ოცდამეორე დაბადების დღეს რომ მიუძღვნა, არაფრიდან გამოძერწა. მეტოქე ყველანაირად ცდილობდა ხელის შეშლას, მცველებს ოსიმენი ჩაკეტილი ჰყავდათ, როგორც იტყვიან, ფეხზე აჯდნენ, ამ დროს კი ქართველი შემტევი ფლანგზე დაბზრიალდა და სტუმრები ჩვეულად დასაჯა.
სწორედ ამ უნარის გამო არიან გადარეულები ნაპოლის ტიფოზები და იტალიელი ჟურნალისტები. კვარაცხელია მხოლოდ კარგი ფეხბურთელი არ არის, ის გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეა, რომელიც უშიშრად მიდის მეტოქის მოსატყუებლად, საჭირო დროს საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას და გოლებიც გააქვს.
მისნაირი ფეხბურთელები არათუ იტალიაში, მთლიანად ევროპაში ბევრნი არ არიან, მითუმეტეს, ათ მილიონად ვერ გადაიბირებ.
ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით ერთი ინგლისელი საფეხბურთო მწერლის ჩანახატი მომხვდა თვალში, ნაპოლის გუშინდელი თამაშის წინ და გუშინწინდელი ლონდონური დერბის შემდეგ რომ გამოაქვეყნა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში. ჩელსიმ, რომელმაც ამ სეზონში ტრანსფერებზე ნახევარ მილიარდ(!!!) გირვანქა სტერლინგზე მეტი დახარჯა, ვესტ ჰემ იუნაიტედს ვერ მოუგო, უკრაინელმა ახალწვეულმა, ას მილიონად დამატებულმა მიხაილო მუდრიკმა კი მეტოქის კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყა. ჰოდა, იმ კაცმაც დაიჩივლა, ინგლისური კლუბები უაზროდ ბევრს იხდიან ფეხბურთელებში, რომელთა შესაძლებლობები, მეტწილად, გაბუქებულიაო.
მუდრიკი კარგად იყოს და გუშინდელი თამაშიდან კიდევ ის დამამახსოვრდა, რომ ამერიკული CBS-ის კომენტატორმა ნაპოლის 77-ე ნომერს ოცდამეორე დაბადების დღე ქართულად მიულოცა. ის ორწუთიანი ვიდეოჩანაწერი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა დავით ზალკალიანმა გააზიარა, მერე ბევრმა წავიღეთ მისგან და დღეს ლამის ყველა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი ამბები. სხვა სფეროში მოღვაწე ჩვენიანებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ათწლეულებია ფეხბურთს ვუყურებ და პირველად ვნახე, რომ ამერიკულ ტელეარხზე ქართველს ქართულად მიულოცეს დაბადების დღე! ესეც უსიტყვო დასტური იმისა, რომ ამ ნიჭიერი ბიჭის სახელი დიდი ხანია გასცდა აპენინის ნახევარკუნძულს.
ოთხ დღეში ნაპოლი რეჯიო ემილიას ესტუმრება და ვიმედოვნებ, სასუოლოსთან თამაშის შემდეგ ხვიჩას საჩემპიონატო სტატისტიკა დამრგვალდება. მანამდე კი მას დაბადების დღეს მივულოცავ და მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.
ლაშა გოდუაძე (2023 წლის 13 თებერვალი)
ფოტოკოლაჟი: Gazzetta dello Sport