გურამ ბიგანიშვილმა სპორტის მუზეუმს პრიზი უსახსოვრა

ქართული აფროსნობის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა გურამ ბიგანიშვილმა, რომელიც 19 მაისს 65 წლის გახდა, დღეს ქართული სპორტის მუზეუმს 1984 წელს მოგებული ევროპის ჩემპიონის თასი გადასცა.

„მიხარია, რომ სპორტის ამ სახეობის ჯილდო პირველად გადასცეს ჩვენ მუზეუმს. ბატონი გურამი გამორჩეულია ქართული აფროსნობის ისტორიაში, აქედან გამომდინარე მისი ჯილდო ჩვენი მუზეუმის ერთ-ერთი საინტერესო ექსპონატი იქნება“, – ნანა მიქაძე, ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორი.

„წლების წინ ჩემი მედლები ერთ-ერთ მუზეუმს გადავეცი, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, დაიკარგა. ვიცი, რომ ამ ჯილდოს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს კარიერაში, ქართული სპორტის მუზეუმში მოუფრთხილდებიან. იმედი მაქვს, ეს პრიზი მნახველებსაც დააინტერესებს“, – განაცხადა ბატონმა გურამმა. ის ქართული სპორტის მუზეუმს მეწყვილე ვლადიმერ გრუზდევთან ერთად ესტუმრა.

პირველი და ერთადერთი ქართველი აფროსანი, რომელიც ევროპის ჩემპიონი 1984 წელს გახდა (ვარსკვლავის კლასი), 2-2-ჯერ კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და თასი მოიგო, 2 ოლიმპიადის მონაწილეა: 1992 წელს, ბარსელონაში მან XIII ადგილი დაიკავა, 1996 წელს, ატლანტაში კი XVI იყო.

 

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 20 ივნისი)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian