გრემი როგორც მოტივატორი

Wings for Life რაც დაიწყო, ჯერ გარბენი არ გამომიტოვებია.

სტაიერობაზე თავს ვერ დავდებ, დავრბივარ ჩემთვის და სიამოვნებას ვიღებ – ვცდილობ წლიდან წლამდე გავაუმჯობესო პირადი შედეგი.

და რა შუაშია გრემი?

იმ შუაშია, რომ ეს მშვენიერი ეკლესია Wings for Life-ის სტარტიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრშია და მას რომ მივუახლოვდები, ზუსტად ვიცი: მალე ქეჩერქარი წამომეწევა და ჩემი გარბენიც დასრულდება. არმისული 10-კილომეტრიან ნიშნულთან.

მაგრამ გრემის დანახვაზე ვირტუალურ ფინიშზე სულაც არ ვფიქრობ, პირიქით, ამ კომპლექსის ხილვა თითქოს დამატებით ძალებს მანიჭებს! და მეც უკანასკნელ ძალ-ღონეს ვიკრებ და ვცდილობ იქაურობას წელგამართულმა ჩავუარო…

2015 წლის შემოდგომით მე და ჩემმა მეუღლემ შვებულება მოვიწყვეთ, ამჯერად კახეთში – ერთი კვირით დავემშვიდობეთ ოჯახს და „კახეთის ზღვად“ წოდებულ ყვარლის ტბაზე მშვენივრად დავისვენეთ.

ეს ფოტოებიც მაშინდელი „ვიზიტიდანაა“ – ყვარლის ტბის მიმდებარედ რაც არ გვენახა, თითქმის ყველაფერი მოვიარეთ და დავათვალიერეთ.

გრემი დიდებული იყო! გამიხარდა რომ იქაურობისთვის ხელი შეევლოთ – მუზეუმი გაუკეთებიათ, კიდევ რაღაც-რაღაცები… წარსულს გაფრთხილება სჭირდება და ამ ამბავში ჩვენ, ქართველები, მე თუ მკითხავთ, მაგრად მოვიკოჭლებთ. არა, სადღეგრძელოები ნაღდად არ გვეშლება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, იქ აშკარად უკეთესის სურვილს ვტოვებთ.

მაგრამ ეგეთ ამბებს ახლა აღარ განვავრცობ. მხოლოდ იმიტომ, რომ მაშინ, გრემში, უბრალოდ ძალიან ვისიამოვნე. კახეთი ხომ სასწაულია და შემოდგომის კახეთი – საერთოდ! გრემიდან ეს საუკეთესოდ ჩანდა და იგრძნობოდა.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2015 წლის 26 ნოემბერი

ka_GEGeorgian