გრეის კელის ულამაზესი სამყარო ზაჰა ჰადიდის ბაქოურ შედევრში

ასე მგონია, რიგითი ტურისტისთვის ბაქოს მოსანახულებლად 4-5 დღეც საკმარისია.

მაგრამ ისე მოხდა, რომ ევროპის I თამაშებზე აზერბაიჯანის დედაქალაქში ლამის 3 კვირა გავატარე და ეს დრო, პირდაპირი მოვალეობის შესრულების გარდა (რაც ყოველდღიური რეპორტაჟების მომზადებას გულისხმობდა), ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლადაც გემრიელად გამოვიყენე.

ნავთობით მიღებულ შემოსავალს აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა საინტერესო პროექტებს (მათ შორის არქიტექტურულს) ახმარს და ჰეიდარ ალიევის ცენტრი, რომელიც 19 ივნისს მეგობრებთან ერთად მოვინახულე, ასეთთა შორისაა.

ბოლო წლებში ბაქო ბევრი საინტერესო და ლამაზი შენობით გამდიდრდა, თუმცა საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორის, ზაზა ჰადიდის ეს შედევრი, უდიდესი აზერბაიჯანელი პოლიტიკოსის ჰეიდარ ალიევის სახელს რომ ატარებს, ყველაზე თვალისმომჭრელია! (დარწმუნებული ვარ, ვინც იქ ნამყოფი ხართ, დამეთანხმებით).

ორიგინალური ნაგებობა ევროპის I თამაშებამდე 3 წლით ადრე გახსნა ჰეიდარის ვაჟმა, აზერბაიჯანის ამჟამინდელმა მმართველმა ილჰამ ალიევმა, ზაჰა ჰადიდი კი ამ შენობისთვის წლის არქიტექტორის საპატიო პრიზით დაჯილდოვდა… 2013 წელს. ტურისტულ ბუკლეტში ამოვიკითხე, რომ მისი აგება აზერბაიჯანის ბიუჯეტს 250 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა…

ოფიციალური ცნობები იქით იყოს და ეს ცენტრი ჩვენ ოლიმპიურ სოფელთან ახლოს მდებარეობდა. და რადგან იმ დღეს სპორტული კუთხით დატვირთული დღე არ იყო, ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და იქ მისვლა გადავწყვიტეთ, მით უმეტეს, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები ვიყავით, რის წყალობითაც თამაშების დღეებში ჩვენთვის აზერბაიჯანის და მათ შორის ბაქოს ყველა მუზეუმის კარი იოლად იღებოდა.

მაგრამ არა ამ ცენტრისა. თქვენ აკრედიტაციებს კი დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ უბილეთოდ ვერსად შეხვალთო, გაგვაფრთხილეს სალაროსთან. და რადგან იქაურობა რამდენიმე საგამოფენო დარბაზს იტევს და თითოეული სხვადასხვა სანახაობით იყო დატვირთული, ჩვენ საერთო და მონაკოს დედოფლის, გრეის კელისადმი მიძღვნილი დარბაზის ბილეთები შევიძინეთ. სულ 11 აზერბაიჯანული მანათი გადავიხადეთ, დაახლოებით 10 აშშ დოლარი.

ეს ფოტოები, რაც აქ გამოვფინე, გარედან გადავიღე. დიდი იმედი მქონდა რომ ინტერიერსაც აღვბეჭდავდი, მაგრამ კიდევ ერთხელ მომიხადეს ბოდიში და ფოტოაპარატი სეიფში დამატოვებინეს, ფოტოები მხოლოდ მობილურითო. ამიტომაც, გრეის კელის დარბაზიდან დაბალი ხარისხის ფოტოებს გთავაზობთ, თუმცა კი სიტყვაზე უნდა მენდოთ, რომ იქაურობა საოცრად ლამაზი იყო! სხვანაირად აბა, როგორ? გრეის კელის პირადი ნივთები, კაბები, სამკაულები და ავტომობილები იყო გამოფენილი უამრავ ალბომთან, წიგნთან და ჟურნალთან ერთად.

გრეის კელის გამოფენა მონაკოს სათავადოს საკუთრებაა და დროდადრო მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს სტუმრობს. მაგალითად ბაქომდე ნიდერლანდებში იყო გამოფენილი, ჰეიდარ ალიევის ცენტრს კი თამაშების გახსნამდე ერთი კვირით ადრე ესტუმრა და როგორც შევიტყვე, აზერბაიჯანის დედაქალაქში 1 ნოემბრამდე დარჩება.

საუკეთესო სურვილებით 😉

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ბაქო, აზერბაიჯანი; 2015 წლის 10 ივლისი

ka_GEGeorgian